Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან ბორძიკაშვილი − სამოქალაქო აქტივისტი


14 იანვარი, კვირა

პანკისი, დილა ჩვეულებრივი ყავით იწყება, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ორი დღის გასატარებლად ვარ ჩამოსული, მაინც არ გამოდის − მძიმე პერიოდია ახლა პანკისში.

დღე, როგორც ყველა სხვა, მოულოდნელობებით იწყება: სახელდახელოდ შეთანხმებული შეხვედრები, ცოტა ადგილზე სამუშაოც არის დარჩენილი, თუმცა სასიამოვნოა − ლამაზად თოვს პანკისში! ალბათ გიჟს ვგავარ, დილიდან მთელი ხეობა ფეხით რომ შემოვიარე. თუმცა, მე ეს მიხარია!

თეთრი თითქოს მწუხარების და მდუმარების ფერად დაედო პანკისს. მთელი ხეობა დუმდა და წუხდა. და, რა თქმა უნდა, გლოვობდა.

გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ხსოვნა ჯერ კიდევ ძლიერი იყო, ძნელი იქნება ამის დავიწყება...

მიეჩვევიან, ვიცი, მაგრამ არ დაავიწყდებათ. მოუშუშდებათ ტკივილი, მაგრამ ნაიარევი მაინც დარჩებათ.

დღეს სწორედ მის საქმეზე მქონდა შეხვედრა. ვცდილობ, მაქსიმალურად სწორად მივუდგე საკითხს, ძალიან სენსიტიურ საკითხს. საქმით დაინტერესება არის − როგორც ხეობაში, ისე თბილისში. ვნახოთ, გაირკვევა თუ არა სიმართლე.

სახლში მისვლა ძალიან არ დამგვიანებია, ეს დიდი იშვიათობაა. ცოტა საუბრის დროც გვრჩება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, თავი ავარიდო იმ თემებს, რომლებიც უკვე სამი კვირაა ყოველდღე, ყველგან მესმის: მაჩალიკაშვილის საქმეს. მაგრამ ეს ძნელია, ამის განხილვის გარეშე ვერც ეს საუბარი ჩაივლის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სიმართლის დადგენა ძნელი იქნება.

15 იანვარი, ორშაბათი

სიამოვნებით დავრჩებოდი პანკისში. სახლში დავრჩებოდი, ყველა საქმეს თუ პრობლემას დავივიწყებდი და ვიქნებოდი ჩემთვის, მშვიდად. მაგრამ კარგად ვხვდები, მსგავსი რუტინა ორ დღეში მომბეზრდება: ჩვევა ხომ რჯულზე უმტკიცესია!

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა მაჩალიკაშვილის საქმეზე და, ზოგადად, პანკისში არსებულ სიტუაციაზე.

რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ტრანსპორტის პრობლემა შეიქმნება, ამას მიჩვეული ვარ. ამიტომ ორი საათით ადრე გავდივარ სახლიდან იმ იმედით, რომ გამიმართლებს და ტრანსპორტი იქნება. ოჯახთან გამომშვიდობება, როგორც ყოველთვის, ძალიან კომიკურია: მივრბივარ და თან უკანმოუხედავად ვემშვიდობები. ვიცი, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რატომღაც ასე გამოდის.

დიდი ხანი ველოდები სოფლის ცენტრში ტრანსპორტს. რა თქმა უნდა, როცა ძალიან გჭირდება, ზუსტად მაშინ არ მოდის დროულად. მაგრამ ეს დრო არ დაკარგულა: ხალხი კითხულობს ამბავს, ცივი ამინდის მიუხედავად, გამოსულები არიან და განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს. უკვე ძალიან გვიანდება, 5 საათისთვის თბილისში უნდა ვიყო, შეთანხმებულია შეხვედრა და ყოველი წუთის გასვლა სულ უფრო მეტად მანერვიულებს. ტაქსი არ ჩანს. ამ დროს ჩამოიარა ახლობელმა და სასწრაფო წესით ჩამიყვანა ახმეტაში.

მძიმე ზურგჩანთიანი და ნანერვიულები, ლამის სირბილით მივედი შეხვედრაზე, თან პირდაპირ პანკისიდან, მთელი ჩემი ბარგი-ბარხანით. არ მიყვარს არაპუნქტუალურობა.

საბედნიეროდ, ტყუილად არ მომიწია ამდენი სირბილი, შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა. საღამოს კიდევ ერთი შეხვედრა დაინიშნა მეორე დღისთვის.

სანამ სხვა საქმეებს შევუდგები, ვცდილობ, ცოტა დავისვენო. სამწუხაროდ, დრო ძალიან ცოტაა, საქმე კი − ბევრი. უნივერსიტეტი უკვე აღარც მახსოვს, არადა, ფინალური გამოცდები კარზეა მომდგარი, ბაკალავრიატზე ბევრად წყნარი სიტუაცია იყო. უკვე იმასაც ვფიქრობ, დროებით ხომ არ დავანებო თავი სწავლას? ნამდვილად აღარ მრჩება დრო არაფრისთვის, რამენაირად უნდა დავლაგდე.

საქმე ისევ გვიანობამდე გრძელდება, დილის ოთხი საათია უკვე! ყველაფერთან ერთად დროც ძალიან მალე გარბის...

ძილი?

რა არის ძილი?

ბუნდოვნად მახსოვს...

16 იანვარი, სამშაბათი

დილა ყავით იწყება, მაგრამ ძილის ნაკლებობა ნამდვილად აშკარაა, მეორე ფინჯნის დამატებაზე ვფიქრობ.

ასეც ვიქცევი. დიდს ვერაფერს ცვლის, მაგრამ მაინც, იმედი არის, რომ შეცვლის.

2 საათზე ისევ შეხვედრაა. ინგლისური საკმაოდ ცუდად ვიცი, მაგრამ მაინც მოვახერხე, ამ ხალხთან ორ საათზე მეტ ხანს მესაუბრა. შეხვედრა კარგი გამოვიდა, თემა ისევ პანკისია, რა თქმა უნდა.

აქედან კი უნივერსიტეტში მივრბივარ, ლექციას უნდა მივუსწრო. ეს წუთია ამოვედი. ტელევიზიიდან რეკავენ, უნდა ჩავერთო. პანკისში სახალხო დამცველი ჩავიდა, ამაზე უნდა ვისაუბრო. ძალიან საინტერესო სცენაა, როგორ ვეპარები ლექტორს. მოვახერხე, ავედი ტელევიზიაში.

მთელი „ლაივის“ განმავლობაში, გონებაში მიტრიალებს ლექცია, რომელიც დღეს ბოლო საათს აითვლის. ერთი სული მაქვს, დავასრულო და მივუსწრო, მასალებია ასაღები...

ვერ მივუსწარი. ლექცია დასრულდა, ცარიელ აუდიტორიაში მომიწია შესვლა. მაინც გვიანობამდე დავრჩი უნივერსიტეტში, სადმე გასვლის ხალისი აღარ მქონდა.

ხვალ დედლაინი მაქვს და სულ დამვიწყებია! რამდენიმე ზარი „დავაიგნორე“ და მთლიანად სამუშაოში ჩავიძირე. ეჭვი მაქვს, ვერ მოვასწრებ...

საერთოდ, ყველაზე საშინელი სიტყვაა ეს „დედლაინი“. არ უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით ამ მომენტში! ასეთი უკვე ორი მაქვს და მათ შორის შუალედი ერთი დღეა, ესეც პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, რომ ძილის ნაკლებობა მთელი დღე მეტყობა, ამაზე ფიქრის დრო აღარ არის: ყავა უნდა მოვიმარაგო და საქმეს ჩავუჯდე. დღესაც წერაში დამათენდება, სავარაუდოდ.

უძილობა აშკარად დამეტყო, მაგრამ ვცდილობ, ამაზე ნაკლებად ვიფიქრო.

ძილთან და ფიქრებთან ჭიდილში დედლაინიც მოვიდა. მეც მოვრჩი წერას და, მადლობა ღმერთს, თავი სამოთხეში მგონია! მეორეზე იმდენად აღარ ვფიქრობ, წინ ხომ მთელი დღეა.

არადა, დილის 5 საათი ხდება, ჩემთვის, ჩვეულებრივ, ამ დროს სრულდება დღე.

17 იანვარი, ოთხშაბათი

დილა სუსხიანი გამოდგა. თანაც, ხმაურიანი...

უცებ გამახსენდა თოვლიანი პანკისი, რომელიც გულგრილად მივატოვე. ვფიქრობ, თოვლი მაინც მოვიდეს, მშობლიურ სურნელს მოიტანს-მეთქი.

ისევ შეხვედრა, ეს უკვე 11 საათზე. არ მიყვარს ამ დროს არაფერი.

ყველანაირად ვეცადე, უძილობა არ დამტყობოდა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გამომივიდა.

აქედან ისევ უნივერსიტეტი, მაიკო კი, უნივერსიტეტის მეგობარი, ყველაზე უკეთ ხვდება, ყავა რომ მჭირდება. ისევ ყავა. ცოტა ვფხიზლდები და ლექციისთვის ვემზადები.

საღამოს გადავწყვიტე, ფეხით ჩამესეირნა სახლამდე. ეს საუკეთესო გზაა გონებაში უკვე ქაოსად ქცეული ფიქრების დასალაგებლად. მით უმეტეს, თუ საყვარელი მუსიკაც გიწევს მეგზურობას.

ძილთან შეთანხმება მაინც ვერ შედგა. უდროო დროს კბილის ტკივილმა იჩინა თავი. ღამემ დღესაც ამ ტკივილთან ჭიდილში და წერაში ჩაიარა.

18 იანვარი, ხუთშაბათი

ღამენათევი და ტკივილით შეწუხებული, მაინც ვერ შეველიე ჩვეულ რუტინას და დილის ყავის მერე, ფეხით ჩავისეირნე უახლოეს გაჩერებამდე.

გეზი პირდაპირ სტომატოლოგისკენ ავიღე იმ იმედით, რომ ამაღამ მაინც გამოვიძინებ.

სამწუხაროდ, ზოგი ლექცია გაცდა. თუმცა, ალბათ, უფრო საბედნიეროდ, რადგან მომეცა შანსი, მეგობართან ერთად, ყავაზე დავმჯდარიყავი. ეს არის იდეალური გზა ყველა საქმიანი თუ სტრესული სიტუაციისთვის თავის დასაღწევად და სხვა თემებზე სასაუბროდ.

აშკარად სხვანაირად დამუხტული წამოვედი უკვე სპონტანურად დაგეგმილ შეხვედრაზე.

გვიანობამდე მუშაობის შემდეგ სინანულით დავხედე საათს −დრო ისევ შეუმჩნევლად გამეპარა.

დაძინების დროა. არადა, ლამისაა გადავეჩვიო ძილს.

19 იანვარი, პარასკევი

ოთხსაათიანი ძილის მერე ზარის ხმამ გამაღვიძა.

ძილ-ბურანში მაქსიმალურად ვეცადე, ყურადღება მომეკრიბა, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რომელი გამოცემიდან რეკავდნენ. ჩატაევზე უნდოდათ კომენტარი მის დაკრძალვასთან დაკავშირებით.

ყველანაირად ვეცადე, სათქმელი გასაგებად მეთქვა და ამ ნახევრად მძინარეს რამე უზუსტობა არ დამეშვა, რადგან შეცდომა ხშირად მოსდით ხოლმე, განსაკუთრებით ამ თემაზე ლაპარაკისას. მთელი დღე მუშაობას დავუთმე.

მომეჩვენა, რომ უჩვეულოდ მალე ჩაიარა დღემ.

გუშინდელი გეგმა, რომ დღეს მთელი დღე ვიძინებდი, კრახით დასრულდა.

ხვალისთვის ისევ შეხვედრას მთხოვენ პანკისში არსებულ სიტუაციაზე. უკვე მივეჩვიე.

მაქსიმალურად თავაზიანად ვცდილობ, ცოტა გადავაწევინო შეხვედრის დრო, რადგან მანამდე რაღაცები მინდა მოვასწრო და მთელი დღე არ დავკარგო.

ვხვდები, რომ გამოცდების პერიოდი დაიწყო, რაც საერთოდ ამომივარდა თავიდან ასეთ რეჟიმში.

შანსი რომ მქონდეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პრობლემა აღმოვფხვრა, ალბათ, დროის უკმარისობას ამოვირჩევდი. ეს იმდენად მაწუხებს, რომ ძილისთვის დათმობილი დრო უკვე დაკარგულად მეჩვენება...

ნამდვილად მშურს იმ ხალხის, ვისაც დროის განაწილების უნარი აქვს გამომუშავებული.

20 იანვარი, შაბათი

დილით ბევრი მესიჯია შემოსული, ბევრი მათგანი ჟურნალისტებისგანაა, ბევრიც − პანკისიდან. ბევრი კითხვაა და ბევრი ინფორმაცია. რთულია შემოსული ინფორმაციის დიფერენცირება. ვცდილობ, გავმიჯნო სანდო და არასანდო ინფორმაცია, სწორი და სრული ინფორმაცია უნდა მქონდეს საიმისოდ, რომ შემდეგ ის მე გავავრცელო.

არ მიყვარს დღიურის წერა და ეს არც არასდროს გამიკეთებია. ვფიქრობ, ეს ეტყობა კიდეც ნაწერს, მაგრამ ამ შემოთავაზებამ მაინც დამაინტერესა. წერამ შესაძლებლობა მომცა საკუთარი ცხოვრების სტილი შემეფასებინა...

ბევრი დაუგეგმავობა შევამჩნიე. ამას, ალბათ, თავისი კარგი მხარეც აქვს. მგონია, რომ დაგეგმილი და გაწერილი ცხოვრება ჩემთვის არაა მოფიქრებული. ზუსტად ვიცი, მიცდია...

ამ თავისი სპონტანურობით, დაუგეგმაობით და მოულოდნელი ზარებით და მოვლენებით ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე ჩვეულ ნორმებზე და კანონზომიერებებზე აგებული და რუტინად ქცეული.

ხვალ ისევ შეხვედრა იქნება, ზეგაც, მე კი დაუღალავად ვისაუბრებ ამ ყველაფერზე თითქმის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რადგან პანკისს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება სწორი ინფორმაციის გავრცელება, რის ფუფუნებაც ამ ხეობას კარგა ხანია, აღარ აქვს. რატომღაც თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ მე ვიყო ის, ვინც ყველგან უნდა იყოს და ყველგან წერდეს პანკისზე.

სწორად წერდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG