Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონი: პოლიციისთვის თავდამსხმელი ცნობილი იყო, როგორც ექსტრემიზმით დაინტერესებული პირი


გრძელდება გამოძიება ლონდონის ცენტრში გუშინ მომხდარი ორი თავდასხმის საქმეზე. ბრიტანეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, დაკავებულია შვიდი პირი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ხუთშაბათს საზოგადობას ისიც აცნობა, რომ თავდამსხმელი, რომელმაც 22 მარტს სამი ადამიანი მოკლა, ბრიტანეთში დაიბადა და პოლიციისთვის უწინაც ცნობილი იყო, როგორც ექსტრემიზმით დაინტერესებული პირი. უკვე ცნობილია ისიც, რომ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“.

თემთა პალატაში ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ, საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი დაინტერესებული იყო ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებით. მეიმ

ისიც აღნიშნა, რომ პოლიციამ რამდენიმე წლით წლის წინ იცოდა მისი ტერორისტული ინტერესების შესახებ. ის ფაქტი, რომ თავდასხმა ბრიტანეთის ოფიციალური პირებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, გუშინ ლონდონის მერმა სადიყ ხანმაც დაადასტურა: „რეალობაა ის, რომ წლების მანძილზე იგრძნობოდა გარკვეული საფრთხე, რაც განსაკუთრებით ზრდიდა თავდასხმის ალბათობას. პოლიციის ხელმძღვანელი პირის თქმით, საკითხავი ის კი არ იყო, განხორციელდებოდა თუ არა თავდასხმა, არამედ როდის განხორციელდებოდა ის“ - ეს სიტყვები ლონდონის მერმა გუშინ, გვიან ღამით უთხრა ჟურნალისტებს.

საინფორმაციო სააგენტოებმა დღეს გაავრცელეს ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ცნობა, რომლის თანახმადაც, პირი, რომელმაც ლონდონში თავდასხმა მოაწყო, მისი „ჯარისკაცთაგანი“ იყო. ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტული ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა მარკ როულიმ კი, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სავარაუდო დამნაშავეებს ეძებდნენ როგორც ლონდონში, ისე ბირმინგემსა და სხვა ქალაქებშიც, თუმცა მას არ დაუზუსტებია ეჭვმიტანილთა ვინაობა.

მომხდარის შესახებ მეტი დეტალი გაავრცელა ბი-ბი-სიმ, რომლის თანახმადაც, მანქანა, რომელიც თავდამსხმელმა გამოიყენა, მან ერთი კვირით ადრე იქირავა ბირმინგემში. თავდამსხმელი 22 მარტს ვესტმინსტერის ხიდზე ავტომანქანით შეეჯახა ფეხით მოსიარულეებს, შემდეგ კი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის ღობეს, ავტომანქანიდან გადმოვიდა და დანით სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი, 48 წლის კით პალმერი. დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თავდამსხმელის ჩათვლით დაიღუპა ოთხი და მძიმედ დაშავდა 40-მდე პირი, რომელთაგან საავადმყოფოში რჩება 29, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.

ლონდონის პარლამენტთან მომხდარი თავდასხმა იყო დემოკრატიის გაჩუმების მცდელობაო, აღნიშნა ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო ვითარებათა კომიტეტის სხდომის შემდეგ. მისივე თქმით, თავდასხმის ადგილი შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული, რადგან ტერორისტმა იერიში მიიტანა ლონდონის გულზე, სადაც ერთად იკრიბება ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხი: „ფასეულობები, რომლებსაც ჩვენი პარლამენტი განასახიერებს - დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა - ყველგან აღტაცებასა და პატივისცემას იწვევს თავისუფალ ადამიანებში. ამიტომ არის ის თავდასხმის სამიზნე იმათთვის, ვინც უარყოფს ამ ფასეულობებს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა ლონდონში გუშინდელ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ლონდონის ცენტრში მომხდარი თავდასხმა დაგმეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. დიდი ბრიტანეთის ხალხსა და მთავრობას სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ტელეფონით ესაუბრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის.

XS
SM
MD
LG