Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსის უფროსი გელა გელაძე გადადგა

პოსტი დატოვა სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძის მეგობარმა გელა (გეკა) გელაძემ
პოსტი დატოვა სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძის მეგობარმა გელა (გეკა) გელაძემ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა (გეკა) გელაძემ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

გელაძემ, - რომელიც ყოფილი ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძის მეგობარია, - 14 სექტემბერს განაცხადა:

„პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“.

გელაძე ამ განცხადებაში არ აზუსტებს, სად აგრძელებს საქმიანობას.

მის განცხადებას სუსის პრესცენტრი ავრცელებს.

„მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის“, - წერს იგი.

ვინ არის გელა გელაძე

გელა გელაძე 2026 წლის 28 აპრილს გახდა სუსის უფროსი.

  • მანამდე, 2025 წლის 28 მაისიდან, - 11 თვის განმავლობაში, - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა (წინა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, საზოგადოებას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა);
  • გელაძემ სუსის უფროსის პოსტზე შეცვალა მამუკა მდინარაძე, რომელიც სუსის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბრიდან მუშაობდა. (მან, თავის მხრივ, ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომლის წინამორბედიც (გრიგოლ ლილუაშვილი) პატიმრობაშია.

გელა გელაძე მამუკა მდინარაძის მეგობარია.

ბოლო საკადრო ცვლილებები

ორიოდე დღით ადრე, 12 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა.

  • შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო მიხეილ მაღლაკელიძე: ამ პოსტზე 2026 წლის 27 აპრილს დაინიშნა (მანამდე ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო 10 თვის განმავლობაში, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 2019-25 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა);
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (იგივე „ფინანსური პოლიციის“) უფროსი იყო ლევან ხარაბაძე; ის მანამდე, 2025-26 წლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო - მამუკა მდინარაძის უფროსობისას.

ოპოზიციაში ცვლილებებს სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის წასვლას უკავშირებენ.

მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა

მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად 27 აგვისტოს გამოაცხადა, - დაპატიმრებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებისა და „ზეწოლაზე“ ბრალდებების ფონზე, თუმცა თქვა, რომ ეს ნაბიჯი ამ საკითხს არ უკავშირდება.

ამ განცხადების შემდეგ მმართველმა გუნდმა მთავრობის სტრუქტურაში მორიგი ცვლილებები დააანონსა.

2026 წლის 31 აგვისტოს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ:

  • გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, - რასაც მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე იკავებდა; ამის შემდეგ ის რეგიონული განვითარების მინისტრად მუშაობდა 27 აგვისტომდე;
  • აღარ შეიქმნება მისთვის დაანონსებული პოსტი, - რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა;
  • ამ პოსტის შექმნას პარლამენტის კენჭისყრა სჭირდებოდა - თუმცა ზაფხულში საკანონმდებლო უწყება ისვენებს. გეგმის თანახმად, მდინარაძეს ამ პოზიციაზე სექტემბრის მეორე კვირიდან უნდა ემუშავა.

ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება

ფორუმი

XS
SM
MD
LG