Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს პირველობა მედიის თავისუფლების რეიტინგში


მონიტორინგის აპრილ-ივნისის შედეგების წარდგენა
მონიტორინგის აპრილ-ივნისის შედეგების წარდგენა

საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანას შორის (საქართველო, მოლდავეთი, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია), მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა. მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევას საქართველოში ასოციაცია „მწვანე ტალღა“ ატარებს უკვე რამდენიმე თვეა. ამჯერად მონიტორინგის აპრილ-ივნისის შედეგები გამოქვეყნდა. რა განაპირობებს საქართველოს ლიდერობას და რა ხარვეზები გამოკვეთეს მედიამკვლევრებმა?

ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მედიაქვეჯგუფის ფარგლებში მიმდინარე კვლევის შედეგების თაობაზე საუბრისას, ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღის“ დირექტორი მაკა ჯახუა ამბობს, ეს კვლევა საუკეთესო დასტურია იმისა, თუ როგორ არიან ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები ევროინტეგრაციის პროცესშიო:

მაკა ჯახუა
მაკა ჯახუა

„ის ქვეყნები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, ყოველთვის იკავებენ პირველ ადგილებს. სომხეთი იყო ამის საუკეთესო მაგალითი: 2012 წლამდე, სანამ ისინიც გამოხატავდნენ ევროინტეგრაციის სურვილს, მათი წარმატება მედიის კუთხით იყო ასევე საქართველოს მსგავსი, მაგრამ მას შემდეგ, რაც განაცხადეს საბაჟო კავშირში გაერთიანების სურვილი, ისინი კვლავ გადავიდნენ, დღეის მონაცემებით, მე-4 ადგილზე. უკრაინას მაიდნამდე, მაიდნის დროსაც და შემდეგაც ჰქონდა ძალიან მყიფე პოზიციები, მაგრამ მაშინვე, როგორც კი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, უკრაინამ კვლავ მესამე ადგილი დაიკავა, საქართველოსა და მოლდავეთის შემდეგ“.

კვლევაში, რომლის მიზანიცაა იმის დადგენა, თუ რამდენად თავისუფალია მედია პოლიტიკური და სხვა გავლენებისგან, რამდენად თავისუფლად ხორციელდება საქმიანობა, თავისუფალია თუ არა მედია ცენზურისგან, ხომ არ ხდებიან ჟურნალისტები თავდასხმისა და მუქარის მსხვერპლნი, ხომ არ უწესდება მედიას ჯარიმები, რამდენად ხელმისაწვდომია მაუწყებლობის განხორციელება და, ასევე, რამდენად თავისუფალია ინტერნეტსივრცე, მონაწილეობს ათი ექსპერტი, რომლებიც როტაციის წესით იცვლებიან. ისინი ოთხი მთავარი ბლოკისგან შემდგარ კითხვარს ავსებენ დამოუკიდებლად და ქულების მინიჭებით აფასებენ მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს.

მნიშვნელოვანი ხარვეზები შეიძლება იყოს უშუალოდ ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებაში, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში იყენებენ...
ნათია კაპანაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, რომელიც ივნისამდე ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ კითხვარი საქართველოსთან მიმართებით არარელევანტურია:

„ჟურნალისტების დევნა, იჭერენ თუ არა ჟურნალისტებს გამოთქმული მოსაზრებების გამო, არის თუ არა ცენზურა, სახელმწიფო ფლობს თუ არა ტელევიზიას, ანუ ამ ბევრ კითხვაზე ჩვენგან იყო უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, - ბელორუსიას, აზერბაიჯანს, - ჩვენ ბევრად წინ ვართ ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით კითხვარი ცოტა უფრო უნდა მოერგოს საქართველოს რეალობას, რადგან ჩვენ ახალ ეტაპზე ვართ და თუნდაც რამდენიმე წლის წინანდელი პრობლემებიც აღარ არის აქტუალური“.

მთავარ პრობლემურ საკითხებს შორის ექსპერტებმა გამოყვეს გაზაფხულზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჯერაც არ გადაწყვეტილა. შემფასებლების შეხედულებით, ხელისუფლება პროცესის პოლიტიზებას ცდილობს, რითაც მაუწყებლის ობიექტურ მუშაობას ხელს უშლის.

ამასთან, როგორც მედიაექსპერტი ნათია კაპანაძე ამბობს, შედეგი, რომელიც გამოვლინდა, არის მისაღები, მაგრამ ეს ძირითადად განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეები არ არის ჟურნალისტების წინააღმდეგ:

„თუმცა ხარვეზები, რა თქმა უნდა, არსებობს, ისეთი, მაგალითად, როგორიც არის არჩევნების კენჭისყრის დღეს ჟურნალისტების სამუშაო რეჟიმი, და ეს გადასახედია. ხშირ შემთხვევებში სასამართლოში გადაღებების დროს მაუწყებლებს აქვთ ასეთი პრობლემები და ასევე მნიშვნელოვანი ხარვეზები შეიძლება იყოს უშუალოდ ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებაში, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში იყენებენ. მაგალითად, იყენებენ ისეთ სიტყვებს, ისეთ დამოკიდებულებას, რაც, შესაძლოა, გადამდები იყოს სხვა საჯარო მოხელეებისათვის, რაც, მთლიანობაში, რა თქმა უნდა, დააზიანებს მედიის ხარისხს“.

ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან. ეს ყველაფერი ასახულია ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა და მოახდინა რატიფიცირება...
ბორის იაროშევიჩი

შედეგს, რომელიც საქართველომ უჩვენა კვლევის მიხედვით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი მიჰყავს დასკვნამდე, რომ ქვეყანა ნამდვილად მიისწრაფვის ევროკავშირისკენ და მის ამ სწრაფვას მედიის თავისუფლების ხარისხიც ავლენს:

„მედიის თავისუფლება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისკენ სწრაფვის ნაწილი. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ ვისაუბროთ ღირებულებებზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა და ის გზა, რომ უკეთესი შედეგები აჩვენოს მედიის თავისუფლების მხრივ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან. ეს ყველაფერი ასახულია ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა და მოახდინა რატიფიცირება“.

მედიის თავისუფლების მონიტორინგი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ორწლიანია და ის გასული წლის სექტემბერში დაიწყო.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG