Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა შველიძე − კონფლიქტოლოგი


20 აგვისტო, კვირა

კვირა დღე, საერთოდ, ასოცირდება უქმეების დასასრულთან და ახალი სამუშაო კვირის მოახლოების განწყობასთან, მაგრამ ჩემთვის ეს კვირა დღე გაცილებით უფრო უარეს განწყობას იწვევს: შვებულება დამთავრდა და ამაზე უარესი... აღარ შეიძლება. დაიწყება სიცხე, ლეპტოპი, დილით ადრე ადგომა, ისევ ლეპტოპი, მეილები, პასუხები, ისევ მეილები, ისევ პასუხები, სატელეფონო ზარები და ათასი უბედურება... შეიძლება უბედურობაც. მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. საქმე ისიცაა, რომ წინა სამი დღე მეგობრებთან ერთად მოხისში, ერთ-ერთი მეგობრის აგარაკზე გავატარე (მანგლისამდე არმისული), სადაც ძალიან გრილოდა და კარგადაც დავისვენე. ნაბახუსევიც მაწუხებდა ცოტათი, თუმცა, ამჯერად არ მინანია, რადგან ნამეტანი კარგი დრო ვატარე და ეს მოგონებებიც თან მომყვება. შუადღისას ტელეფონით გადაღებულ ვიდეოებსაც ჩავხედე და გამომისწორდა გუნება. ერთი კარგი ვიდეოს გადაღება ათ ფოტოს უდრის!

პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ არც არაფერი მიკეთებია მთელი დღე, გარდა მუსიკის მოსმენისა. ნუ, მაქსიმუმ, რაღაცები გავრეცხე და ეგ იყო. საღამოს ჩამეძინა ამ უსაქმურობაში. საერთოდ, ძილი მიყვარს და მგონია, რომ ძილი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ღმერთს მიუცია ადამიანისთვის და ალბათ უნდა დატკბეს კიდეც კაცი მისით. თუმცა, სიცხემ მალევე გამომაღვიძა.

დღემდე მომყვება წინა ერთი კვირის შთამბეჭდავი მოგონებები, კვირისა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ერთი კვირით ვიყავით მე და ჩემი მეგობრები ბუდაპეშტში. უფრო პეშტში, ვიდრე ბუდაში. დუნაის მარჯვენა სანაპიროზე არც გადავსულვართ. უკვე რამდენიმე წელია, მეგობრებს ტრადიციად გვექცა ზაფხულში ერთკვირიანი დასვენება/გართობა ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ერთიდან მეორე ქვეყანაში გადასვლა და ასე შემდეგ. თუმცა, უმიზეზოდ არ დავდივართ. როკ-კონცერტებია მთავარი დანიშნულების ღონისძიება. ალბათ, იმიტომ გავერთე ასე კარგად, მთელი წელი რაც ვიშრომე, ვინერვიულე, გავაკეთე და გავაფუჭე, ყველაფრისგან გაქცევა გამომივიდა. თითქოს დაგროვილი ნეგატიური ენერგია გამოვუშვი გონებიდან. შევამჩნიე, რომ როკ-კონცერტზე ადამიანს თავისებური განტვირთვა მოსდის, მით უფრო, თუ კარგი ბენდების კონცერტზე ხარ. ჯაზი არანაკლებ მიყვარს თუმცა, ასე „გართობა“ მხოლოდ როკერობით შეიძლება. ბუდაპეშტში „სიგეტის“ ფესტივალზე ვიყავით, სადაც ბევრი კარგი ცოცხალი შემსრულებელი გამოდის ხოლმე ყოველ წელს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი დღის ბილეთი გვქონდა, ალბათ ფესტივალის საუკეთესო დღე ავირჩიეთ: Mando Diao, PJ Harvey და Kasabian. მუსიკა ძალიან მიყვარს და მას ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბავშვობაში რომ მასმენინებდა მამაჩემი როკ-ჯგუფებს, ერთ-ერთ მათგანზე თუ ოდესმე წავიდოდი, ნამდვილად არ მეგონა. შარშან არც კი მჯეროდა, რომ „ბლეკ საბათის“ კონცერტზე ვიყავი და ოზი წყალს გვასხამდა „ვედროთი“.

ბევრს ვწერ ბუდაპეშტზე, მაგრამ მთელი დღეა, ეს მოგონებები მიტრიალებს თავში. თითქოს დავუახლოვდით ევროპას და ევროპულ სახელმწიფოობას ვაპირებთ, მაგრამ რატომ არ შეიძლება, ჩვენთანაც ასეთი გემოვნებიანი კონცერტი გაკეთდეს? უბრალოდ, კონტრასტი გამახსენდა დღის განმავლობაში რამდეჯერმე, შარშან რომ ანაკლიაში ვიყავი და უსულო, გაუბედურებულ მუსიკას ვუსმენდი და მეორე დღესვე რომ გამოვიქეცი თბილისში. არა, ელექტრონული მუსიკა მიყვარს, მაგრამ ვინც შარშან გამოდიოდა და, საერთოდ, რა სიტუაციაც იქ ტრიალებდა, ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის, მით უმეტეს, როცა „სიგეტს“ შევადარე. მუსიკა ადამიანს ფხიზელსაც უნდა მოეწონოს, თორემ რაღაც „აბებს“ რომ გადაყლაპავს, მერე... ისე, ამ საუკუნისთვის და 2000-იანი წლებისთვის დამახასიათებელია ხელოვნებაში, აზროვნებაში და შექმნაში დაღმასვლა. სიტყვა „კრეატიული“ კი ავითვისეთ, მაგრამ მისი არსი უფრო და უფრო იკარგება და მხოლოდ სარეკლამო კომპანიების მუშაობაში გამოყენებად რიგით სიტყვად იქცა.

მოკლედ, რაც კარგია, კარგია. ისე, ღამე რთულად ვიძინებ.

თავისუფლების დღიურები - შოთა შველიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:15:00 0:00

21 აგვისტო, ორშაბათი

დღეს ღამე კარგად მეძინა. ჯერ ერთი, საკმარისად და მეორეც, საქმე დამეწყო და ეს, რაღაც მხრივ, გასართობიცაა (გონების გასართობი), რომ ათას სისულელეზე არ იფიქროს კაცმა. სამსახურის ერთ-ერთი პლიუსიც ესაა. მაგრამ შვებულებიდან გამოსვლა არანაირად არ არის კარგი. თან ამ სიცხეში. დევიზი − „რაც არ მოგკლავს, გაგაძლიერებს“, არ მიყვარს. არ მჯერა ასეთი ლიბერალური გამოთქმების და კიდევ ასეთებისაც: „რაც ომით დაკარგულია, მხოლოდ ომითვე დაბრუნდების“, ან კიდევ, ძველ რომაელებს უთქვამთ: „თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის“. შე კაი კაცო, თუ მშვიდობა გინდა, მშვიდობისთვის მოემზადე, თორემ რისთვისაც ემზადები, ის დიდი შანსია, რომ მოვიდეს. ასე მოვიდა ბოლო ომი ჩვენთან. ამაზე ბევრი მიფიქრია, რადგან კონფლიქტოლოგიაში, მშვიდობის მშენებლობაში და სახალხო დიპლომატიაში ვსაქმიანობ. საქმის გარეთ ბევრი მაქვს ნაფიქრი ამაზე. არა იმიტომ, რომ პროფესიაა და მაგიტომ... უბრალოდ, დებილური ციტატები და არაფრის მომცემი იდეები მეჯავრება.

დავბრუნდი, მივიწერე, რომ დავბრუნდი კოლეგებთან. ვემზადებით ბათუმის შეხვედრისთვის, რომელიც ერთ კვირაში მოვა. ძირითადად, აფხაზებთან შეხვედრები ერევანში გვაქვს ხოლმე წელიწადში ორჯერ, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტეთ, აღარ ჩაგვეტარებინა, რადგან ჩვენს პროექტში ჩართულ აფხაზურ გუნდთან აღარაფერია ბევრი სალაპარაკო, იმდენად აღარ გვაქვს პრობლემა ერთმანეთთან. არა მხოლოდ პრობლემა აღარ გვაქვს, რეალურად, აფხაზურმა გუნდმაც და ქართულმაც იციან, რა უნდა გააკეთონ, იმეილებით და „უოტსაპით“ კონტაქტი კვირაში რამდენჯერმე სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში.

ამიტომაც, შეხვედრის ჩატარება გადავწყვიტეთ ბათუმში, სადაც ვიცოდით, რომ აფხაზებს (ეთნიკური აფხაზებს) ძალიან გაუჭირდებოდათ ჩამოსვლა. მაინც ვცადეთ. ახლოს ვიყავით, ძალიან ახლოს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ გალის ჯგუფი ჩამოვა. ისე, პროექტი ისეთი სისწრაფით მიდის, რომ არ გამოვრიცხავ, ჩვენც მოგვიწიოს სოხუმში ჩასვლა, ღია შეხვედრაზე, თავისი მოწვევებით და ამბებით, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი მზად არის ამისთვის და თითქოს ეს ყველაზე საჭიროა ამ ეტაპზე. იმისთვის, რომ ყინული გალხვეს და რაღაც ახალი ფაზა დაიწყოს პროექტში. არა მარტო პროექტში, ზოგადად, ქართულ-აფხაზურ გაუბედურებულ ურთოერთობებში.

ისე, ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. „ენჯეოშნიკობას“ ვამჩნევ თავის მინუსებს, იდეოლოგიურსაც, მაგრამ „ჯეოშნიკობას“ და ბიზნესმენობას ეგ მირჩევნია დღეს. მოკლედ, ბათუმის შეხვედრას ვგეგმავთ.

საღამოს ლევანმა დამირეკა, ლუდი დავლიოთო და წავედით ლუდის დასალევად კუს ტბის ასახვევთან. თითო კათხა შევუკვეთეთ და ხინკალიც. ბუდაპეშტიდან მოყოლებული არ მიჭამია ეს „მონღოლური“ საჭმელი. ზუსტად იმ დროს, როცა ხინკალი მოვიდა, ჩვენი კიდევ ორი მეგობარი შემოვიდა. ის კი არ მეწყინა, ხინკალი ცოტა შემხვდება-მეთქი, ახლა ვფიქრობ ამაზე... უფრო ის, რომ კონცენტრაცია დავკარგე. გონებიდან მოდის ყოველი მიწიერი სიამოვნება და გონება მიხვდა, რომ კონცენტრაცია დაიკარგა და ამაზე ანერვიულდა. მეორეც, დავლიეთ და წამოვედით. რაღაცებზე ვილაპარაკეთ, თბილისური ამბები. კანტზე არ გვილაპარაკია ჩაით ხელში.

რაღაც ვიდეოები ჩავრთე სახლში, კომედიები და ფეხბურთის ტრანსფერების მიმოხილვა. იყიდის თუ არა „ბარსელონა“ კოუტინიოს და ეგეთი ამბები.

22 აგვისტო, სამშაბათი

დილით, 11-ის ნახევარზე დავიწყეთ ერგეთ წოდებული “team meeting”-ი, ანუ პროექტის გუნდის შეხვედრა. ოღონდ სკაიპით. ბერლინი-თბილისი. ორ საათს ვგეგმავდით ბათუმის შეხვედრას. გადაწყდა, რომ ორსაათიანი სკაიპჩართვა გვექნება აფხაზურ გუნდთან, რომელიც სოხუმიდან ჩაგვერთვება და განვიხილავთ ჩვენს საქმიანობას, უორკშოპებს, შეხვედრებს, მედიასტრატეგიას და ასე შემდეგ. და კიდევ იმას, თუ როგორ შევცვალოთ არსებული სიტუაცია.

აქეთ ფრონტზე მეარაყიშვილის ამბავმა დამზაფრა, აშკარად გაბედული და კარგი მოღვაწეა. ძირითადად, აფხაზეთის მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ცხინვალთანაც მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიმუშაოთ. თუმცა, ეს ამბავი, სცდება სამსახურის ფარგლებს. მხოლოდ სამსახური არასოდეს ყოფილა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პროექტები ჩემთვის, მაგრამ ამ ამბავმა უფრო არასამსახურებრივი ელფერი შეიძინა. არადა, პირადად არ ვიცნობ თამარს. ისე, წინა თვეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი მიწვეული, მინისტრმა ერთსაათიანი ანგარიში წაიკითხა და მომეჩვენა, რომ არცთუ ისე ცუდად მუშაობენ (ანუ მანამდე მეგონა, რომ ცუდად მუშაობენ და, არასაკმარისად რომ მუშაობენ, ეგ განცდა არ გამსვლია), მაგრამ შეხვედრის განმავლობაში ერთი კითხვა მაწუხებდა: აფხაზებს ვერაფრით ვეხმარებით რეალურად, არ ვგულისხმობ სამედიცინო პროექტს, რომელიც ძალიან კარგია. ვგულისხმობ იმას, რომ ისეთ სიტუაციაში ვართ, აფხაზების მხარდამჭერი განცხადება ან ქმედება რომ გავაკეთოთ, კიდევ უფრო უარესია მათთვის. ეს არის ამომავალი წერტილი, საიდანაც უნდა ვიაზროვნოთ. ეს უნდა შევცვალოთ, თორემ ასეთი კონფლიქტები აზროვნების და მოქმედების სივრცეს სულ უფრო და უფრო ავიწროებს, ისედაც ვიწროა.

მოკლედ, ვიმუშავე და დავბრუნდი. დროზე ვიფიქრე ცოტა. დრო წარმოქმნის სივრცეს თუ პირიქით?..

ბანკებში მომიწია სიარული. პროექტის ამბები. ძალიან დამცხა. ისე არა, როგორც შვებულებაში გასვლამდე, მაგრამ ეტყობა, გადავეჩვიე და ბოლო ბანკში აღარ მივედი.

ვარდების ამბავზეც გადავრეკ-გადმოვრეკე. ამის შესახებ შაბათს...

მთელი დღეა ფრაგმენტულად ფეხბურთს ვამზადებდი. ვთამაშობთ. ცუდად ვთამაშობ, მაგრამ ვინც კარგად თამაშობს, იმათ დაგეგმვა, სტადიონის დაჯავშნა და ეგეთი „მენეჯერული“ ამბები არ იციან და ამიტომ მე ვგეგმავ ხოლმე. ფეხბურთს კვირაში ორჯერ ვთამაშობ. ძლიერები არიან, ბევრი ყოფილი ფეხბურთელი ან ისეთი, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებზე ბევრად უარესად რომ არ ითამაშებენ. ფეხბურთის დაგეგმვა მიყვარს, მაგრამ კარგი თავის ტკივილია. მით უმეტეს აგვისტოში, როცა თბილისში ცოტა ხალხია.ფიზიკურად განტვირთვა კარგია. ვერ ვიტან ტრენაჟორებს. ფეხბურთი მიყვარს, ქმედება და კომბინაციები. კიდევ ერთხელ, ცუდად ვთამაშობ მაგრამ, როგორც ბიჭები ამბობენ, შედარება არ არის შარშანწინდელ შოთასა და დღევანდელს შორის. ანუ, მარტო „მგეგმავის“ პონტში არ მათამაშებენ. იმედია!

ვითამაშეთ, ერთი მოვიგეთ და სამი წავაგეთ. ასე ცუდად არ მითამაშია ერთი წელია. ორკვირიანი პაუზა არ მქონია დიდი ხანია. ხუთ წუთში დავიღალე.

მოვედი, გადავივლე. ჩეხოვის წაკითხვა მომინდა, მაგრამ კიდევ არ გავუბედურდე-მეთქი და ისევ ლეპტოპი ჩავრთე. რაღაც არაფრისმთქმელი ვიდეოები. არაფრისმთქმელი რაღაცებით ხშირად რომ ერთობი კაცი, უკვე დასაფიქრებელია. მაგრამ ეს ხომ ჩემი ბრალი არაა, საუკუნე და დეკადაა ასეთი. არაფრისმთქმელი. ისე, რასაც გინდა, შენს თავს დააბრალებ და რასაც გინდა, სხვას და ცხოვრებას, ან საუკუნეს. ერთი აფხაზი მხატვრის ინტერვიუ გამახსენდა. ის ამბობს, რომ ადამიანმა ყოველთვის იცის, რა ელის, უბრალოდ არ უნდა, რომ თვალი გაუსწოროს თავის მომავალს, და მუდამ თავს იტყუებს.

რამდენიმე იმეილს გავეცი პასუხი და ძილს შევებრძოლე.

23 აგვისტო, ოთხშაბათი

სადღაც ერთ საათში ჩამეძინა, ასე 3 იქნებოდა. ეს ამბავი უკვე ოთხშაბათს ეკუთვნის კალენდრულად.

შუადღეს ისევ გარეთ ვიყავი, ბანკებში − პროექტის გადარიცხვები. ბილეთები ვიყიდე ბათუმის მატარებლის. რაც ძალიან მახარებს, ბოლო წლებია, არის ჩვენი მატარებელი: კომფორტული, კარგი მომსახურება, სადგურიც კარგია. კიდევ უფრო შემიყვარდა საქართველოში მოგზაურობა, თუნდაც საქმიანი მივლინებები. ბილეთები ვიყიდეთ მე და რუსიკომ ჩემთვის და ქართული ჯგუფისთვის. რუსიკოს დავემშვიდობე და გამოვიარე. მაღაზიებში შევიარე. არადა, არაფერი მჭირდება ამ ეტაპზე. ტანსაცმელი მაქვს. მაგრამ რაა ცხოვრება, თუ კიდევ ერთ ჯინსებს ან ახალ მაისურს არ გამოკარი ხელი! ხალხსაც ვაკვირდები ხოლმე სავაჭრო ცენტრებში, განსაკუთრებით „თბილისი მოლში“. „კონსუმე, კონსუმე, კონსუმე!!!“ რამდენიმე შარვალი მაქვს, ჯინსებიც სამი ცალი, მოქმედი, მაგრამ კიდევ ერთიც არ მაწყენდა. მუქი ნაცრისფერი არ მაქვს და როგორ გამოვა ეგ ამბავი. ხუთი წლის წინ ბაქოში ერთი ხანში შესული ბრიტანელი კაცის ლექცია გამახსენდა, ნახევარ საათს ჰყვებოდა, ბოლო ხუთი წელია, ყველაფერი გავყიდე, რასაც მანამდე 65 წელი ვაგროვებდიო. იდეოლოგიად ქცევია, თავისი წარსული სისულელეების გამოსწორება. იდეოლოგიაა, რომ უნდა იყიდო, რაც არ გჭირდება, მაგრამ ამის გარდა მაინცდამაინც ბევრი სიამოვნება აღარაა დარჩენილი და რეკლამებიც და საზოგადოებრივი ცხოვრებაც ამისკენ გიბიძგებს. რომ იყიდო ის, რაც არ გჭირდება. აკეთო ის, რაც არ გჭირდება.

9 საათზე ჩოგბურთის დროც დადგა. მე და ლევანი ვთამაშობთ ხოლმე. რვა წელი იქნება მინიმუმ. მაგრამ ბოლო წლებია, ძალიან იშვიათად. თვითნასწავლები ვართ და ჩოგნებიც „როლინგების“ 62 წლის გიტარასავით გვაქვს. ორი კვირის წინ ერთი ახალგაზრდა გოგონა მოხვდა ჩვენთან ერთად კორტზე, რომელიც საფრანგეთში ასწავლის თამაშს და იმან ისეთები გვასწავლა, იმის მერე დაიწყო ფედერერ-ნადალის თამაშები. მართლა ძალიან მაგარი სპორტია. ფეხბურთს რომ თამაშობ, სულ რაღაცა გაწუხებს. აბა, დაცვაში ჩამოდი, კაცი აიყვანე, თავი ასწიე, პასი გააკეთე... აქ კი მარტო ხარ და გსიამოვნებს. სასწაული სპორტია! არ ვიცი, რომელი უფრო მიყვარს: ჩოგბურთის ყურება თუ ფეხბურთის, მაგრამ თამაში ნაღდად ჩოგბურთის.

მოვედი, ცოტა ღვინო მოვწრუპე, ტელევიზორი ჩავრთე.

ისე იმ „ტრენერმა“ გოგომ ისეთები გვასწავლა, ჩოგბურთს უფრო შეეძინა გემო. შედარებით წესიერად ვიქნევ ჩოგანს.

24 აგვისტო, ხუთშაბათი

ასე მითხრეს, ეს დღიურები მაქსიმუმ ექვს გვერდში უნდა ჩაეტიოსო და დღეს ცოტას დავწერ. თორემ ვარდებზე ვეღარ მოვყვები.

11:00 − ადგომა, ნაყინი, ლეპტოპის გახსნა, მუსიკა, მუშაობა. სკაიპი ოლივერთან ბათუმის შესახებ. გარეთ ბანკები, ბუღალტერია, თან გერმანელებს ვაბარებ პროექტის ბუღალტერიას და უაზროდ მაწვალებენ. არა მგონია, ჩემზე უკეთ აკეთებდნენ ამ საქმეს.

აუ, ჩოგბურთი გაიმაზა (ან აღარ გამოდის) − ლევანს არ სცალია.

9 საათზე მოვრჩი საქმეებს და ისევ დღიურს ვწერ. ღვინო ამოვიტანე. ღვინო უფრო ხსნის გონებას, ვიდრე ლუდი.

„პინკ ფლოიდი“ ჩავრთე...

25 აგვისტო, პარასკევი

დილით მალევე შევუდექი საქმეებს. შუადღეს ისევ გარეთ მომიწია გასვლა. ისე, ძირითადად სახლიდან ვმუშაობ, ოფისში იშვიათად მივდივარ, მხოლოდ მაშინ, თუ რაიმე შეხვედრა მაქვს. შუადღის შემდეგ ვაკის პარკის მედიათეკაში მივედი. აქ მიყვარს ხოლმე მუშაობა, აივანზე. ძალიან კარგი გარემოა, სტუდენტები მეცადინეობენ, მუშაობენ, კითხულობენ... ვაკის პარკი სახლის გვერდით მაქვს და ვიყენებ ამ შესაძლებლობას.

ნინოს ვესაუბრე ხარაძეს, რადიო თავისუფლების კორესპონდენტს და ჩვენი საერთო გადაცემის, „გადაკვეთის წერტილის“, წამყვანს. ერთად ვაკეთებთ „თავისუფლებასთან“ ერთად გადაცემათა ციკლს უკვე ერთი წელია. ქართული და აფხაზური ბიოგრაფიული ინტერვიუების გამოყენებით. უკვე 47 გადაცემა გავაკეთეთ ერთი წლის მანძილზე და დასასრულს მივადექით. სულ რამდენიმე გადაცემა გვაქვს დაგეგმილი სექტემბერში და მოვრჩებით. ვფიქრობ, რაღაც ახალი გავაკეთეთ ამ სფეროში და იმედია, მომავალშიც გამოგვადგება ეს გადაცემები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე მუშაობის პროცესში. ძირითადად, სულ გეოპოლიტიკური ან ვიწრო პროექტული დისკურსებია ირგვლივ, ერთი და იგივე ნარატივებით. შევეცადეთ, ადამიანზე გაგვეკეთებინა აქცენტი. კიდევ რამდენიმე გადაცემაც და დავხურავთ ამ პროექტს. მეამაყება, რომ ამ გადაცემის ნაწილი ვიყავი.

ფეხბურთს ვთამაშობთ დღესაც. ბათუმში მივდივარ კვირას და ხუთი დღე არ ვიქნები თბილისში. თუ ძალიან დაღლილი არ მოვედი ფეხბურთიდან, შეიძლება მეგობართან წავიდე − კარგი ღვინო მაქვსო, დამპირდა.

26 აგვისტო, შაბათი

კარგიც ჰქონია და ერთი წამითაც არ მინანია, რომ ფეხბურთის შემდეგ დაღლილი მივედი. ბევრი საყვარელი მეგობარი დამხვდა. მე ღვინოს ვწრუპავდი, ისინი პალინკას − უნგრული სასმელია, ჭაჭას ჰგავს. უბრალოდ, უფრო გემრიელად ისმება და თან ჭაჭასავით მყრალი სუნიც არ ასდის. გავიხსენეთ ბევრი საინტერესო ამბავი, მოგონება, ათასი სისულელე. ჭკვიანობებიც...

გრძელი ღამე იყო. მოვედი. დავიძინე. თითქმის გათენდა...

გათენდა…

შუადღეს ნიკუშამ გამომიარა თავისი ბედოვლათი ჯიპით და მარნეულისკენ გავუყევით. მარნეულამდე არის ასეთი განთქმული სოფელი მარაბდა, სადაც ერთხელ დიდი ბრძოლა მოხდა. ჩვენი ბრძოლა ვარდების გახარებაა. რვა თვის წინ დავიწყეთ პატარა ბიზნესი. სათბური გავაკეთეთ სოფელ მარაბდაში და ვარდის ნერგები დავრგეთ. იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. დროის უქონლობა უფრო პრობლემურია, ვიდრე საქმის უცოდინრობა. ცოტა ახლოს რომ ყოფილიყო თბილისთან, წარმატების შანსი მეტი გვექნებოდა. თუმცა, არც ახლაა ყველაფერი დაკარგული.

ბოლო პერიოდია, ერთი სიამოვნება მაინც მაქვს გარანტირებული. ამოვდივარ ხოლმე მარაბდაში და ჩემ (ჩვენ) მიერ დარგულ ვარდის ბუჩქებს ვუყურებ, ვრწყავ, ვუვლი, და ეს ლეპტოპისგან და უაზრო, სტრესული თბილისისგან დასვენების, განტვირთვის საშუალებაა. დიდი შვებაა!

ან დილით ადრე ავდივართ, ან საღამოს, თორემ სათბურში ისეთი სიცხეა, ვერც კი შეხვალ. იქაური ბიჭი გვყავს აყვანილი და ის რწყავს ხოლმე. დღეს ჩვენით მოვრწყით და წამოვედით. ახლა რადიოში მივდივარ ამ დღიურების წასაკითხად.

ისე, მიწასთან მუშაობა ყველაზე ბუნებრივი და სასიამოვნოა. ბუნებრივად იღლები...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG