Accessibility links

“Me too” – დიდი და პატარა ქალები


“პატარა ქალები” (Little Women 2019, აშშ, რეჟისორი გრეტა გერუიგი)

საახალწლოდ ინტერნეტგამოცემა ”პუბლიკამ” კინომცოდნეებს ათწლეულის საუკეთესო ქართული ფილმების სიის შედგენა გვთხოვა. ათი ფილმის სიას რომ დავხედე, მართლა ძალიან გამიხარდა - აღმოვაჩინე, რომ ათიდან 4 ფილმის ავტორი ქალი იყო. ზოგადად, არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი და მაინცდამაინც არ ვაქცევ ყურადღებას ხელოვანის სქესს, მაგრამ მსოფლიო კინოში კარგი რეჟისორი ქალების დეფიციტის პრობლემა რომ არსებობს, ფაქტია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? კინორეჟისორი ქალების რეალური ნაკლებობაა, თუ კინემატოგრაფიული სამყარო ისევ ”არ უშვებს” ქალს თავის სივრცეში? თანაც, თავიდანვე უწევს წინააღმდეგობას. ფემინისტების დიდი ნაწილი ამიტომაც უჭერს მხარს ”გენდერულ კვოტებს” დიდ კინოფესტივალებზე. თუმცა კანში, ბერლინსა და ვენეციაში ამ ინიციატივას ღიად ეწინააღმდეგებიან - კვოტებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საკონკურსო პროგრამის ხარისხზე.

ოფიციალურად კვოტებზე უარს ამბობენ, მაგრამ ქალთა უფლებების დამცველებთან კონფლიქტებს, როგორც ჩანს, მაინც ერიდებიან. ”ა ” კლასის კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამებში თითქმის აუცილებელი გახდა ერთი ან ორი ”ქალის ფილმის” ჩართვა. ვერ ვიტყოდი, რომ წელს ბერლინსა თუ კანში ნაჩვენები ამ სურათების მხატვრული დონე ძალიან მაღალი იყო. თითქმის საყოველთაო აღფრთოვანება, რომელიც გამოიწვია ფრანგი რეჟისორის, სელინ სიამას, ფილმმა ”ალმოდებული ქალის პორტრეტი” (სურათი კინაღამ კანის ”ოქროს პალმის” ლაურეატი გახდა), მე პირადად ცოტა გადაჭარბებული მგონია. ასეთ კინოზე სწორება თანამედროვე კინოხელოვნებას ბევრს ვერაფერს მოუტანს. მეტისმეტად ტრადიციულია ეს ესთეტიკა ჩემთვის.

ქალთა უფლებების დამცველთა რისხვა არ ასცდებოდა ამერიკულ კინოაკადემიასაც, ”ოსკარის” ნომინანტებს შორის ქალის გადაღებული ერთი ფილმი მაინც რომ არ დაესახელებინათ. აკადემიკოსებს წელს ისედაც მოხვდათ ”ფინალური” ნომინაციების გამო. ისევ ამბობენ, რომ ”ოსკარი”, მიუხედავად გასული წლების ცალკეული გამონათებებისა, რჩება ”თეთრკანიან ჰეტეროსექსუალთა” ფილმების დათვალიერებად. ჰოდა, ნომინანტებს შორის კინორეჟისორი ქალის ერთი ფილმიც რომ არ გვენახა, წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებდნენ ამერიკულ კინოაკადემიას?

გრეტა გერუიგის სურათმა ნამდვილად გადაარჩინა ”ოსკარი” ფემინისტების თავდასხმისგან. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ ”პატარა ქალები” საუკეთესო ფილმების ნომინანტთა შორის ვალის მოხდის გამო მოხვდა. ბევრ თავის კონკურენტს სჯობია და ყველას გირჩევთ ამ ფილმის ნახვას (ოჯახებით. მშვიდად შეგიძლიათ ბავშვები წაიყვანოთ კინოში). სხვათა შორის, სჯობია თავის მთავარ კონკურენტს, ”ქორწინების ისტორიას”. ”მთავარს” იმიტომ ვამბობ, რომ გრეტა გერუიგი ”ქორწინების ისტორიის” ავტორის, ნოა ბაუმბახის... გოლფრენდია. და ეს წლევანდელი ”ოსკარების” მთავარი ინტრიგაა, ალბათ. კინოაკადემიას მოუწევს არჩევანის გაკეთება ცოლსა და ქმარს, ქალსა და მამაკაცს შორის. რომელი ფილმი მოიგებს? პირდაპირ სიმბოლური დუელია თანამედროვე ამერიკულ კინოში! მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტილისტურად ”ქალები” საერთოდ არ ჰგავს ”ქორწინების ისტორიას”. გარკვეული თვალსაზრისით, უპირისპირდება კიდეც მას. მე-19 საუკუნის ამერიკელი მწერლის, ლუიზა მეი ოლკოტის, რომანის ამ ახალ ეკრანიზაციაში გერუიგმა აქცენტი გადაიტანა სურათზე, გამოსახულებაზე ( და არა თეატრზე, სატელევიზიო კინოს ესთეტიკაზე, როგორც ”ქორწინების ისტორიის” ავტორმა). 4 და, ”პატარა ქალები”, რომლებიც დიდად არ ჰგვანან ერთმანეთს, ჩვენს თვალწინ შეიცნობენ სამყაროს (მოქმედება ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ვითარდება). შესაბამისად, ავტორისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მარტო გოგონების ხასიათების გამოხატვა, მათი ”განვითარების” ჩვენება, სიყმაწვილესთან მათი დამშვიდობება, არამედ სწორედ ეს ”სურათი”, გამოსახულება, ანუ სამყარო, რომლის მიმართ მათ დამოკიდებულება ეცვლებათ. ოთხ დას შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ჯო (სირშა რონანი ამ როლში შესანიშნავია), რომელსაც არ სურს სხვა ქალებივით ცხოვრება (”ბედნიერი” ქორწინება და ოჯახის შექმნა), ოცნებობს წარმატებული დრამატურგის კარიერაზე, თუმცა სისტემა, რომელიც ამ ეპოქამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა, მას ყველანაირად ეწინააღმდეგება. ფილმის ყურების პროცესში შეიძლება მიაგნოთ პასუხს კითხვაზე, რატომაა კინოს ისტორია ღარიბი რეჟისორი ქალების კარგი ფილმებით. დიახ, ღარიბია იმიტომ, რომ კულტურულ სისტემაში, რომელიც დიდი ხნის წინ შეიქმნა, ქალებისთვის ადგილი ჯერ კიდევ არაა. უფრო სწორად, ადგილი გაჩნდა, მაგრამ მისი ათვისება არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო - თუ გნებავთ, იმ დროიდან, რომელშიც ვითარდება ”პატარა ქალების” მოქმედება. ”შენს გმირს შინაბერად თუ დატოვებ, მაგ წიგნს არავინ იყიდის”, - ეუბნება ჯოს გამომცემელი.

რამე შეიცვალა, თქვენი აზრით, სამყაროში მას შემდეგ? აბა, ვის უყვარს წიგნები, ფილმები შინაბერებზე? არამარტო ცუდად იყიდება. ეჭვი მაქვს, ასეთ კინოს ფესტივალებზეც არ სწყალობენ.

ლუიზა მეი ოლკოტის რომანი, მშვენივრად თარგმნილი ქართულად (მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი), ”პროტოფემინისტურ წიგნად” ითვლება და ძალზე პოპულარულია დღეს ამერიკაში. ესაა ფემინისტურ მანიფესტად ქცეული საბავშვო წიგნი. ესაა ერთგვარი პასუხი კითხვაზე, რომელსაც, საოცრებაა, მაგრამ დღესაც კი, 21-ე საუკუნეში, ხშირად სვამენ მამაკაცები (და არამარტო მამაკაცები): ”რატომ არ ვიცით ცნობილი ფილოსოფოსი ქალები?”, ”სად არიან, აბა, კარგი მხატვარი ქალები ხელოვნების ისტორიაში“? ეს კითხვები თითქმის რიტორიკულია და იმას გულისხმობს, რომ ქალი, რომელსაც კულტურამ, დიდი ხანია, ერთი, კონკრეტული სოციალური როლი მიანიჭა, არ შეიძლება იყოს კარგი ფილოსოფოსი ან კარგი მხატვარი. სელინ სიამას ფრანგული ფილმიც ამ კითხვაზე პასუხია, მაგრამ ”ალმოდებული ქალის პორტრეტში” ეპოქას, ისტორიას არა აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც აქ, ”პატარა ქალებში”. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, როგორ ვითარდება ისტორია, როგორ გადადის ეს ”შემოქმედებითი სიჯიუტე” თაობიდან თაობაში და მაშინაც კი, როცა ვერ ვხედავთ, ”რა ხდება გარეთ”, მაშინაც კი შევიგრძნობთ ისტორიას და დროს. კარგი ლიტერატურული პირველწყარო, დიალოგები, მშვენიერი მსახიობები... ეს ყველაფერი საშუალებას აძლევდა რეჟისორს მეტი ყურადღება დაეთმო დროისთვის, ფაქტურისთვის და გადაეღო ფილმი-სანახაობა ქალებზე, რომლებსაც უყვართ თავისუფლება. იბრძვიან თავისუფლებისთვის ჯერ კიდევ მაშინ, როცა სრულიად მარტონი არიან, მაშინ, როცა მამაკაცები ომობენ. კი, ეს ფილმი უფრო ტრადიციულია, ვიდრე გრეტა გერუიგის წინა ნამუშევარი, ”ლედი ბერდი”, მაგრამ დროსთან დამოკიდებულებაში, დროის მონაკვეთების კომბინაციებში (და ”რეკომბინაციებში”) ავტორი ძალიან თამამია.

შესაძლებელია რაღაცებმა გაგაღიზიანოთ ფილმში - ზედმეტმა სენტიმენტალურობამ ზოგიერთ სცენაში, აბსოლუტურად გაუაზრებელმა სანდტრეკმა (ეს უცნაურია, რადგან რეჟისორი ნამდვილად გამოირჩევა რიტმის შეგრძნებით აქაც და ”ლედი ბერდშიც”), საკმაოდ ხელოვნურმა ”ცაიტ-ლუპამ” (შენელებული დროის ახლო ხედით გამოხატვა). შეიძლება იმაზე კამათიც, თუ რამდენად გამართლებულია ყველა სცენის ერთნაირად ”ლამაზი სურათით” წარმოდგენა - როგორც დრამატულის, ასევე ბედნიერების, სიხარულის გამომხატველი ეპიზოდების. მსახიობებსაც უჭირთ ზოგჯერ და ფილმს ”სიტუაციურ კომედიად” აქცევენ. მაგრამ ფაქტი ერთია - 2020 წლის ამერიკული ”ოსკარის” ფინალში გასულ ფილმებს შორის გრეტა გერუიგის ფილმი ყველაზე ზუსტად გამოხატავს ”მი თუს” ეპოქას და იმ ვნებებს, რომლებიც, პირველ რიგში, ქალებს დაუგროვდათ თანამედროვე ჰოლივუდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG