Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 დეკემბერი - მიგრანტთა საერთაშორისო დღე


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ლოგო
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ლოგო
18 დეკემბერს მსოფლიო მიგრანტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს რამდენიმე ღონისძიებით საქართველოშიც გამოეხმაურნენ. „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ინიციატივით, თბილისში გაიმართა კონფერენცია - „ემიგრაცია - დემოგრაფიული პრობლემა“, მსოფლიო მიგრანტების მხარდასაჭერად კი მუსიკოსების ერთმა ჯგუფმა აქცია-კონცერტი გამართა. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან მილიონზე მეტი ადამიანია გასული, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი სულ 214 მილიონი იმიგრანტი ცხოვრობს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს საზღვრების გადაკვეთისას მსოფლიოში 2360 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა უილიამ ლეისი სუინგმა მიმართა მსოფლიო საზოგადოებებს, ეს რიცხვი არ ასახავს რეალურ დანაკარგს, რადგან სხვადასხვა არალეგალური გზებით ქვეყნის დატოვებისას არავინ იცის რეალურად რამდენი ადამიანი იღუპება. მან მოუწოდა მსოფლიოს ამ საკითხისადმი მეტი ყურადღებისაკენ და შენიშნა, რომ წლევანდელი წელი დანაკარგების თვალსაზრისით, მართლაც, ყველაზე მძიმე იყო. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი მარკ ჰულსტიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი გზავნილია მოწოდება იმგვარი პოლიტიკისკენ, რომელიც შეამცირებს მიგრანტთა სიკვდილის ფაქტებს:

„აღმაშფოთებელი ვითარება იყო ამ ხმრივ თუნდაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ზოგადად კი, წელს დაფიქსირდა მიგრანტთა სიკვდილის ყველაზე მეტი შემთხვევა მათ მიერ საზღვრების არალეგალურად გადაკვეთისას. შესაბამისად, მოწოდებაც ეს არის, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს მიგრანტთა უფლებების დაცვას“.
ჩვენ უნდა დავანახვოთ ჩვენს ემიგრანტებს, რომ ისინი ჩვენთვის საჭირონი არიან, მათ გარეშე ჩვენ ვერც ეკონომიკურად და ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად ვერ ავღორძინდებით, რადგან ჩვენი მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილია წასული...
გუბაზ სანიკიძე

რაც შეეხება იმას, თუ რა ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას მიგრაციის მართვის თვალსაზრისით, მარკ ჰულსტი მიიჩნევს, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა:

„აქედან ევროპის ან ან სხვა ქვეყნებისკენ მიმართული მიგრაციის მართვა უფრო რთულია, მაგრამ მაინც წინსვლა აშკარად არის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით, თუმცა დასახვეწი რჩება უამრავი ტექნიკური დეტალი იმისათვის, რომ დაცული იქნეს საქართველოს მოქალაქეების უფლებები, განსაკუთრებით კი მათი, ვინც დღემდე არ სარგებლობს ლეგალური სტატუსით“.

ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში არალეგალურად არის საქართველოდან წასული ჩვენი რესპონდენტი თეო ბ-ც, რომელმაც ორი წლის წინ იმ ქვეყანას თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მიმართა, თუმცა თხოვნა მას არ დაუკმაყოფილეს. ის ამბობს, რომ თავშესაფარს ქართველებს უიშვიათეს შემთხვევაში აძლევენ, რის გამოც მათ, არალეგალურად ცხოვრების გარდა, სხვა გზა არ რჩებათ:

„კანონი არ ირღვევა, რაღაც ჩარჩოს იქით არავინ გადადის და არც შენს უფლებას არღვევს ასე პირდაპირ, მაგრამ ისეთ პირობებში გამყოფებენ, რომ ფსიქოლოგიურად გტეხენ. მერე გჭირდება ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და, საბოლოოდ, იძულებული ხარ ქვეყანა დატოვო. ქართველების შემთხვევაში მართლა ასეა: რაც მე აქ ვარ, უკვე ორი წელი ხდება, არც ერთი ქართველისთვის არ მიუციათ თავშესაფარი; მხოლოდ მათ აძლევენ, ვისაც ხელისუფლება დევნიდა ან რაღაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს“.

თეო გვეუბნება, რომ ამ გზით საქართველოდან წასულ ხალხს დროებით თავშესაფრებში უმძიმეს პირობებში ცხოვრება უწევთ. ისინი მხარდაჭერას ვერც ადგილობრივი ლეგალურად მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან გრძნობენ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი სოციალური სიდუხჭირეა. ამიტომ ამ პრობლემის დასაძლევად ყველა ქვეყანა და, მათ შორის, საქართველოც მთავარი გამოწვევის წინაშე დგას - გამოსწორდეს სოციალურ-ეკონომიკური პირობები. თუმცა სანიკიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მაინც იდეას უნდა უკავშირდებოდეს:

„მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების მაღალ ხარისხზე ვლაპარაკობ, თორემ მიზეზი, რატომ არ უნდა დაბრუნდე სამშობლოში, ყოველთვის გამოჩნდება. ჩვენ უნდა დავანახვოთ ჩვენს ემიგრანტებს, რომ ისინი ჩვენთვის საჭირონი არიან, მათ გარეშე ჩვენ ვერც ეკონომიკურად და ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად ვერ ავღორძინდებით, რადგან ჩვენი მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილია წასული. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გავიდა ქვეყნიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ლამის მეოთხედია“.

გუბაზ სანიკიძისთვის გასაგებია, რომ იმ ხალხისთვის, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში ნაშოვნი ფულით საქართველოში დატოვებულ ოჯახს არჩენს, მხოლოდ სამშობლოს იდეა საკმარისი არ არის, თუმცა ის შიშობს, რომ უცხო ქვეყანაში გადახვეწილი ყოველი შემდეგი თაობა თავის ქვეყანაში ფულს აღარ გამოგზავნის იმ მარტივი მიზეზით, რომ დროის გასვლასთან ერთად კავშირებიც გაწყდება. ამაში სანიკიძე არა მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლებების, არამედ საქართველოს საზოგადოების ბრალსაც ხედავს.
როცა მათ ვხვდები და ვეკითხები, რა სურთ, პირველივე პასუხია, რომ სამშობლოში დაბრუნება სურთ. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს რეალური გახდება მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება...
კოტე სურგულაძე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, სავარაუდოდ, სამშობლოში აღარ დაბრუნდება, თუმცა, ამავე დროს, ქვეყნის გარეთ რჩება ის ხალხი, ვისაც დაბრუნება ჯერ კიდევ სურს, ოღონდ მათ სჭირდებათ გარანტია, რომ საქართველოში, სულ ცოტა, ოჯახის რჩენას შეძლებენ:

„როცა მათ ვხვდები და ვეკითხები, რა სურთ, პირველივე პასუხია, რომ სამშობლოში დაბრუნება სურთ. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს რეალური გახდება მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება და სოციალური პირობები გვექნება უკეთესი. ამას ისინი თავად განსაზღვრავენ და წამოსვლის დღესაც თავად გადაწყვეტენ“.

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მათთვის, ვინც დღემდე საზღვარგარეთ რჩება, რამდენად იცავს ხელისუფლება სხვა ქვეყნებში გადახვეწილი თავისი მოქალაქეების უფლებებს? რაში ეხმარება მათ? კოტე სურგულაძის განცხადებით, დიასპორის სამინისტრო მათი იდენტობის შენარჩუნებისათვის არაერთ ღონისძიებას მიმართავს.

მარკ ჰულსტმა რადიო თავისუფლებას ერთი საყურადღებო ფაქტის შესახებაც უთხრა: ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ბრუნდებიან ქვეყნიდან წლების წინ წასული მიგრანტები. მათი ნაწილი - მაგალითად, საბერძნეთიდან დაბრუნებული 200 ადამიანი - ნებაყოფლობითი დაბრუნების ხელშეწყობის პროგრამით ჩამოვიდა, მაგრამ პრობლემა ის არის, ამბობს მარკ ჰულსტი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ვინც აქ დამკვიდრებას, სამსახურის შოვნას და საკუთარი თავის განვითარებას ვერ ახერხებს, ისევ უკან ბრუნდება. შედეგად კი, დღეის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სულ 214 მილიონი იმიგრანტი აგრძელებს ცხოვრებას.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG