Accessibility links

არცევში მოკლეს მარეკ დუდაევი


მარეკ დუდაევი ცხინვალის სასამართლოში. 20 ივნისი 2016 წ.

ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ეს ინფორმაცია გუშინ საღამოს ოსური მედიით გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო “რესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ დუდაევი, რომელსაც თავში ორი ტყვია ჰქონდა ნასროლი, სოფლის ყოფილ კლუბში იპოვეს. ოსური მედიის ინფორმაციით, მანამდე, თურმე, შენობაში სუფრა იყო გაშლილი, რომელზეც დუდაევის თანასოფლელიც იმყოფებოდა. დუდაევს სწორედ მან ესროლა, შემდეგ კი მიიმალა. გუშინ სამართალდამცავები მკვლელის ვინაობას არ ასახელებდნენ, ცოტა ხნის წინ კი დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურაში ოსურ მედიას განუცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე არცევის მცხოვრებ 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევის წინააღმდეგ არის აღძრული მკვლელობისა და იარაღის შენახვა-ტარების მუხლით. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დღეს დილით კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა. მინისტრ იგორ ნანიევის თქმით, დუდაევის მკვლელი, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიიმალა, სადაც მას ნათესავები ჰყავს. მკვლელობის საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს. ამ საქმეზე ცხინვალელ ჟურნალისტებთან კომენტარი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურად ჯიოევმაც გააკეთა. მისი თქმით, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მკვლელის მიმალვის ფაქტი დადასტურდა, მაშინ, შესაბამისი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, ოსური მხარე დამნაშავის დაკავებისა და გადაცემის მოთხოვნით მიმართავს. მარეკ დუდაევის ყოფილი მეუღლის განცხადებით, მკვლელს დუდაევთან ადრეც ჰქონდა კონფლიქტი. ამის შესახებ „სპუტნიკ ოსეტია“ წერს.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:39 0:00
Direct link

„როგორც ჩანს, კონფლიქტის შემდეგ მკვლელს მარეკის ეშინოდა. ის მარეკის ფერმაში მივიდა და თავში ესროლა“, - განაცხადა დუდაევის ყოფილმა მეუღლემ, მართა ვაზაგოვამ.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მარეკ დუდაევის მიმართ როგორც ოსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება შეურიგებელი იყო და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის არაფერი გაუკეთებია. ცხურბათის აზრით, მარეკ დუდაევი ომის მსხვერპლია, იმ ომისა, რომელიც სიძულვილს თესავდა და ადამიანებს აბოროტებდა.

ვინ იყო მარეკ - იგივე ნოდარ - დუდაევი, რომლის შესახებაც ბევრი დაწერილა და თქმულა? მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ოსური მხარე მის გათავისუფლებას მუდმივად მოითხოვდა. გათავისუფლებული დუდაევი ცხინვალში როგორც გმირი, ისე მიიღეს, საქართველოში კი მას ყველაზე სასტიკ დამნაშავედ მიიჩნევდნენ. 2016 წლის ივნისში დუდაევი ოსმა სამართალდამცავებმა ახალგორში დააკავეს და მას ადგილობრივი მეწარმეებისგან ფულის გამოძალვის ბრალდება წაუყენეს, თუმცა რეკეტში ეჭვმიტანილი ცხინვალის ციხეში დიდხანს არ გაუჩერებიათ. ამის შემდეგ ოსურ საზოგადოებაში მისი ქება-დიდება შეწყდა. ახლაც სოციალურ ქსელებში ცხინვალელი კომენტატორები მისი მკვლელობის ფაქტს ფრთხილად აფასებენ და მხოლოდ იმას წერენ, რომ უბედურმა კაცმა უბედურად დაასრულა სიცოცხლე. ქართველი კომენტატორების აზრი კი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დუდაევი სასტიკი მტერი იყო, მეორე ნაწილი კი მის გაბოროტებას 90-იანი წლების კონფლიქტს უკავშირებს, როცა მოზარდი დუდაევის თვალწინ სოფელში შესული არაფორმალური დაჯგუფების წევრებმა მამა ჯერ მოუკლეს, შემდეგ კი გაუუპატიურეს. კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა კარგად იცის მარეკ დუდაევის ისტორია. მისი აზრით, დუდაევი არის ომისა და სისასტიკის სახე, როცა სიძულვილს სიძულვილი ემატება და ადამიანის გაბოროტება არნახულ მასშტაბს აღწევს. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დუდაევის გათავისუფლებისას ის პრაგმატულად მოიქცა, როცა ოსური მხარისთვის გადაცემით ცხინვალის ციხიდან ქართველი პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო.

მთიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელის ზაალ კასრელიშვილის აზრითაც, მარეკ დუდაევი უფრო დროის მსხვერპლია, რომელმაც ხელში იარაღი აიღო და კრიმინალური საქმიანობა დაიწყო. კასრელიშვილი დუდაევის საქართველოს ციხეში ყოფნის დროს მის ნათლობასაც იხსენებს.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მარეკ დუდაევის მიმართ როგორც ოსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება შეურიგებელი იყო და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის არაფერი გაუკეთებია. ცხურბათის აზრით, მარეკ დუდაევი ომის მსხვერპლია, იმ ომისა, რომელიც სიძულვილს თესავდა და ადამიანებს აბოროტებდა.

24 იანვარს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც მურატ ჯიოევმა განაცხადა, ოსური მხარე, დუდაევის მკვლელის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიმალვის დადასტურების შემთხვევაში, ქართულ მხარეს ვიაჩესლავ კაზიევის დაკავების და გადაცემის მოთხოვნით მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG