Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკელმა სეპარატისტებმა საქართველოში მყოფ პოროშენკოს „სიურპრიზი“ მოუწყვეს


დონეცკი
დონეცკი

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტად მყოფ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, დონეცკელმა სეპარატისტებმა „სიურპრიზი“ მოუწყვეს. სეპარატისტების მიერ წლების წინ წამოყენებული და მალევე დასამარებული იდეა კიევის კონტროლიდან დროებით გამოსული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე „ნოვოროსიის“ შექმნისა 18 ივლისს ჩაანაცვლა „მალოროსიის“ იდეამ.

„ჩვენ, ყოფილი უკრაინის რეგიონების წარმომადგენლები, ყირიმის გამოკლებით, ვაცხადებთ ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას, რომელიც უკრაინის მემკვიდრე იქნება. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ახალ სახელმწიფოს ეწოდოს „მალოროსია“, ვინაიდან თავად სახელწოდება „უკრაინამ“ თავის თავის დისკრედიტაცია მოახდინა“, - განაცხადა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ, რომელმაც 18 ივლისს საგანგებო პრესკონფერენციაზე წაიკითხა მალოროსიის საკონსტიტუციო აქტი და პოლიტიკური დეკლარაცია.

დონბასელი სეპარატისტების ამ ნაბიჯს „რუსეთის აგრესიული გეგმების მორიგი დადასტურება“ უწოდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელმაც „მალოროსია 17-ს“ კრემლის უფრო ადრინდელი „ნოვოროსია 14“-ის ბედი უწინასწარმეტყველა.

მკვდრადშობილი უწოდა „მალოროსიის“ იდეას პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერების ამ განცხადებას თბილისიდან გამოეხმაურა და, თავის მხრივ, მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად აღადგენს სუვერენიტეტს დონბასსა და ყირიმში.

უკრაინელი ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ „მალოროსიის“ შექმნის პროექტის გამოცხადებისათვის დონეცკელ სეპარატისტებს 18 ივლისი შემთხვევით არ შეურჩევიათ და იგი, გარკვეულწილად, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში სახელმწიფო ვიზიტსაც დაამთხვიეს.

„გარდა ამისა, ეს უფრო მეტად უკავშირდება სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მინსკის შეხვედრას, რომელზეც ეძებენ დონბასში მიმდინარე კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების გზებს. რაც შეეხება თავად სახელწოდებას და პროექტ „მალოროსიას“, რომელიც მე-19 საუკუნის უკრაინის სახელწოდებიდან მოდის, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შესაძლოა, სეპარატისტებს გაუჩნდათ გარკვეული უნდობლობა მოსკოვისადმი და სურთ მოსკოვისგან დისტანცირება“, ამბობს ჩვენი კოლეგა, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიმომხილველი, როსტისლავ ხოტინი.

ნიშანდობლივია, რომ „მალოროსიის“ სახელმწიფოს შექმნის გამოცხადებიდან მალევე არაღიარებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ ამ პროექტთან. ლუგანსკის სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ვლადიმირ დეგტიარენკოს, თქმით, მასთან ეს საკითხი არ შეუთანხმებიათ და მათ წარმომადგენლებს არ მიუღიათ მონაწილეობა დონეცკში გამართულ იმ შეხვედრაში, რომელზეც ახალი სახელმწიფოს დაფუძნება გამოცხადდა. ამასთან, ლუგანსკში აცხადებენ, რომ მათში დიდ ეჭვს ბადებს ასეთი ნაბიჯის მიზანშეწონილობა, რადგან ვერ ხედავენ მინსკის შეთანხმებების ალტერნატივას, შეთანხმებებისა, რომელთა შესრულებასაც საფრთხის ქვეშ აყენებს დონეცკელ სეპარატისტთა აღნიშნული ინიციატივა.

აღმოსავლეთ უკრაინის საერთაშორისო მედიატორების, „ნორმანდიის ფორმატის“ წამყვანი სახელმწიფოების - გერმანიისა და საფრანგეთის - საგარეო უწყებებმა დაგმეს დონეცკელი სეპარატისტების მიერ „მალოროსიის“ სახელმწიფოს შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადება და აქეთკენვე მოუწოდეს რუსეთს. "მოვუწოდებთ რუსეთს, დაგმოს ეს ფაქტი, რომელიც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების დარღვევას და „ნორმანდიის ფორმატში“ მიმდინარე მოლაპარაკებების სულისკვეთების ღალატს“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების საგანგებო განცხადებაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG