Accessibility links

„აკრძალული წიგნების თარო“ - ასე ჰქვია ახალ სერიას, რომლის ბეჭდვაც წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაიწყო. ამ საინტერესო პროექტის ავტორი გვანცა ჯობავაა. გამოცემულია უკვე სამი წიგნი. ბუნებრივია, რომ რადიო თავისუფლება შეეცდება მაქსიმალურად მიადევნოს თვალი ასეთი ბედისწერის მქონე გადმოქართულებულ წიგნებს. დღეს ვისაუბრებთ მაია ენჯელოუს რომანზე - „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“.

მაია ენჯელოუ მეოცე საუკუნის ცნობილი ამერიკელი შავკანიანი მწერალია. აქამდე ქართულად მხოლოდ მისი ლექსები იყო თარგმნილი რამდენიმე მთარგმნელის, მათ შორის ანი კოპალიანის მიერ, რომელმაც ახლა უკვე ეს წიგნიც თარგმნა შესანიშნავად - წიგნი, სადაც ავტორმა თავისი ბავშვობისა და მოზარდობის ასაკი აღწერა და ამ გზით 20-30-იანი წლების ამერიკის სურათიც დახატა ყველაზე პრობლემურ ჭრილში - რასიზმისა და ამას დამატებული სოციალური უთანასწორობის ჩვენებით.

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი" არის ავტოფიქცია, ანუ ავტობიოგრაფიული ტექსტი, ოღონდ ლიტერატურული ელემენტებით, მთლად დოკუმენტური პროზაც არა. ორი მიზეზის გამო - სექსუალური და რასობრივი ასპექტების გამო - კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში საკმაოდ ხშირად იყო აკრძალული ამერიკაში. ამიტომ შევიდა აკრძალული წიგნების სიაშ...
ანი კოპალიანი

1969 წელს დაწერილ ამ რომანში მაია ენჯელოუ საკუთარ განცდებსა და მაშინდელ დამოკიდებულებებს სრული გულწრფელობით და ყოველგვარი შელამაზებების გარეშე გადმოსცემს, დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, არანაირად არ ცდილობს იყოს პოლიტკორექტული და სწორედ ამიტომაც რჩება ეს ტექსტი იმ პერიოდის ამერიკის მაჩვენებელ მნიშვნელოვან დოკუმენტად და სწორედ ამიტომ უწესდებოდა მას გამოსვლის დღიდან სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები. მოვუსმინოთ ანი კოპალიანს.

ანი კოპალიანი: "ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი" არის ავტოფიქცია, ანუ ავტობიოგრაფიული ტექსტი, ოღონდ ლიტერატურული ელემენტებით, მთლად დოკუმენტური პროზაც არა. ორი მიზეზის გამო - სექსუალური და რასობრივი ასპექტების გამო - კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში საკმაოდ ხშირად იყო აკრძალული ამერიკაში. ამიტომ შევიდა აკრძალული წიგნების სიაში. გამოცემასთან დაკავშირებით არათუ პრობლემა არ ყოფილა, არამედ პირიქით, საოცრად კარგად იყიდებოდა ეს წიგნი და საოცრად კარგად მიიღო განსაკუთრებით შავკანიანთა საზოგადოებამ. მტკივნეული გაუცხოება, მე მგონი, ყველაზე მეტად იმიტომ იყო, რომ კონსტიტუციურად ამ დროს უკვე თანაბრები არიან თეთრკანიანები და შავკანიანები ამერიკის ზოგიერთ შტატში და ზოგიერთ დიდ ქალაქში, მეტროპოლისებში. მაგალითად, სან-ფრანცისკოში უკვე ისე იჭერენ თავს, რომ თითქოს არ არის ეს სეგრეგაცია; სტემპსში - სამხრეთული ქალაქია, ღრმა პროვინციაა თან - არის შავების უბნები და თეთრების უბნები და უბნებში რომ გადადიხარ, სამყარო სულ სხვანაირია. მაგალითად, სან-ფრანცისკოში, რომელიც ამავე ნაწარმოებში არის აღწერილი, შავები და თეთრები ერთად სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ მაინც ისეა საქმე, რომ ქალი არ ჯდება ზანგის გვერდით. განა იმიტომ, რომ შავკანიანია, იმ მიზეზით არ ჯდება, რომ სრულფასოვანი მამაკაცია, ორი ხელი აქვს, ორი ფეხი აქვს და რატომ არ არის ომშიო. ეს კაცი მიყრდნობილია ავტობუსის კიდეს და რომ გამოიწევს, დაინახავენ, რომ ცალი ხელი არა აქვს და ამბობს: თუ თქვენი შვილი არის ომში, ძალიან ვთხოვ, რომ მომიძებნოს ეს ხელიო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ კონსტიტუციურად თანაბრები არიან და ამ დროს ცხოვრებისეული არც ერთი პირობის მიხედვით არ არიან თანაბრები - ეს არის განსაკუთრებით გამაღიზიანებელი მაიასთვის. და მაია იზრდება რევანშის მოტივაციით. და არც მალავს ის, რომ რევანშისტია, პრინციპში. ყველანაირი თვალსაზრისით რევანშისტია: როგორც შავკანიანიც რევანშისტია, როგორც ქალიც რევანშისტია და გულწრფელია თან ამის გამოხატვაში.

"მახსოვს, ბოლომდე არასდროს მჯეროდა, რომ თეთრკანიანები ნამდვილად ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ", - ამბობს მაია ენჯელოუ წიგნის დასაწყისში, როცა სამხრეთულ ქალაქ სტემპსს აღწერს, სადაც მას, სამი წლისას, ოთხი წლის ძმასთან ერთად ერთმანეთს გაშორებული დედ-მამა გზავნის ბებიასთან საცხოვრებლად. "ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც ქალაქის ჩემს ნაწილში ცხოვრობდნენ. მართალია, მათგან ყველა ნამდვილად არ მომწონდა, - ფაქტობრივად, თითქმის არავინ, - მაგრამ ისინი მაინც ადამიანები იყვნენ. დანარჩენები კი, უცნაური, ფერმკრთალი არსებები, რომლებიც თავიანთი უცხოპლანეტელური ცრუყოფით ცხოვრობდნენ, ხალხად არ მოიაზრებოდნენ. ისინი თეთრები იყვნენ". აი, ასე აღიქვამს პატარა მარგერიტი (ესაა მაიას ნამდვილი სახელი, „მაია ენჯელოუ“ ლიტერატურული ფსევდონიმია) იმ გაორებულ სამყაროს, სადაც ცხოვრება უწევს. ამიტომ ჯერ ის მხოლოდ შავკანიანთა უბანს ხედავს - თეთრები მხოლოდ შორი ხედიდან ჩანან და ჩანან საშიშები. იშვიათად თუ გადმოლახავენ ხოლმე "საგულდაგულოდ გავლებულ მიჯნას" ყველაზე დაბალი ფენის თეთრი ბავშვები, რომლებიც თავიანთი გამაღიზიანებელი, თავხედური ქცევებით გამოირჩევიან.

შემდეგ მარგერიტი და მისი ძმა ქალაქ სენტ ლუისში ხვდებიან, დედასთან, და აქ ხდება მის ცხოვრებაში ყველაზე შემზარავი ფაქტი: რვა წლის გოგონას დედამისის საყვარელი, მისტერ ფრიმენი, აუპატიურებს. მარგერიტი საავადმყოფოში ხვდება, მისტერ ფრიმენს იჭერენ, შემდეგ სასამართლოა, სადაც მარგერიტს ჩვენების მიცემა უწევს. მიუხედავად ყველაფრისა, მას მხოლოდ ერთი დღით უზღუდავენ თავისუფლებას. გათავისუფლებიდან ოთხი დღის შემდეგ კი მკვდარს პოულობენ. მაია ენჯელოუ ტრავმირებული ბავშვის განცდებს ყველა ამ მოვლენასთან მიმართებით სრული გულახდილობით აღწერს: დაბნეულობა, სირცხვილი, დანაშაულის განცდაც კი - ამ ერთმანეთში არეულ გრძნობებს, საბოლოო ჯამში, მარგერიტი სრულ ჩაკეტილობამდე მიჰყავს. მას ლაპარაკის სურვილიც კი უქრება, მხოლოდ ძმასთან კონტაქტობს. კვლავ სტემპსში დაბრუნებული მარგერიტი ამ მდგომარეობიდან მისის ბერტა ფლაუერსს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "შავკანიანთა უბნის არისტოკრატს" გამოჰყავს. ის მარგერიტის ალაპარაკებას ლიტერატურის, პოეზიის დახმარებით ახერხებს და, ფაქტობრივად, ეს ურთიერთობა მისი ბედისწერის განმსაზღვრელი ხდება.

ანი კოპალიანი
ანი კოპალიანი

ანი კოპალიანი: შვიდი ავტობიოგრაფიული ტექსტი აქვს. ყველაზე პოპულარული ეს არის და ყველაზე უკეთესიც ეს არის, გულწრფელად რომ ვთქვათ. ჰქონდა საოცრად საინტერესო ცხოვრება, აქ აღწერს, როგორ გახდა პირველი შავკანიანი ტრამვაის კონდუქტორი, მაგრამ კონდუქტორობის გარდა, შემდეგ სერიოზული პროფესიონალი მოცეკვავე იყო, მერე მომღერალი იყო ისეთი, რომ "პორგი და ბესის" შემადგენლობაში შედიოდა და ბილი ჰოლიდეი ეუბნებოდა, როგორც მომღერალი, შეგიძლია გახდე ცნობილიო. იყო საზოგადო მოღვაწე, მარტინ ლუთერ კინგის მარჯვენა ხელი შავკანიანთა მოძრაობის დროს, ჟურნალისტი, ლექტორი და ასე შემდეგ. ბევრი რამ ჰქონდა მოსაყოლი ამ ქალს აშკარად - ნელსონ მანდელასთან შეხვედრა, როგორ წაიკითხა ბილ კლინტონის ინაუგურაციაზე ლექსი - და არც ერთ ამ საქმიანობას არ აღწერს თავის რომანებში, აღწერს მხოლოდ ბავშვობას და ახალგაზრდულ წლებს და ამ დროს მიღებულ გამოცდილებას. ჰყვება არა იმდენად ამბებს, არამედ ჰყვება შეგრძნებებს, რომლებიც იყო მნიშვნელოვანი მისთვის და ამ შეგრძნებით ქმნის ეფექტს და არა იმდენად ამბების სიმძაფრით.

რომანის ბოლოსკენ მარგერიტი უკვე სან-ფრანცისკოშია, სულ სხვა გარემოში, ტრამვაის კონდუქტორად მუშაობს, დედასთან ცხოვრობს, მასში სექსუალური გრძნობები იღვიძებს, რაც ახალ დაბნეულობებს იწვევს მასში და ახალ ინტერესებს. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, იმით მთავრდება, რომ 16 წლის ასაკში ორსულდება და რვა თვის განმავლობაში ახერხებს, რომ უყურადღებო დედას დაუმალოს ეს ამბავი, საკუთარი ზურგით ათრიოს ამდენი ხნის განმავლობაში ორსულად ყოფნის მთელი ტვირთი. მარგერიტი ბავშვს აჩენს და წიგნიც აქ მთავრდება, წიგნი, რომელიც ერთი პატარა გოგონას ცხოვრების ჩვენებით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ხატავს რეალურ სურათს იმ ამერიკისა, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ებრძოლა იმისათვის, რომ რასიზმსა და ათასგვარ უთანასწორობას გამკლავებოდა.

რამდენად რთული იყო წიგნის თარგმნა? ეს იყო ჩემი ბოლო კითხვა ანი კოპალიანისადმი.

ანი კოპალიანი: რთული იყო, იმიტომ რომ ნაწარმოებს აშკარად ეტყობა, რომ ეს არის პოეტის დაწერილი პროზა. ძირითადად აგებულია შედარებებზე, მეტაფორებზე, ტროპულ სახეებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. გარდა ამისა, როდესაც ის სტემპსზე წერს, იყენებს ცოტა სამხრეთულ დიალექტს და მეც მომიწია ალაგ-ალაგ რომ ცოტა პროვინციული ელფერი შემეტანა აუცილებლად. ძალიან დამეხმარა ამაში სოფელში გატარებული ზაფხულის დღეები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG