Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი არჩევნების მეორე ტურს მოითხოვს


სერგეი სობიანინი
სერგეი სობიანინი
მოსკოვის მერის არჩევნებში მოქმედმა მერმა, კრემლის მხარდაჭერის მქონე სერგეი სობიანინმა გაიმარჯვა. მოსკოვის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მას ხმების 50 პროცენტზე მეტი ერგო, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება. მაგრამ სწორედ მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვს მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ალექსეი ნავალნი: მას სჯერა, რომ არჩევნების შედეგი გაყალბებულია.

მოსკოვის საარჩევნო კომისიამ ორშაბათს დილით, ადგილობრივი დროით 10 საათისათვის გამოაცხადა, რომ მერის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა მოქმედმა მერმა სერგეი სობიანინმა, რომელსაც ხმების 51,4 პროცენტი ერგო. მას ხმების 27, 2 პროცენტით მოსდევს ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი. მაგრამ ნავალნი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.
ბოლოსდაბოლოს შევძელით მოსკოვში პატიოსანი, დამოუკიდებელი, ნორმალური დემოკრატიული ცივილიზებული არჩევნების ჩატარება...
ლიუდმილა შვეცოვა

„რაც ხდება, განვიხილავთ ფალსიფიკაციად, რომელიც ამჟამად ხორციელდება ქალაქ მოსკოვის მერიისა და სერგეი სობიანინის შტაბის მიერ. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს მონაცემები კენჭისყრაში ამომრჩევლის აქტივობის შესახებ“, - აცხადებს ნავალნი, რომლის მომხრეებსაც საარჩევნო კომისიისაგან განსხვავებული ინფორმაცია აქვთ არჩევნების შედეგზე. მათი მონაცემებით, კვირას გამართულ არჩევნებში სობიანინს ხმების სულ 46 პროცენტი ერგო, ხოლო ნავალნის 35,5 პროცენტი. შესაბამისად, ოპოზიციონერი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას მოითხოვს: „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კრემლსაც და მოსკოვის მერიასაც, უარი თქვან ფალსიფიკაციაზე და გადავიდნენ მეორე ტურში, რომელიც უნდა გავმართოთ ამ შესანიშნავი პირველი ტურის შემდეგ“.

ნავალნი მართალია, აცხადებს, რომ არ სურს დაპირისპირების გაღვივება და მზად არის, შეხვდეს სობიანინს მოსალაპარაკებლად, მაგრამ მას აფრთხილებს კიდეც.

„თუ მოსკოვის მერია არ წავა ჩვენს მოთხოვნებზე, ჩვენს კანონიერ მოთხოვნებზე და არ გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ნორმალურმა, პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ - ჩაატაროს მოლაპარაკებები, მაშინ ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ მივმართოთ მოსკოველებს და მათ მოვუწოდოთ აქციებში, მათ შორის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისაკენ“, - იმუქრება ნავალნი.
ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი
წელს, ივლისში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კორუფციაში ბრალდებით, რომელსაც ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურად მოტივირებულად. მას ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ პირობით გაათავისუფლეს - ნავალნის გასაჩივრებული აქვს განაჩენი.

რაც შეეხება მის კონკურენტს, სერგეი სობიანინს. ის კვირას გამართულ კენჭისყრას აქებს, როგორც „მოსკოვის ისტორიაში ყველაზე პატიოსან და ღია არჩევნებს“ და ნავალნის მოუწოდებს, აღიაროს დამარცხება. არჩევნების მისამართით ქების სიტყვები არ დაუშურებია არც მოსკოვის მერის პირველ მოადგილეს, ლიუდმილა შვეცოვას.

„ბოლოსდაბოლოს შევძელით მოსკოვში პატიოსანი, დამოუკიდებელი, ნორმალური დემოკრატიული ცივილიზებული არჩევნების ჩატარება“, - ასეთია მოსკოვის პირველი ვიცე-მერის შეფასება.

რუსეთში მერის არჩევნები პირველი იყო 2003 წლის შემდეგ. კრემლმა ამ 10 წლის წინ გააუქმა, ხოლო შარშან ისევ შემოიღო მოსკოვის მერის და სხვა რეგიონული ლიდერების პირდაპირი წესით არჩევა. კვირას არჩევნები ჩატარდა რვა გუბერნატორისა და რვა მერის ვინაობის, ისევე როგორც ხუთი ქალაქის და 16 რეგიონის საკრებულოების შემადგენლობის გასარკვევად. მოსკოვის გარდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ეკატერინბურგის შედეგი. რუსეთის ამ, სიდიდით მეოთხე ქალაქის მერის არჩევნებში, ოპოზიციონერმა ევგენი როიზმანმა დაამარცხა კანდიდატი, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობდა. ცნობების თანახმად, რუსეთში ბოლო წლებში პირველად ხდება, რომ დიდ ქალაქში მნიშვნელოვან პოსტზე ოპოზიციონერი აირჩიეს.
XS
SM
MD
LG