Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მეგრული ვაზის ჯიშები - გამოფენა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში


გამოფენა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში
გამოფენა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში

კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენის, განვითარების, ასევე მეღვინეობის ხელშეწყობის მიზნით ზუგდიდში გამოფენა-კონფერენცია „მეგრული ვაზის ჯიშები“ ჩატარდა. ქალაქის მერიის ორგანიზებით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე მოწვეულმა მეღვინეებმა და მკვლევარებმა ძველკოლხური ჯიშების აღდგენა-შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

გადმოწერა

პარალელურად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მეგრული სიმღერები მოესმინათ ზუგდიდის ფოლკლორული ანსამბლების შესრულებით და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ნაწარმი - კოლხური ვაზის უძველესი ჯიშებისგან - მათ შორის მაჭყვადინას, კოლოშის, ჭვიტილურის, პანეშის, ჩექობალისა და ოჯალეშის ყურძნისგან - დამზადებული ღვინოები. სასმელთან ერთად გამოფენილი იყო ადგილობრივ ხელოვანთა მიერ დამზადებული ღვინის სხვადასხვა სახის ჭურჭელი. მსურველებს მეგრულ ჩოხაში გამოწყობილი მხედრები ცხენით გასეირნებასაც სთავაზობდნენ.

ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ ბიბლიოთეკას, რომ გაიხსნას მევენახეობა- მეღვინეობის კუთხე. ამისთვის არსებობს ძველი ლიტერატურა, მაგრამ საჭიროა ასევე თანამედროვე ლიტერატურაც. ამიტომ მე ჩამოვიტანე ჩემი ნაშრომები მეღვინეობაზე...
გიორგი ბარესაშვილი

მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი ბესიკ არახამია მიიჩნევს, რომ სამეგრელოს აქვს პოტენციალი განავითაროს ღვინის ტური:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება თემატური ტურები და ერთ-ერთი ასეთი ტური არის ღვინის ტური. სამწუხაროდ, სამეგრელო ამ პროცესებში ნაკლებად იყო ჩართული. ჩვენ გვინდა მომავალში გავაგებინოთ ყველას, რომ აქ მართლაც არის ღვინის ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან მდიდარი არქეოლოგიური მასალა, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ, ისევე როგორც აღმოსავლეთ, დასავლეთ საქართველოშიც იცნობდნენ ვაზის კულტურას“, - ამბობს ბესიკ არახამია.

სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, „ჯიღაურას“, წარმომადგენელი, პროფესორი დავით ჩიჩუა. სტუმრებმა მისგან შეიტყვეს, რომკვლევითმა ცენტრმა ჩხოროწყუში სანერგის გაშენება დაიწყო იმისათვის, რომ მეგრული ვაზის ნერგები ყველა გლეხისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. პროფესორის აზრით, კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენა-განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეღვინეების აქტიურობა:

„სამეგრელოში მეღვინეობის აღორძინება ვერ მოხდება თბილისიდან და ჯიღაურადან. ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, გვაქვს რეგიონებში სანერგეებთან ურთიერთობა. გვინდა, რომ ამ იშვიათი ჯიშების ნერგები იყოს ხელმისაწვდომი გლეხებისათვის“, - განაცხადა დავით ჩიჩუამ.

გამოფენა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში
გამოფენა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში

გამოფენაზე მოსულებს ძველკოლხური ჯიშების შესახებ ისტორიული ცნობები მიაწოდა მეღვინეობისა და მევენახეობის მკვლევარმა გიორგი ბარესაშვილმა. მანვე მეღვინეობის შესახებ თავისი ნაშრომები ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ ბიბლიოთეკას, რომ გაიხსნას მევენახეობა- მეღვინეობის კუთხე. ამისთვის არსებობს ძველი ლიტერატურა, მაგრამ საჭიროა ასევე თანამედროვე ლიტერატურაც. ამიტომ მე ჩამოვიტანე ჩემი ნაშრომები მეღვინეობაზე“, - განაცხადა გიორგი ბარესაშვილმა.

გამოფენა-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო კომპანია „ქვევრის ღვინოები საქართველოდან“ წარმომადგენელმა, სალომე ხარძეიშვილმა. მას უკვე წლებია ქართული ღვინო ევროპაში - მეტწილად ჩეხეთსა და გერმანიაში - გააქვს. სალომე ხარძეიშვილი ფიქრობს, რომ მეგრულ ღვინოს ევროპის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.

„უნდა ვაღიარო, რომ მეგრული ღვინო არ გამისინჯავს არასდროს. არ არის ბაზარზე, ფაქტიურად, და იშვიათობად ითვლება. ამიტომაც ხელი არ მიმიწვდება. ოჯალეშზე მსმენია და მგონია, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა სალომე ხარძეიშვილმა.

მერიაში ირწმუნებიან, რომ ეს არ იყო მეგრული ჯიშის ყურძნის აღდგენა-პოპულარიზაციის მიზნით გამართული ერთჯერადი ღონისძიება. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ სფეროში გარკვეული წარმატების მისაღწევად შეიქმნა სპეციალური მუშა ჯგუფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG