დარღვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის 26.15.04 საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა დუშეთის საარჩევნო ბიულეტენები. მათში არ იყვნენ დაფიქსირებული ადგილობრივი კანდიდატები და პარტიები. დაიწერა საჩივრები, აღნიშნული ბიულეტენები ამოიღეს ახსნა განმარტების ბარათი დაიწერა და დაილუქა გაუქმებული ბიულეტენები. ამ დროისთვის კენჭისყრა განახლდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები ითხოვენ უბნის გაუქმებას. საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, განახლდეს პროცესი, რადგან სხვა დანარჩენი ბიულეტენები წესრიგშია. - გვატყობინებს დათო ჭაბაშვილი.
ქუთაისში #117 უბანზე გადასატანი ყუთის ხმები გაბათილდა. როგორც სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე ამბობს, ჯამში 14 ხმა იყო ამ ყუთზე და 14-ვე გაბათილდა. "ხელმოწერები არ ჰქონდათ დაფიქსირებული. შესაბამისად, #117 უბანზე ამ ყუთის ხმები მთლიანად გაბათილდა", - განაცხადა გვანცა თოთაძემ. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი, სადაც მისი ორგანიზაციის წევრები არიან დამკვირვებლად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. - გვატყობინებს ანა ჯიქია.
დღის ორი საათისთვის IRI-ის დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ 90-ზე მეტ საარჩევნო უბანზე.