Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაესტრო“ - „მაესტრო 24“


მაესტრო
მაესტრო

ტელეკომპანია“ მაესტრო“ მაუწყებლობას გაძლიერებული დაცვის პირობებში განაგრძობს. ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბაჩო კიკაბიძის, თანახმად, პარალელურ რეჟიმში TV 11-ის არხზე ამოქმედდა ახალი არხი - „მაესტრო-24“, რომელზეც ტესტურ რეჟიმში რადიოა გაშვებული. „მაესტრო 24“ ეთერში, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გავა, თავად „მაესტროში“ კი ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობას კომპანია „მაგისტრის“ დაცვის სამსახური იცავს. დაცვის ახალი თანამშრომლები ტელეკომპანიაში მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისზეც საშვს „მაესტროს“ ამ დრომდე მოქმედი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე დაუშვებს:

“ვისაც აქვს სურვილი და ეს სურვილი არ არის დესტრუქციული, იმათ ყველას ექნება საშუალება შემოსვლის, ხოლო შემოჭრის საშუალებას ნამდვილად არავის არ მივცემ, იმიტომ რომ ეს არის კერძო საკუთრება. დიახ, ამ შენობაში შემოვა ადამიანი მხოლოდ ჩემი ნებართვით“.

ბაია გადაბაძე თანამდებობიდან პარტნიორთა კრებამ, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის, 55-პროცენტიანი წილის მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებით, 4 თებერვალს გადააყენა. გიორგი გაჩეჩილაძემ, იმავე „უცნობმა“, რომელიც მანამდე აქციათა 25 პროცენტის მფლობელი იყო, ორი თანამფლობელისგან 15-15-პროცენტიანი წილი ამ ამბიდან რამდენიმე დღით ადრე შეიძინა, ამისთვის საჭირო თანხა კი, როგორც განმარტა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესისა და ტელეკომპანია „იმედის“ მმართველისგან, ირაკლი რუხაძისგან ისესხა. წილობრივი და საკადრო ცვლილებების შემდეგ, „მაესტროს“ გენერალური დირექტორის პოსტს გიორგი გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე, დაიკავებს. ამჟამად ლევან გაჩეჩილაძე, ადვოკატ ირაკლი კორძახიას თანახმად, „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის უკვე დირექტორია, თუმცა მესამე პირებისთვის - მათ შორის, ბანკებისთვის - ის ხელმძღვანელად საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ ჩაითვლება. მისი განმარტებით, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას უნდა მოჰყვეს დამოწმება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რაც 17 თებერვლამდე, კრედიტორთა კრებამდე, უნდა მოესწროს.

იმ პირობებში, როდესაც ტელეკომპანია „მაესტროს“ მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში შეტანილი განცხადებით მოითხოვა, რომ ლევან გაჩეჩილაძე გენერალურ დირექტორად არ დარეგისტრირდეს, პროცედურებზე განმარტება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გააკეთა:

„თუკი ჩვენთან შემოვა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის, მედიასაშუალების მეწილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას არ ექნება ხარვეზი, ჩვენ ვიქნებით ვალდებული, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს „მაესტრო“, „რუსთავი 2“ თუ სხვა მედიასაშუალება, რომ ისინი დარჩნენ ჩვენთან, დარჩნენ იმ ველში, რომელსაც ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეებისთვის მიწოდება ჰქვია“.

თავის მხრივ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, მედიის მრავალფეროვნების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან ერთად, „მაესტროში“ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი:

“ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ დამოუკიდებლობასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს, კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს ამასთან დაკავშირებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და, მე ვფიქრობ, რომ თუკი საუბარი არის კონკრეტულ ცვლილებებზე, აუცილებელია, რომ ეს რაიმე ფორსირებულ რეჟიმში არ წარიმართოს, რათა ჟურნალისტებსაც მიეცეთ შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა და, რაც მთავარია, და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი“.

სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების მოთხოვნა იკითხება „მაესტროს“ ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაშიც. ტელევიზიის ტექნიკურმა ჯგუფმა „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლისგან, ბაჩო კიკაბიძისგან, პრაქტიკულად უკვე მიიღო შეთავაზება ახალ არხზე - „მაესტრო 24“-ზე - გადასასვლელად. რაც შეეხება უშუალოდ „მაესტრო-24“-ს, მის მაუწყებლობას „მაესტროს“ დამფუძნებლები ძმები გაჩეჩილაძეებისგან დამოუკიდებლად აპირებენ:

“ვარ დამოუკიდებელი კომპანია, მაქვს ავტორიზაცია, ვიყავი მარეგულირებელ კომისიაში, შევატყობინე, რომ ვიწყებ ტრანსლირებას და ეს არის საცდელი მაუწყებლობა. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ოცწლიანი, სატელევიზიო. არჩევნები ახლოვდება, მალე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ჩემი ახალი საკუთარი არხი ყველა ოჯახში, სადაც ტელევიზორია, იყოს ხელმისაწვდომი. ამწუთში ოდნავ შეზღუდული მაუწყებლობა აქვს დაფარვის კუთხით. ყველაფერს გამოვასწორებ - თუკი სადმე ტელევიზორი დგას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ყველა ოჯახს ექნება“.

ბაჩო კიკაბიძე ამბობს, რომ „მაესტრო 24“ ნაქირავები ფართიდან მაუწყებლობს, თუმცა არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ფართი მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებულ შენობაში დაიკავოს.

ტელეკომპანია „მაესტროში“ მეწილეთა ცვლილების საკითხზე დავა კი პრაქტიკულად რამდენიმე სასამართლო პროცესის ფონზე მიმდინარეობს - მათ შორის, სასამართლო განიხილავს ტელეკომპანია „მაესტროს“ გაკოტრების საქმეს, არხის მფლობელები დავობენ ასევე ტელეკომპანიის სახელისა და ლოგოს განკარგვის თაობაზე. სამართლებრივი დავის პარალელურად სამოქალაქო და პოლიტიკური წრეების ინტერესი მიმართულია იმის პრევენციისკენ, რომ მეწილეთა ცვლილება ტელევიზიაზე სახელისუფლებლო კონტროლის დამყარებით არ დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG