Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია: მითი თუ რეალობა?


ავტორი: გუგა ყიფიანი

ექნება თუ არა უახლოეს მომავალში ქართულ საზოგადოებას ის რეფორმები, რომლებსაც უკვე მერამდენე წელია მოვითხოვთ?

დეკრიმინალიზაცია, სექსუალური თავისუფლება, მწვანე პოლიტიკა, ფემინიზმი,თანდათან იკიდებს ფეხს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და დღითი დღე აქტუალური ხდება, მაგრამ თითებზე ჩამოსათვლელია პარტიები, რომლებიც სერიოზულად ეკიდებიან ამ თემებს. რთულია, ქართული რეალობიდან გამომდინარე, რომელიმე პარტიას მოთხოვო პრიორიტეტად ეს თემები ჰქონდეს, როდესაც სახელმწიფო ძალიან ბევრი მატერიალური გამოწვევის წინაშე დგას (უმუშევრობა, სიღარიბე და ა.შ.). ასეთ დროს პოსტმატერიალისტური საკითხებისთვის აღარავის სცალია. თუმცა გვაქვს გამონაკლისიც „გირჩის“ სახით, რომელიც დიდ ყურადღებას იჩენს ნარკოპოლიტიკის მიმართ. 2016 წელს საპარლამენტოწინასაარჩევნო დაპირებებს თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ყველა პარტია მომხრეა ან დეკრიმინალიზაციის, ან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მაინც. ისიც საკითხავია რა იგულისხმება ლიბერალიზაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას მმართველი გუნდი აცხადებს.

სასიამოვნოა, როდესაც პარტიებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ ნარკოპოლიტიკის მიმართ, თუმცა ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ეს მხოლოდ ხმების მოსაზიდი ხრიკია და არაფერი სხვა. ეს ეჭვი არც არის უსაფუძვლო, მაგალითად: იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოთქვამდა სურვილს ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მისი პოზიცია რადიკალურად შეცვლილია:
„არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია".1
მაშინ როდესაც პარტიები ხშირად ცვლიან საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რთულია დარწმუნებული იყო რომელიმეს დაპირებაში.

ფაქტი სახეზეა, რომ უკვე მერამდენე წელია ეს საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. შეიძლება ყოველი მეორე სიახლე ამ თემას არ ეხება, თუმცა არის პერიოდები, როდესაც ეს თემა დგება დღის წესრიგში. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით „თეთრი ხმაურის მოძრაობასა“ და „გირჩს“. ისინი მუდამ გამოხატავენ მხარდაჭერას იმ პიროვნებების მიმართ, რომელთაც ასამართლებენ არსებული კანონმდებლობით.
აქვე უნდა დაზუსტდეს ერთი რამ: დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ ადამიანები მარიხუანის მოხმარების გამო არ უნდა ხდებოდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები და არ უნდა ატარებდნენ თავიანთი ცხოვრების არც ერთ დღეს საპყრობილეში. დეკრიმინალიზაცია არ ათავისუფლებთ მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და არც გასაღების, მოყვანის ან მოპოვების უფლებას ანიჭებს. პრობლეემა ისაა, რომ ხშირად დეკრიმინალიზაცია იგივდება ლეგალიზაციასთან, რაც დიდი შეცდომაა და საჭიროა მოქალაქეების სწორი ინფორმირება ამ კუთხით.

ძირითადი მიზეზი რის გამოც არ არის წინსვლა არის ის, რომ ეს პოსტმატერიალისტური საკითხია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსახლეობისთვის წინა პლანზე დგას უმუშევრობა, სიდუხჭირე და ა.შ. ბუნებრივია, მათ ფონზე დეკრიმინალიზაცია უკანა პლანზე გადადის როგორც პარტიებისთვის ასევე მოქალაქეებისთვის. ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება უნდა მოხდეს სხვა რეფორმების პარალელურად. პრიორიტეტებზე თუ მიდგება საქმე ბუნებრივია უმეტესობა კეთილდღეობას აირჩევს და არა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას.

ამ საკითხთან მიმართებაში პროტესტის ძირითად საგანს მოსახლეობის მხრიდან წარმოადგენს მკაცრი და არაცივილური მიდგომა ნარკომომხმარებლების მიმართ. უმჯობესია ხელისუფლებამ მიმართოს პოზიტიური წახალისების მოდელს(ამ შემთხვევაში დეკრიმინალიზაცია) და არა ნეგატიურის. დადებითი მხარეები:
1) მოქალაქეების ნება დაკმაყოფილდება.
2) გვექნება შედარებით ლიბერალური და თანამედროვე კონსტიტუცია.
3) დეკრიმინალიზაციამ შედეგი გამოიღო პორტუგალიაში, სადაც 2001 წლისთვის სავალალო მდგომარეობა ფიქსირდებოდა: იმ პერიოდისთვის პორტუგალიაში ევროპის მაშტაბით(პროცენტულად) ყველაზე მეტი ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი ცხოვრობდა და ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივაც პირველ ადგილს იკავებდა. თუმცა პროგრესული რეფორმების ხარჯზე ნარკოტიკების მოხმარებით გარდაცვლილთა რიცხვი რადიკალურად შემცირდა და ასევე შემცირდა ინფექციური დაავადებების რიცხვი ნარკოდამოკიდებულთა შორის.

გთავაზობთ ცხრილს, სადაც ასახულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების
მომხმარებელთა რაოდენობის ცვლილებას 2001-2006 წლებში, პორტუგალიაში.

ამ მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ დეკრიმინალიზაციას დადებითად შედეგები მოაქვს საზოგადოებისთვის. ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ იძულებით ნარკოტესტირების ჩატარებას, მათზე ზეწოლასა და მოხმარების გამო ციხეში ჩასმას ჯობს ნარკომომხმარებელს მიემაგროს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი ან ექიმი, რომელიც იზრუნებს მის ჯანმრთელობასა და რესოციალიზაციაზე.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ საკითხთან დაკავშირებით: თვითონ მოქალაქეების აზრი ორად იყოფა, რაც თავისთავად ხელს უშლის ამ კანონპროექტის განხორციელებას. ჩემი დაკვირვებით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეინიშნება ასაკობრივი სხვაობა. მათი გამიჯვნა პირობითად ასე შეგვიძლია:
მომხრეები - ახალგაზრდები(არ იგულისხმებიან მხოლოდ თინეიჯერები), რომლებსაც სურთ ევროპული პრაქტიკის გადმოტანა და დამკვიდრება საქართველოში, რომელიც ფაქტია ამართლებს.
მოწინააღმდეგეები - უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც წარსული გამოცდილებით ხელმძღვანელობენ. რთულია, მათ შეეწინააღმდეგო და აუხსნა, რომ საუბარია მსუბუქ ნარკოტიკზე და არა „კრაკადილზე“ და მისთანებზე, რომლებიც თავის დროზე მეფობდნენ ქუჩაში.

რაღაც კუთხით შეიძლება ითქვას, რომ წინ მივდივართ, რადგან ეს საკითხი მეტნაკლებად დღის წესრიგში დგას, თუმცა ეს არაა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად. საჭიროა მეტი სამოქალაქო აქტივიზმი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა და საჭიროება. მართალია, ბევრი წინაღობაა დასაძლევი, თუმცა ადრე თუ გვიან, ხალხი თავისას გაიტანს, რადგან ეს პროცესი შეუქცევადია. თუმცა ერთი ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი: ამ შემთხვევაში „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ პრინციპი მიუღებელია! მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვიანდეს რეფორმა, რადგან კიდევ ბევრი მსხვერპლი ეყოლება ამ უაზრო ნარკოპოლიტიკას.

-------------------------

1 „თეა წულუკიანი ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია“, imedinews.ge 12.10.2017(ხელმისაწვდომია: https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/31132/tea-tsulukiani-aramts-da-aramts-ar-unda-mokhdes-narkotikebis-dekriminalizatsia )

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG