შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიჭაურის #82 საარჩევნო ოლქის, #45 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისია 7:00 საათზე შეიკრიბა. კომისიის შემადგენლობა ხმის მიცემის დაწყებამდე უცილებელ პროცედურებს ატარებს. ადგილზე იმყოფებიან დამკვირვებლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. - გვატყობინებს ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
8:00 საათზე დაიწყო საქართველოს პარლამენტის არჩევნები. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები. ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება.
დროულად გაიხსნა ქობულეთის სოფელ ჭახათის #45 საარჩევო უბანი. დამკვირვებლები მობილიზებულები არიან. - გვატყობინებს ანა ბაჟუნაიშვილი.
ზუსტად 8 საათსა და 2 წუთზე გაიხსნა გლდანის #66 საარჩევნო უბანი. უბნის გახსნისას უკვე იცდიდა ათამდე ამომრჩეველი. პირველი, ვინც ხმა მისცა, თავად ცესკოს წევრი იყო, რომელიც ამ უბანზე იყო ჩაწერილი. ამ ფაქტს მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან, მათი განცხადებით, ისინიც რიგში იდგნენ. მცირე შელაპარაკების შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. - გვატყობინებს სოფო სუარიძე.