„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.