Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი სირიის გამო ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი

შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ერთმანეთს მძიმე ბრალდებები წაუყენეს სირიაში ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე 19 სექტემბრის თავდასხმის გამო. თეთრმა სახლმა ღიად დაადანაშაულა რუსეთი საჰაერო თავდასხმაში, რომლის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა და ავტოკოლონის მანქანები განადგურდა. რუსეთმა გადაჭრით უარყო ბრალდება და თავდასხმის შესახებ თავისი ვერსიით გამოვიდა.

გადმოწერა

„პარალელური სამყარო“ - ეს მეტაფორა მოიშველია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, როცა გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. „ვუსმენდი ჩემს რუს კოლეგას (სერგეი ლავროვს) და, ცოტა არ იყოს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი პარალელურ სამყაროში არიან. ლავროვმა თქვა, არავინ უნდა წამოაყენოს პირობები (მოლაპარაკების) მაგიდასთან დაჯდომამდეო. კეთილი, ორჯერ შევიკრიბეთ ვენაში, შევიკრიბეთ აქ, ნიუ-იორკში, და მივემხრეთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. მერე ისევ შევიკრიბეთ მიუნხენში. და ყველგან - სირიის მხარდამჭერმა საერთაშორისო ჯგუფმა, აქ უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ზავს, რომელიც ყველა მხარეს ეხება. ეს არ არის წინასწარი პირობა! ეს არის საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც ოთხჯერ მივაღწიეთ“, - განაცხადა ჯონ კერიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მანამდე ვაშინგტონმა ღიად დაადანაშაულა მოსკოვი ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ ალეპოსთან, ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმაში. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთის ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჰუმანიტარული ავტოკოლონის მახლობლად ჰაერში იყო 19 სექტემბერს თავდასხმის მომენტში. მოსკოვმა გაჯავრებულმა უარყო ბრალდება და, თავის მხრივ, გამოაცხადა, რომ შეტევის დროს შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავი იმყოფებოდა ალეპოსთან ჰაერში.

აი, რა თქვა 21 სექტემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა: „იმავე საღამოს, 19 სექტემბერს, სწორედ ამ რაიონში, ჰაერში, 3 600 მეტრის სიმაღლეზე, საათში 200 კილომეტრის სიჩქარით იმყოფებოდა საერთაშორისო კოალიციის საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც თურქეთის ინჯირლიკის საჰაერო ბაზიდან აფრინდა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა იქვე უარყო ბრალდება ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიადარტყმის შესახებ. საერთაშორისო კოალიციას, როგორც ცნობილია, აშშ ხელმძღვანელობს. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ვრცლად გამოეხმაურა რუსეთის განცხადებებს ჰუმანიტარულ ავტოკოლონასთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ.

„თავიდან პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამტკიცებს, ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმა, რაღაცნაირად, აუცილებელი საპასუხო ზომა იყო ექსტრემისტების ჯგუფ „ალ ნუსრის“ სავარაუდო იერიშზეო. ეს იყო პირველი განცხადება. მერე რუსეთის ელჩმა თქვა, რომ რუსეთისა და სირიის ჯარებს არ დაუბომბავთ ეს რაიონი, მაგრამ მიზანში ჰქონდათ ამოღებული სირიის ქალაქი ხან ტუმანი. მერე უკვე სრულიად განსხვავებული ამბავი მოვისმინეთ: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ჰუმანიტარულ ავტოკოლონას მისდევდნენ ექსტრემისტები პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანით და ნაღმსატყორცნით - ამის მტკიცებულება არ გვინახავს. (...) და, სხვათა შორის, ნაღმები (ავტოკოლონას) ვერ მიაყენებდა ისეთ ზიანს, როგორიც იმ სატვირთო მანქანებსმიადგა. მერე თავდაცვის სამინისტრომ მთლიანად შეცვალა ვერსია და უარყო რუსეთის მონაწილეობა... მერე კონაშენკოვი კიდევ უფრო შორს წავიდა და გამოაცხადა, ავტოკოლონისათვის მიყენებული ზიანი იყო პირდაპირი შედეგი იმის, რომ ტვირთს ცეცხლი წაეკიდაო. თურმე სატვირთო მანქანებს, სურსათსა და წამლებს უეცრად ცეცხლი წაეკიდა! ნუთუ ვინმემ შეიძლება ეს დაიჯეროს?“ - შეეკითხა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეკრებილებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ის გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ფრენისათვის აკრძალული ზონა ჩრდილოეთ სირიის ზოგ ნაწილში, რათა ადამიანებს ზავის სჯეროდეთ და ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს ხალხთან, რომელიც ალყაშემორტმულ დასახლებებში ცხოვრობს.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროში თქვა, რომ რუსეთი და სირია აღარ აპირებენ ჩართვას ბრძოლის „ცალმხრივ“ შეწყვეტაში: სირიის რეჟიმთან მებრძოლი ოპოზიციური ჯგუფები, ლავროვის თქმით, ცეცხლის შეწყვეტას შესაიარაღებლად და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად იყენებდნენ. ამასთან, რუსმა მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო შეერთებული შტატების საჰაერო იერიში, რომელიც სირიაში გასული კვირის მიწურულს, 17 სექტემბერს, მოეწყო და ათობით სირიელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

ამ ბრალდებების ფონზე, დამაიმედებლად გაისმა გაეროს განცხადება, რომაპირებს სირიაში განაახლოს ჰუმანიტარული ოპერაციები, რომლებიც შეაჩერა ალეპოსთან 19 სექტემბერს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG