Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პოლიტიკურმა კრიზისმა ქუჩაში „ღამის მგლებიც“ გამოიყვანა


აქციის მონაწილეები
აქციის მონაწილეები

საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება იზრდება ევროკავშირისა და ნატოს კანდიდატ ქვეყანა მაკედონიაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით, რაც შედეგად მოჰყვა ბალკანეთის ამ სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს. ბალკანეთს უკვე სამი თვეა არ ჰყავს მთავრობა, ხოლო ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები ალბანურის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის, დაკანონების მცდელობის წინააღმდეგ, რასაც ოპოზიცია ქვეყნის ეროვნული ერთიანობის საფრთხედ მიიჩნევს.

მაკედონიელ იოვან ანგელოვს არ სჭირდება თვალის დახუჭვა და ბევრი ფიქრი იმ სურათის წარმოსადგენად, რომელიც მომავალში შეიძლება შეიქმნას. არცთუ ისე დიდი ხნის წინ მას ეს სურათი ერთხელ უკვე ნანახი აქვს. დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისი, რაც გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მძიმედ აისახება ისეთი ჩვეულებრივი საჯარო მოხელის ცხოვრებაზე, როგორიც ანგელოვია.

„ვფიქრობ, რომ ჩემს სამუშაოს საფრთხე ემუქრება. მსგავს სიტუაციაში ერთხელ უკვე ვიყავი 2002 წელს, როდესაც სკოპიეს ელექტრომომარაგების კომპანიიდან დამითხოვეს. იქ მე ვმუშაობდი გრძელვადიანი კონტრაქტით, თუმცა მეც და სხვებიც დაგვითხოვეს. ველოდები, რომ იგივე მოხდება დღესაც და ამიტომ ძალიან მეშინია“, - უთხრა იოვან ანგელოვმა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს.

მიუხედავად ამ თავსმოხვეული და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისისა, ახალი ინვესტორები და ახალი ინვესტიციები შემოდიან და ქვეყანა სთავაზობს ახალგაზრდა ადამიანებს ხელსაყრელ პირობებს ბიზნესის დასაწყებად, ამიტომ მე ეს ვითარება არ მაშინებს...
ჯოკიჩა ბიჟინოვსკი

მაკედონიაში კრიზისი, მართლაც, არავის უკვირს. ორი წლის წინ მაკედონიაში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა გრუევსკის წინააღმდეგ, რომელსაც ოპოზიციამ ბრალი დასდო 20 ათასამდე ადამიანის, მათ შორის ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და რელიგიური ლიდერების, უკანონო მოსმენაში.

ბრალდებებს და დაუსრულებელ საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა ევროკავშირის შუამავლობით სპეციალური საზოგადოებრივი პროკურორის ინსტიტუტის შექმნა. საბოლოო ჯამში, პრემიერ-მინისტრ გრუევსკის მთავრობა გადადგა. ამის შემდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაკედონიაში ოთხი ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, თუმცა ქვეყანაში ვერ ხერხდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

„მაკედონია გამუდმებული საფრთხის ქვეშაა ასეთი კრიზისის თანმდევი ფინანსური და ეკონომიკური ასპექტებით. ეს ქვეყანა სულ კრიზისშია. 1990-იანი წლებიდან დღემდე ჩვენ კრიზისსა და პრობლემებში ვართ. ვითარება ცუდიდან უარესისკენ იცვლება“, -უთხრა, ანონიმურობის დაცვით, მაკედონიის ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩვენს რადიოს.

2016 წლის 11 დეკემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, მაკედონიის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობით მოხვდა მმართველი კონსერვატიული პარტია, რომელსაც 51 ადგილი ხვდა წილად. მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც 49 მანდატის მოპოვება შეძლო. დარჩენილი 20 ადგილი კი გაინაწილეს ეთნიკურ ალბანელთა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის, ნიკოლა გრუევსკის პარტიის დიდი ხნის მოკავშირე „დუიმ“, რომელსაც პარლამენტში 10 ადგილი ერგო.

ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზორან ზაევმა, სწორედ იმან, ვინც სათავეში ედგა გრუევსკის მხილებას მოსმენების საქმეში, გადაწყვიტა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ეთნიკური ალბანელების პოლიტიკურ პარტიებთან ერთად.

მათ შორის მიღწეული შეთანხმება მიზნად ისახავდა ალბანური ენის სტატუსის გაძლიერებას. ორმილიონიან მაკედონიაში, სადაც სლავები დომინირებენ, ამ ჩანაფიქრს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაკედონიის პრეზიდენტი, ჯეორჯ ივანოვი, რომელიც თავად არის ქვეყნის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, დაუპირისპირდა ენობრივ შეთანხმებას და უარი უთხრა ზორან ზაევს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რის გამოც უკვე სამი თვეა მაკედონიას არ ჰყავს მთავრობა.

და ვიდრე მაკედონიაში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, კერძო სექტორში მყოფი ზოგიერთი ადამიანი შეეგუა ამ ვითარებას და იგი არ მიაჩნია ისე დრამატულად, როგორც იოვან ანგელოვს.

„მიუხედავად ამ თავსმოხვეული და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისისა, ახალი ინვესტორები და ახალი ინვესტიციები შემოდიან და ქვეყანა სთავაზობს ახალგაზრდა ადამიანებს ხელსაყრელ პირობებს ბიზნესის დასაწყებად, ამიტომ მე ეს ვითარება არ მაშინებს“, - უთხრა ჩვენს რადიოს სკოპიელმა კერძო მეწარმე ჯოკიჩა ბიჟინოვსკიმ.

მაგრამ თუ პოლიტიკური ჩიხი გაგრძელდა, მაკედონია თავიდან ვერ აიცილებს ღრმა ეკონომიკურ კრიზისს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, პოლიტიკური გაურკვევლობის შედეგად, გასული წლის ბოლოს მკვეთრად იკლო უცხოურმა ინვესტიციებმა და შესუსტდა ბანკების დაფინანსების ზრდის ტემპი, რის გამოც გასული წლის ბოლოს 2,2 %-მდე დაეცა მაკედონიის ეკონომიკური ზრდა.

მოტოციკლისტთა ჯგუფის, „ღამის მგლების“, მაკედონიელი წევრები
მოტოციკლისტთა ჯგუფის, „ღამის მგლების“, მაკედონიელი წევრები

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამინდელი კრიზისი მაკედონიაში ყველაზე ღრმაა 2001 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ მხოლოდ საერთაშორისო დიპლომატიური დახმარების წყალობით შეძლო ალბანური უმცირესობის ამბოხებისა და სამოქალაქო ომის საფრთხის თავიდან აცილება. ამ ძალისხმევის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო დაპირება, რომ ქვეყანა, საბოლოო ჯამში, გახდებოდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

ევროკავშირის ბოლო სამიტზე 28 წევრისაგან შემდგარი ბლოკის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ერთგულნი არიან ამ დაპირებისა.

ეს დაპირება უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც აშკარაა რუსეთის მცდელობა გააძლიეროს საკუთარი გავლენა ბალკანეთის რეგიონზე.

მარტის ბოლოს ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა სკოპიეში ვიზიტისას განაცხადა, რომ მაკედონიას სჭირდება თავი დააღწიოს პოლიტიკურ დავებს და რაც შეიძლება მალე ჩამოაყალიბოს მთავრობა, რათა კვლავ გზა გაეხსნას ევროკავშირის წევრობისკენ. „სახელმწიფო მმართველობის ტაქტიკის გამო ეკონომიკა ზარალდება“, - აღნიშნა 23 მარტს იოჰანეს ჰანმა.

თუმცა პოლიტიკური კრიზისი მაკედონიაში კვლავ გრძელდება. ნიშანდობლივია, რომ 13 აპრილს სკოპიეში საპროტესტო აქცია გამართეს კრემლის მხარდამჭერი მოტოციკლისტთა ჯგუფის, „ღამის მგლების“, მაკედონიელმა წევრებმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG