გლდანის #66 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, ხანში შესული ქალბატონი, რომელმაც იკითხა, როგორ უნდა შემოეხაზა მისთვის სასურველი ნომერი ბიულეტენში. ცესკოს თანამშრომლის ინსტრუქციის შემდეგ ქალბატონმა ითხოვა ხმის მისაცემ კაბინაში შეჰყოლოდნენ დასახმარებლად, რაზეც ცესკოს თანამშრომლებმა უარი განუცხადეს, რადგან მათ ამის უფლება არა აქვთ. ამის შემდეგ ამომრჩეველი გაბრაზდა, ფურცელი დააგდო და წავიდა. მისი ბიულეტენი ბათილად ცნეს და გააუქმეს. - გვატყობინებს სოფო სუარიძე.
საბურთალოს #8 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის ხმა მისცა 55-მა ამომრჩეველმა. დარღვევები არ დაფიქსირებულა. ერთ მამაკაცს სურდა, ხმის მიცემა სამგზავრო ბარათის საშუალებით, კომისიამ ამის ნება არ დართო. - გვატყობინებს თაკო მაქაცარია.
ფოთში, #61 მაჟორიტარულ ოლქში, #8 უბანთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. როგორც საუბნო კომისიაში განმარტავენ, ტექნიკურ პრობლემა შეიქმნა, კერძოდ, ჩაიკეტა რკინის კარი ოთახში, სადაც ბიულეტენები იყო განთავსებული. სამაშველო სამსახურის დახმარებით პრობლემა რამდენიმე წუთში აღმოიფხვრა. თუმცა ამ პრობლემის გამო უბანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გაიხსნა. - გვატყობინებს თეა აბსარიძე.