Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევაზ აფხაზავა − განათლების მკვლევარი


19 მარტი, კვირა

დილა იმით დაიწყო, რომ ხელოსანი მოვიდა! მოსვლისთანავე, შესაშური ენთუზიაზმითა და კვირა დილისთვის სრულიად შეუფერებელი ენერგიულობით შეუდგა ბავშვების ოთახის შელამაზებას. ადამიანი თავის საქმეს კარგად რომ აკეთებს, ვინც უნდა იყოს და რასაც უნდა აკეთებდეს, საინტერესო სანახავია. თუმცა, იმ მომენტში გამოძინების ინტერესიც საკმაოდ მძლავრად, მაგრამ უკვე ამაოდ ღვიოდა ჩემში.

მიუხედავად შედარებით უსიამოვნო გაღვიძებისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ამბებს ველი: პირველია ის, რომ დღეს დუბაიში გამოცხადდება მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2017 წლის მფლობელი, რომელსაც მილიონ დოლარს გადასცემენ, და მეორე − მომავალი წლიდან ამ ჯილდოსთვის ბრძოლის უფლებას ქართველი მასწავლებლებიც მოიპოვებენ. წელს ამ ღონისძიებას ესწრება ირინა ხანთაძე, ჩვენი კოალიციის − „განათლება ყველასათვის-საქართველო“ − გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ფეისბუკის საშუალებით, ორი დღის განმავლობაში იქიდან ისეთ რეპორტაჟებს აკეთებს, რომ „ლაიკების“ და ცხოველი ინტერესის კორიანტელი აქვს დაყენებული!

შევყევი ამ პრიზის ამბებს და წარმოვიდგინე, რამდენი ქართველი მასწავლებელი შეიძლება იყოს ამის ღირსი. თუმცა, იქვე წარმოვიდგინე, რამდენია ისეთი, ვინც, უბრალოდ, მასწავლებლად მუშაობს და არაფერი აქვს საერთო ამ საქმესთან. ვერ დავდექი კარგ გუნებაზე! მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და განათლებაში მათი გამოყენების მასშტაბის ზრდისა, მასწავლებლის როლი მაინც განსაკუთრებულია, ჩვენს შემთხვევაში კი − უკიდურესად მნიშვნელოვანი. არადა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ამ მხრივ საქმე კარგად ვერ გვაქვს: ზოგს მოტივაცია აკლია, ზოგს აღარ შეუძლია, ზოგს არც არასოდეს შეეძლო, ახლები ვერ მოდიან, რადგან ძველები არ მიდიან, ძველები არ მიდიან, რადგან, რომ წავიდნენ, მერე რა ჰქნან? და ასე, უამრავი რამ... მაგრამ საბედნიეროდ, ასევე გვყავს ენერგიული, შემოქმედებითი, მოტივირებული, სიახლეზე ორიენტირებული, პროფესიისა და ბავშვის დამფასებელი მასწავლებლებიც. და აი, სწორედ ასეთი მასწავლებლები უნდა დავანახვოთ ყველას − ჩვენს ქვეყანასაც და მსოფლიოსაც.

ვაგრძელებ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს საიტის თვალიერებას და ვრწმუნდები, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამ პროფესიის პრესტიჟის გაზრდისთვის. ჯერ მარტო, რა ხალხია ჩართული! რომის პაპი, პრინცი ჰარი, დუბაის შეიხი, ბეარ გრილზი, კევინ სპეისი, სელმა ჰაიეკი, მეთიუ მაკკონაჰი და ა.შ. აღარაფერს ვამბობ მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრებზე, უხვად არიან. რა იქნება, 2018 წელს ერთი ქართველი მასწავლებელი ათ ფინალისტს შორის მაინც მოხვდეს, ან, სულაც, გაიმარჯვოს და ამ ხალხის წინაშე თავანკარა ინგლისურით წარმოთქმულ მგზნებარე სიტყვაში დაიღვაროს. ამ ფიქრში ვარ და გამარჯვებულიც გამოცხადდა: კანადელი მეგი მაკდონელი. ჩვენი ირინას ოპერატიულობის წყალობით ისიც შევიტყვე, რომ თავის სამადლობელ სიტყვაში ზუსტად ისეთი მგზნებარე აღმოჩენილა, როგორზეც წეღან ვოცნებობდი. რაც მთავარია, ირინა სხვა, ახალი კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენელებთან ერთად, სცენაზე აიპატიჟეს და საჯაროდ ამცნეს სამყაროს ამ საპატიო კონკურსში საქართველოს ჩართვა. მეტისმეტად კარგი დღეა, ვერაფერს იტყვი.

ამასობაში, ჩემი ხელოსანი ისეთ ინდუსტრიულ გრუხუნს უშვებს ბავშვების ოთახიდან, რომ, მგონი, გლობალური თუ არა, ლოკალური პრიზი მასაც ეკუთვნის!

თავისუფლების დღიურები - რევაზ აფხაზავა
please wait

No media source currently available

0:00 0:16:25 0:00

20 მარტი, ორშაბათი

ჩვენს ხელოსანზე საათის გასწორება შეიძლება! დიდი ყურადღებით და გულმოდგინედ ვიწყებ მასზე დაკვირვებას. ღრმად გამჯდარი სტერეოტიპები მიბიძგებს, რომ ის რაინის ნაპირებთან აღზრდილ-დაოსტატებულად მივიჩნიო. თუმცა, ყველა დანარჩენ ობიექტურ ინდიკატორს დასავლეთ საქართველოსკენ, კერძოდ კი ზემო იმერეთისკენ მივყავარ. მოკლედ, კარგი კაცია და ამ საქმეზე არ ვნერვიულობ, მაგრამ ვნერვიულობ საკუთარ შეგრძნებაზე, რომ ავად ვხდები და სიცხე მიწევს.

დღეს ბევრი საქმე მაქვს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვარ საგრანტო საბჭოს წევრი და ამ საბჭოზე განსახილველად შემოსული სამოცზე მეტი პროექტიდან საკმაო რაოდენობის პროექტები მაქვს დარჩენილი წასაკითხი და შესაფასებელი. საღამოს კი ამავე საბჭოზე ვარ მისასვლელი. ამ პროცესში ჩართვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში სტუდენტების მონაწილეობით განვითარებულმა მოვლენებმა იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ აუცილებელია სტუდენტების საუნივერსიტეტო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა და ფინანსურ-მატერიალურ რესურსებთან წვდომა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ვისაც გადაწყვეტილებებში მონაწილეობა უნდოდა, ა, ბატონო, სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები, ხოლო ვისაც დაფინანსება − იმათ თანასწორი და გამჭვირვალე კონკურსი − ყველა სტუდენტისათვის. ამ საგრანტო საბჭოს შექმნა ზუსტად ეხმიანებოდა ჩემს ამ მოსაზრებას და ამიტომაც დავთანხმდი მასში მონაწილეობას, თუმცა დამატებითი გარჯის სურვილით სულაც არ ვიწვოდი. დავჯექი და ე.წ. „ციკლოვკის“ აპარატის დუდუნის ფონზე განვაგრძე საგრანტო პროექტების კითხვა. რომ ვთქვა, აღვფრთოვანდი-მეთქი, არ ვიქნები ბოლომდე გულწრფელი, რადგან ასეთიც შემხვდა და ისეთიც, შედარებით კარგიც და ნაკლებად მნიშვნელოვანიც. საბოლოო ჯამში, განცდა მაქვს, რომ კარგი საქმე გამოვა: კონკურსის მოთხოვნებიც მეტად დაზუსტდება, ორიენტირებიც უფრო დაკონკრეტდება, პროექტების ხარისხიც გაიზრდება და სოფელიც აშენდება. მოთმინებაა საჭირო, გამოცდილებაზე და შეცდომებზე სწავლა!

რამდენიმე საათში ჩემმა სხეულმა არ გაიზიარა ჩემი გონების ოპტიმისტური განწყობა და თვალებისა და სახსრების ტკივილით კატეგორიული პროტესტი განმიცხადა მუშაობის გაგრძელებაზე. მივხვდი, რომ ვირუსი საბოლოოდ აბობოქრდა და საბჭოს სხდომამდე რაღაც მანქანებით რომც მიმეღწია, უთუოდ იქვე აღვესრულებოდი! გადავწყვიტე, ეს კარგი წამოწყება ჩემი უდროოდ გარდაცვალებით არ დამემძიმებინა, სამდივნოს შევატყობინე ჩემი მიუსვლელობის ამბავი და აქტიურ მკურნალობას მივყავი ხელი!

ხელოსნის მოქმედებით და ჩემი სტერეოტიპებით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება, რომ გერმანელ ხელოსნებს ვირუსის არ ეშინიათ, იმერლებს კი − მით უმეტეს: სასაცილოდ არ ჰყოფნით!

21 მარტი, სამშაბათი

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა!

იმედია, მოვა დრო, როდესაც ადამიანებისთვის იმდენად ბუნებრივი იქნება თანასწორობა და ერთმანეთის მიმართ სწორი დამოკიდებულება, რომ ასეთი სპეციალური დღეები აქტუალობას დაკარგავს. დღეს ყველა ასეთი დღე აქტუალურია, ხოლო ჩვენი საზოგადოების გამოფხიზლებისა და განვითარებისთვის − კრიტიკულად აუცილებელი!

ასეთ დღეებში მახსენდება 2005 წელს, ჩვენი ორგანიზაციის − „განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის“ − ინიციატივით, როგორ დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების ხელშეწყობისთვის. ძალიან მინდოდა, ჩვენი საქმიანობა მეტად კოორდინირებული ყოფილიყო, ძალისხმევა კი − კონსოლიდირებული. კოალიცია საკმაოდ ეკლექტური აღმოჩნდა და რიგი მიზეზების გამო დიდხანს არ უარსებია. სამაგიეროდ, იმაზე კი მოახდინა გარკვეული გავლენა, რომ 2006 წლიდან, ნორვეგიის მთავრობის დახმარებით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში დაიწყო ინკლუზიური განათლების პროექტის განხორციელება. ამ პროექტში ერთ-ერთი მენეჯერი მეც ვიყავი − უფრო ჩემი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვიდრე ცენტრის სრულფასოვანი თანამშრომელი, მაგრამ ძალიან მომწონდა, რასაც ვაკეთებდით. ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ და სად ვართ ახლა? ალბათ, გაცილებით წინ, ვიდრე ვიყავით: ინკლუზიურ განათლებაზე უკვე მუშაობენ ისინი, ვინც შესაბამისი განათლება საზღვარგარეთ მიიღო. ცალკე სამმართველოც კი არის სამინისტროში ამ მიმართულებით; სკოლის შენობების ნაწილი ადაპტირებულია, მაგრამ ნაწილობრივ და მხოლოდ რამდენიმეა სრულად; მასწავლებელთა ნაწილმაც გაიგო, რა არის ინკლუზია, მაგრამ ნაწილობრივ და მხოლოდ რამდენიმემ − სრულად. მოკლედ, მაინც ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ აღიარონ ყველა ბავშვის განსაკუთრებულობა, განსხვავებულობა, მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებები და შესაბამისი, ხელმისაწვდომი, თანასწორობაზე დამყარებული გარემო შეუქმნას მათ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უკლებლივ ყველა ბავშვს ვგულისხმობ!

დღეს შედარებით უკეთ ვარ. ეტყობა, წამლებმა თავისი ქნეს! მამაჩემთან წასასვლელად ვემზადები, ვურეკავ და ვარკვევ, რა უნდა მივუტანო. მამაჩემი 66 წლისაა. უკვე მეოთხე წელია, დიაბეტის გამო ფეხები აქვს ამპუტირებული და ეტლით სარგებლობს. ახლა ვამჩნევ, რომ უცნაურად გადაიკვეთა დღევანდელი თემები. მოკლედ, მამაჩემი მარტო ცხოვრობს და ძირითადად დამოუკიდებლად, სხვის დაუხმარებლად ახერხებს ყველაფერს. მე კვირაში რამდენჯერმე მივდივარ, პროდუქტები მიმაქვს და, თუ სჭირდება, წვრილმან საკითხებს ვუგვარებ. ხან ჩემი ცოლი, თამრიკო მიდის, ხან ჩემი მეგობრები, ხანაც − მამაჩემის და. მოკლედ, არის ასე, ნახევრად ასკეტურად. დღეს გაირკვა, რომ ეტლს პრობლემა აქვს, რაც მას გადაადგილებაში ხელს არ უშლის, მაგრამ, საჭიროებისამებრ, გარეთ გაყვანას შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, ლიფტამდე ასასვლელი თორმეტი საფეხური ჩემთვის და მამაჩემისთვის დაუძლეველი სიმაღლისა და მიუღწეველი მიზნის კატეგორიაში გადადის. ტელეფონით შევიტყვეთ, რომ გარკვეული თანადაფინანსება ყოფილა ახალ ეტლებზე შშმ პირის სტატუსის ადამიანებისთვის, თუმცა იქვე გავარკვიეთ, რომ მამა ასეთად არ ითვლება, რადგან ამის დამადასტურებელი საბუთი დავკარგეთ სახლის ადაპტირებისთვის საჭირო რემონტის დროს და ახალი საბუთისთვის საექსპერტო კომისიაზე უნდა მივიყვანოთ. ვცადე ამეხსნა, რომ მისაყვანად და, ზოგადად, გარეთ გასაყვანად მინდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მივხვდი, რომ მოჯადოებულ წრეში ვარ და დაუყოვნებლივ დავასრულე საუბარი. ამ დღეებში მე კი მოვაგვარებ კომპეტენტურ ხალხთან ეტლის საკითხს, მაგრამ, შინ მიმავალი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რა ბიუროკრატიული მონსტრის დამარცხება სჭირდება მარტოხელა ადამიანს ელემენტარული ამოცანების გადასაჭრელად. ვერც ახლა დავდექი კარგ გუნებაზე!

სახლში დაბრუნებისას, პირდაპირი გაგებით ვიყნოსე, რომ ჩვენს, ზემორე არაერთგზის ქებულ ხელოსანს ლაქი წაესვა იატაკზე. სახეზე უცნაური კმაყოფილება ეტყობოდა. ასე, ინტოქსიკაციასთან ჭიდილში და ოთახების განიავებაში, მიიწურა ეს საღამოც!

22 მარტი, ოთხშაბათი

დილიდან ისევ ვერ ვარ კარგად. გუშინ ვიხუმრე, ლაქთან დაკავშირებით, მაქსიმალურად უსაფრთხოა, წყლის ბაზისზე დამზადებული. როგორც ჩანს, ისევ ის გრიპის ვირუსი ცდილობს წამლების წინაშე თავისი უპირატესობის დამტკიცებას. თანაც, ფეისბუკის ზედაპირული მიმოხილვითაც ნათლად ჩანს, რომ ქალაქში ხუთ-ექვსდღიანი გრიპია გაბატონებული. ხელოსანი არ ჩანს, მაგრამ, სამაგიეროდ, ჯართის მიმღები მანქანა ისტერიულად დაქრის ჩვენი სახლის გარშემო, ალყაში გვაქცევს და დაბეჯითებით მოგვიწოდებს რადიატორების ჩაბარებისკენ.

ბავშვები − ირინა და ზუკა − სკოლაში წავიდნენ, ალექსანდრე კი თამრიკოს მიჰყავს ბაღში. თამრიკო უძრავი ქონების აგენტია, ანუ რეალტორი. ჩვენთან ამას მაკლერს ეძახიან. „მაკლერზე“ მე უფრო მშრალ ხიდთან მდგარი, გულზე განცხადებებჩამოკიდებული ხალხი მახსენდება, მაგრამ აქ სხვანაირადაა საქმე: თამრიკო ერთ დიდ ფირმაში მუშაობს, ძირითადად რაღაც შეხვედრებზე დაქრის მანქანით და ზემაღალი სიხშირით ლაპარაკობს ტელეფონით. ადრე გერმანულის მასწავლებელი იყო. რამდენიმე კარგ სკოლაში მუშაობდა და კერძო მოსწავლეებიც ჰყავდა, მაგრამ ბოლოს აღარ მოსწონდა და თავი დაანება. ადამიანს რაც მოსწონს, ის უნდა აკეთოს, მაგრამ მე მაინც სულ იმას ვფიქრობ, ამდენივე ენერგია, რასაც ახლა ხარჯავს, თამრიკოს მასწავლებლობაზე რომ დაეხარჯა, მარია მონტესორი და მისთანანი მასთან შედარებით არავინ იქნებოდნენ. ეს ისე, ხუმრობით. მაგრამ რამდენი ენერგიული ადამიანი ეყოლება ჩვენს სკოლებს ასე დაკარგული?! არადა, სად გვყავს დასაკარგი ხალხი? თუ უკეთესობა გვინდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ყოჩაღი ახალგაზრდები სკოლებში შევიტყუოთ, შევაყვაროთ, ამ გარემოთი მოვწამლოთ (კარგი გაგებით) და მერე, როცა უკვე სკოლა მათთვის მეორე სახლად იქცევა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვთხოვოთ წინსვლა. მეც ასე გამიკეთეს თავის დროზე და კიდეც ვიმუშავე სკოლაში ცხრა წელიწადს.

ისე გამოვიდა, რომ დღევანდელი დღე, ძირითადად, გრიპის ვირუსთან ურთიერთობაში გავატარე. სხვა − არაფერი საინტერესო...

23 მარტი, ხუთშაბათი

შეიძლება მართლა გადაირიო ადამიანი: დღესაც მოვიდა ჯართის მანქანა! დავიჯერო, ხილიანის ქუჩაზე ამ ერთ ღამეში ისე მომწიფდნენ ახალი რადიატორები, რომ უკვე მზად არიან დასაკრეფად? იქნებ სხვა მანქანაა იგივე მიზნით? არადა, რეჩიტატივის შესრულების მანერა და ჟღერადობა იგივეა!

უკეთ ვარ, მაგრამ დღესაც დისტანციურად, სახლიდან მომიწევს მუშაობა. ვეხმიანები ბექას და გიორგის. ირინა, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ცერემონიის მერე, დუბაიდან, თბილისის გავლით, პირდაპირ ბათუმში გაქროლებულა საქმეზე, ამიტომ ისიც დისტანციურად იბრძვის ჩვენს ფრონტზე. კოალიციაში ბევრი საკითხია დასაგეგმი: უახლოეს მომავალში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის წარმომადგენლებს უნდა შევხვდეთ. რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ კვლევა „საზმაუზე“ განათლების საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით და ამავე ჭრილში მოვამზადეთ BBC-ისა და ARD-ს მიმოხილვა. გვინდა, ეს დოკუმენტები მათ გავაცნოთ და ვესაუბროთ არხის სამომავლო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, ისევ განათლების მიმართულებით. სულ ფერად-ფერადი შურით აღივსები ადამიანი, რომ ნახავ, სხვა ქვეყნები როგორ ეკიდებიან განათლების თემას. მათთან შედარებით, ჩვენ ახლა დავიწყეთ ორ ფეხზე სიარული. არადა, რომ მოუსმინო, ყველა იმას გაიძახის, გაუნათლებლობაა ჩვენი პრობლემაო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენი მოქალაქეების პრიორიტეტებში განათლება ხან მე-13 და ხან მე-17 აღმოჩნდება ხოლმე. ამ მდგომარეობის გამოსწორებას საკმაოდ გრძელვადიანი და თანმიმდევრული მიდგომა სჭირდება, ამ დროს კი ჩვენი პოლიტიკოსების ყველაზე შორს მიმავალი გეგმები მაქსიმუმ ოთხ წელზეა გათვლილი და, თუ რატომაც, ყველასთვის ცნობილია.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა, რომელსაც დღეს განვიხილავთ, არის განათლების ეროვნული ფორუმის დაფუძნება და პირველი ფორუმის ჩატარება. ამაზე უკვე დიდი ხანია, დავიწყეთ ფიქრი და მუშაობა. არ არის მარტივი ამოცანა პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთ სივრცეში შეკრიბო. შეკრებას კიდევ მოევლება, მაგრამ მერე ისაა საქმე, ეს შეკრებილი ხალხი განათლების პრობლემებზე და განვითარების მომავალ მიზნებზე ასაუბრო და, მეტიც, გარკვეულ საერთო პოზიციებზე და მოქმედებებზე შეათანხმო. ნამდვილად ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი. ამიტომაც დღესაც ბევრი ვგეგმეთ, ვგეგმეთ და დავგეგმეთ, რომ უკვე საკვანძო მოთამაშეებთან შეხვედრების ფაზაზე გადავალთ. კოალიციაც ნელ-ნელა იკრებს ძალებს, იზრდება და მჯერა, რომ ერთად ბევრს შევძლებთ. ჩვენს სახელმწიფო გერბსაც ხომ, ფაქტობრივად, ეს აწერია. კიდევ რამდენიმე საკითხი გავიარეთ და სამუშაო გავინაწილეთ. ამ დროს ალექსანდრე მოვიდა ბაღიდან და ისეა შემართული თამაშზე, ლამის, დოპინგ-კონტროლში გავატარო! ვეთამაშე რაგბი და კალათბურთი, ეს ორივე თამაში ჩემი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ალექსანდრესთან მაქვს ნათამაშები. ხოლო, რაც შეეხება ფეხბურთს, ის ალექსანდრესთანაც არ მითამაშია. ალბათ, სადღაც ჩემშიც იმალება სპორტული ადამიანი, მაგრამ იმდენად ღრმად და იმდენად საგულდაგულოდაა შენიღბული, რომ, სავარაუდოდ, ვერც ვერასდროს ვიპოვი.

24 მარტი, პარასკევი

დღეს, ჩემივე ხელით დაყენებულმა მაღვიძარამ გამაღვიძა. გლდანში მივდივარ, მასწავლებლის სახლში, იმავე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრში, დირექტორთან, გიორგი მაჩაბელთან შესახვედრად. მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სერვისების დეცენტრალიზაციის საკითხი უნდა განვიხილოთ და მერე სამინისტროში წავიდეთ ამავე თემაზე საუბრის გასაგრძელებლად.

კოალიციაში საგნობრივი ასოციაციების განვითარების თემის წამოწევა 2015 წელს დავიწყეთ. მასწავლებლის სახლიდან გიორგი და მანანა რატიანი თავიდანვე ჩვენი მოკავშირეები გახდნენ, რადგან მათაც ჰქონდათ ნაფიქრი ამ მიმართულებით. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მოგვიანებით სანდრო ჯეჯელავას მხარდაჭერაც მოვიპოვეთ, იურიდიულ ლაბირინთებშიც გავაღწიეთ და წელს პირველად, მასწავლებლის სახლმა გასცა გრანტები მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციებისათვის. ახლა უფრო მსხვილი საკითხის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების − დეცენტრალიზაციის დრო დადგა. ეს გზაც არ არის ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ჯერჯერობით წინ მივდივართ და დიდი იმედი მაქვს, რომ აქაც ბოლომდე გავალთ.

საერთოდ, ვფიქრობ, რომ განათლების ხარისხი სახელმწიფო სტრუქტურების გარეთ მყოფმა მოთამაშეებმა უნდა გააძლიერონ. ამისთვის კი, ასეთი მოთამაშეების სიუხვე და მათი მყარად ფეხზე დგომაა საჭირო, ამავდროულად, სახელმწიფო მათთვის ხელსაყრელ გარემოს უნდა ქმნიდეს, ან, სულ ცოტა, ხელს მაინც არ უნდა უშლიდეს.

სამინისტროში შეხვედრამ კარგად ჩაიარა. დაგვპირდნენ და დაგვაიმედეს, რომ დაგვეხმარებიან ამ სისტემის მოქნილად ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი იურიდიული გარემოს შექმნაში.

კარგ გუნებაზე დავდექი, თუმცა ასე ყოფნა დიდხანს არ გამიგრძელდა. თამრიკომ დამირეკა და მითხრა, ალექსანდრე სიცხიანი წამოვიყვანე ბაღიდანო. მგონი, გრიპი გადავდე. ხანდახან ხომ ასეც ხდება ხოლმე: ცდილობ, შვილს საუკეთესო მისცე, მაგრამ სრულიად საპირისპიროგამოდის.

25 მარტი, შაბათი

დღეს, როგორც იქნა, ყველანაირი გარე ინტერვენციების გარეშე გამეღვიძა. ღამე რომ გვიან იძინებენ და დილით, თუ საშუალება აქვთ, გვიან იღვიძებენ, იმ ადამიანების რიგში ვარ მეც და დღეს ეს „რიტუალი“ ყველა კანონიკური წესის დაცვით შევასრულე. რაც მთავარია, ალექსანდრე თავს კარგად გრძნობს! დღეს ყველას მეტი დრო გვექნება ერთმანეთისთვის. საღამოს დეიდაჩემი მოვა ჩვენთან. ლუი (ასე ვეძახი დეიდაჩემს, ისე, ლუიზა ჰქვია) ალექსანდრეს დაიტოვებს და მე და თამრიკო სასწრაფოდ მეგობრებთან გავიქცევით. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში არაფერი მითქვამს მათზე, ჩვენ მეგობრებიც გვყავს და თანაც უხვად!

ალექსანდრეზე არ ვინერვიულებ: ის და ლუი საუკეთესო მეგობრები არიან. ბავშვობაში დეიდაჩემი ჩემი პირადი განათლების მინისტრი იყო, ახლა კი ალექსანდრეს განათლების მინისტრია. ასეა, თუ გვინდა მომავალი გვქონდეს, მეტი უნდა ვიფიქროთ განათლებაზე!

დაბოლოს, თუ ვინმე ამას კითხულობს ან ისმენს, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრებთან მისვლამდე რადიოში შერბენა, ამის ჩაწერა და კარგი ხალხის ნახვაც მოვასწარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG