Accessibility links

მედლინ ოლბრაიტი და NDI-ის დელეგაცია საქართველოში


მედლინ ოლბრაიტი

ხუთდღიანი (11-15 ივნისი) ვიზიტის ფარგლებში თბილისში შეხვედრებს მართავს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი - მედლინ ოლბრაიტი. NDI-ის დელეგაციაში არიან, ასევე, ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის პარტნიორები. ვიზიტის მიზნად სახელდება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, საქართველოს მიღწევების, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვება და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცება. საგანგებო აქცენტი კეთდება ქალთა უფლებებისა და ქალთა პოლიტიკური მოძრაობის გაძლიერებაზე.

13 ივნისს, როცა „მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის“ დამამთავრებელი ღონისძიების მონაწილეებს მიმართავდა, მედლინ ოლბრაიტმა გაიხსენა რთული წარსული და თქვა, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში ჟურნალისტის პროფესიის არჩევაში მას ქალად ყოფნამ შეუშალა ხელი, სამაგიეროდ, ის მერე სახელმწიფო მდივანი გახდა და ამასობაში მოვიდა დრო, როცა ქალების როლი სახელმწიფოებმა სულ უფრო მეტად დააფასეს:

„არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ფემინისტი ვარ, არამედ ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოება უფრო სტაბილურია, როცა ქალები პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერები არიან. აშკარაა, რომ სახელმწიფო მდივანმა (ჰილარი) კლინტონმა ეს ყველაფერი ახალ სიმაღლეზე დაამტკიცა... მაგრამ ასევე საქართველოა მაგალითი იმისა, რომ საზოგადოება უფრო სტაბილურია, როცა ქალები პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერდებიან. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ ამ პროგრამაში ჩართულმა ქალებმა თავი მიუძღვნეს ადგილობრივ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის ის, სადაც ყველაფერი იწყება და ეს არის ხელისუფლების ერთადერთი დონე, რომელსაც ყველა ყველგან ენდობა“.

ჩვენ გავაცანით როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, ანუ რას აკეთებს პარლამენტი გენდერული თანასწორობის კუთხით, ასევე ღია მმართველობის საბჭოს საქმიანობა. ეს არის ის ორი ძირითადი მიმართულება, რომლებშიც NDI-ის ადგილობრივი ოფისი საქართველოს პარლამენტს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს...

„მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის“ განხორციელება ადგილობრივ დონეზე ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2015 წელს დაიწყო და მასში ექვსი პარტნიორი მუნიციპალიტეტის (ახალციხის, ბათუმის, გურჯაანის, თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის) საკრებულოების წევრი 20 ქალი მონაწილეობდა. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის მიზანი იყო საკრებულოს წევრი ქალების პროფესიული უნარების განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. თავად პოლიტიკოსი ქალები ამბობენ, რომ მამაკაცების რიცხობრივი უპირატესობითა და პროვილეგირებული მდგომარეობით ჩამოყალიბებულ გარემოში მათ ეს NDI-ის დახმარებით მოახერხეს.

ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და პირადად მედლინ ოლბრაიტს საქართველოში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა პარლამენტშიც გადაუხადეს 12 ივნისს, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის გაცნობისას. NDI-ის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს შეხვდა:

„ჩვენ გავაცანით როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, ანუ რას აკეთებს პარლამენტი გენდერული თანასწორობის კუთხით, ასევე ღია მმართველობის საბჭოს საქმიანობა. ეს არის ის ორი ძირითადი მიმართულება, რომლებშიც NDI-ის ადგილობრივი ოფისი საქართველოს პარლამენტს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს და ბორდის სურვილი იყო, რომ დეტალურად მოესმინათ ჩვენი საქმიანობის შესახებ, იმ დახმარების შესახებ, რომელსაც ეს ორგანიზაცია ჩვენ გვიწევს. ამიტომ საუბარი შემოიფარგლა ამ ორი თემით“.

ასევე 12 ივნისს და ასევე პარლამენტში შედგა შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის. მთავარ თემებად სახელდება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გეგმა და საკონსტიტუციო ცვლილებები. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებთან შეხვედრისას განსაკუთრებით აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის როლი და ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, მედლინ ოლბრაიტმაც გაუსვა ხაზი ქართული დემოკრატიის მნიშვნელობას შეერთებული შტატებისთვის. „ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე“, - თქვა მან.

ამერიკისა და საქართველოს საგანგებო პარტნიორობაზე ილაპარაკა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ორშაბათ საღამოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული მიღების დროსაც. მან თქვა, რომ ამაყობს საქართველოში წლების განმავლობაში გაწეული შრომის შედეგით და რომ საქართველოს სწორად ესმის საერთო დემოკრატიული ღირებულებები, რომლებიც მუდმივად დასაცავია:

იან კელი და მედლინ ოლბრაიტი
იან კელი და მედლინ ოლბრაიტი

„საქართველო ყოველთვის მაგალითია... როდესაც ხალხი გვეკითხება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვმუშაობთ საზოგადოებასთან და როგორ ვიწყებთ მის შეცნობას, ჩვენ ვპასუხობთ, რომ ძალიან დიდი დრო გავატარეთ საქართველოში, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი და, ვფიქრობ, რასაც მე განსაკუთრებით ვაფასებ, არის თქვენი მონდომება - შეესაბამებოდეთ მაღალ სტანდარტებს, რადგან იცით, რომ სწორედ ეს ქმნის წარმატებულ ქვეყანას... ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე ნამდვილად კარგი მეგობრები ვართ და შეგვიძლია ერთმანეთს რთულ საკითხებზეც ვესაუბროთ და არ ვსვამთ შეკითხვებს, თუ რამდენად რთულია დემოკრატია, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი, კანონის უზენაესობა, მედიის განსაკუთრებული როლი“.

მედლინ ოლბრაიტს ჯერჯერობით საჯაროდ არ უსაუბრია დემოკრატიული განვითარების პროცესის გამოწვევებზე საქართველოში, თუმცა ვითარების შესწავლის პროცესი, ცხადია, გამოწვევებზე მსჯელობასაც ვერ აუვლის გვერდს.

NDI-ის მაღალი დონის დელეგაცია 15 ივნისამდე დარჩება საქართველოში და, თბილისის გარდა, კახეთსა და შიდა ქართლსაც ესტუმრება. ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრების გარდა, დღის წესრიგში შედის შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და დიპლომატებთან.

NDI-ის ინფორმაციით, ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს 2017 წლის ვიზიტისათვის საქართველო შეირჩა, როგორც „დემოკრატიისკენ დაუღალავი სწრაფვის მაგალითი“ და ქვეყანა, „რომლის მოსახლეობასაც დემოკრატიული მმართველობისა და ევროპული ინტეგრაციის სურვილი ამოძრავებს“. NDI-ის განცხადებით, ორგანიზაციას არც ერთ სხვა ქვეყანასთან არ ჰქონია უფრო ძლიერი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG