Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრაციის მართვა საქართველოში


28 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო “მიგრაციის მართვა საქართველოში”. კონფერენციას ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ვინც დღემდე მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში იყო ჩართული. - რა გაკეთდა დღემდე ამ სამწლიან მონაკვეთში და რა გამოწვევების წინაშე დგას უკვე ახალი მთავრობა მიგრაციის მართვის თვალსაზრისით?

მიგრაციის სამთავრობო კომისიამ აქტიური მუშაობა 2012 წლის შემოდგომაზე დაიწყო. განახლდა მისი შემადგენლობა, ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის სტრატეგიაც შემუშავდა; გარდა სამთავრობო უწყებებისა, მის მუშაობაში კონსულტანტების სტატუსით შვიდი საერთაშორისო და ხუთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩაერთო. მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელის გიორგი ჯაშის თქმით, შემუშავებულია მიგრაციის სამოქმედო გეგმაც, რომელიც 2013-2015 წლებზეა გათვლილი. გეგმის მიხედვით, კომისიაში შემავალ ყველა უწყებას თავისი ამოცანა აქვს. 28 ივნისს ამ უწყებების წარმომადგენლებმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს ბოლო ექვსი თვის ანგარიში წარუდგინეს და უახლოეს მომავალში მიგრაციის პოლიტიკის თვალსაზრისით დაგეგნილ ღონისძიებებზეც ილაპარაკეს.

შსს თებერვლიდან მიგრაციის სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარეა. მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამბობს, რომ რადგან მომავალში მიგრაციის სფეროს რეგულირება სწორედ შსს-ს პრეროგატივა იქნება, უწყებას ამ კომისიის ფარგლებშიც დაეკისრა განსაკუთრებული როლი. ამ ეტაპზე, ლევან იზორიას განცხადებით, მზადაა უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტი. ეს ცვლილებები ეხება როგორც ვიზების კატეგორიზაციის საკითხს, ისე არალეგალთა გამოვლენას, მათ განთავსებას სპეციალურ ცენტრებში და გაძევების პროცედურებსაც. ამისათვის კი სპეციალური ელექტრონული ბაზის არსებობააა საჭირო:

ახალი შრომის კოდექსი კი ახლახან მივიღეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მასშიც არ არის ცალსახად მოხსენიებული ეს საკითხი, - შრომით მიგრაციას ვგულისხმობ, - მით უმეტეს, რომ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს გარეთ, ფაქტობრივად, არალეგალურად იმყოფებიან...
დავით ოქროპირიძე
„როდესაც საქართველოში უცხოელი შემოვა, ელექტრონულად დაფიქსირდება მისი შემოსვლის თარიღი. ამ დღიდან აითვლება მისი ყოფნა საქართველოში იმ ვიზის შესაბამისად, რა ვიზაც გაიცა მისთვის. შემდეგ კი, როდესაც ეს ელექტრონული ბაზა უზრუნველყოფს იმას, რომ გავიგებთ, როდის გაუვიდა პიროვნებას საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა, ეს ინფორმაცია ექნებათ უბნის ინსპექტორებს, საპატრულო პოლიციას, გამოავლენენ ამ პიროვნებას, განათავსებენ მას სპეციალურ ცენტრში და შემდეგ, როგორც ეს ყველა ევროპულ ქვეყანაში ხდება, დაატოვებინებენ მას ქვეყანას“.

განთავსების ცენტრის მშენებლობა ახლო მომავალშია დაგეგმილი. თუმცა მანამდე, როგორც ლევან იზორია ამბობს, უნდა შეფასდეს მიგრაციის შესახებ ახალი რეგულაციები. საერთაშორისო საზოგადოების დასკვნის შემდეგ კანონპროექტი უკვე ყველა შესაბამის საფეხურს გაივლის და პარლამენტში შევა. ამ კანონით საბოლოოდ დარეგულირდება მიგრაციის სფერო და უკანონო მიგრანტები საქართველოს აღარ ეყოლება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით ოქროპირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემების გასაღები კანონმდებლობაში უნდა ვეძებოთ:

„ახალი შრომის კოდექსი კი ახლახან მივიღეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მასშიც არ არის ცალსახად მოხსენიებული ეს საკითხი, - შრომით მიგრაციას ვგულისხმობ, - მით უმეტეს, რომ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს გარეთ, ფაქტობრივად, არალეგალურად იმყოფებიან და იქ ეწევიან შრომით საქმიანობას. მათთვის ჩვენ ცალკე საკანომდებლო ბაზა გვჭირდება, რომ ეს პროცესი, მათი საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მიგრაცია უფრო ორგანიზებული გახდეს, მათი უფლებები კი იყოს დაცული იმ ქვეყნებში, სადაც მუშაობენ. შრომითი ბაზრის და მიგრაციის რეგულაციების თვალსაზრისით ეს ერთი ნაწილია პრობლემის, მეორე ნაწილი კი იმ ადამიანებს ეხება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სწორედ ამავე მიზნით საქართველოში არიან ჩამოსულები“.

ყველა ეს საკითხი აისახება კანონპროექტში, რომელსაც, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, სწორედ ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებს.

მთავარი მაინც ის არის, რომ მიგრანტთა უფლებები იყოს დაცული და ამ პროცესში ეს ჰუმანური მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული. აი, მაგალითად, როდესაც საუბარია მიგრანტთ დაკავების ცენტრების შექმნაზე, აქაც ხელისუფლებამ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს და არა სწრაფად, რადგან ბოლო დროს ვხედავთ, რომ სისწრაფე თითქოს მთავარი ლოზუნგი გახდა...
მარკ ჰულსტი
მიგრაციის პოლიტიკის ნაწილია საქართველოდან წასულ ემიგრანტებზე ზრუნვაც. ამ მხრივ, როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი ამბობს, რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. მათ შორის ერთ-ერთი სპეციალურად საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ვებპორტალის შექმნაა:

„ამ ვებპორტალის არსი და მიზანი არის საქართველოდან წასული ადამიანების მეტი კონტაქტი სახელმწიფოსთან. ვგეგმავთ, რომ მათთვის გავაკეთოთ ინტერნეტტელევზია, მათი შვილებისთვის კი ონლაინ სასწავლო კურსები დაიგეგმა, სადაც ვასწავლით ქართულს, გეოგრაფიას, ისტორიას... ძირითადი მიზანი კი მაინც ის არის, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი მიღწევების შესახებ ინფორმაცია მოგვაწვდინონ, ჩვენ კი, კვლევის საფუძველზე მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ კონკრეტულ სამუშაოს შევთავაზებთ აქ, საქართველოში“.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი მარკ ჰულსტი მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარი დღეს სახელმწიფოს ურყევი ნებაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს მიგრაციის სფერო შესაბამისი კანონმდებლობით. სფეროს რეგულირება წესების გამკაცრებას არ გულისხმობს, მაგრამ კანონმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ვის აქვს ქვეყანაში შემოსვლის უფლება და ვინ როდის უნდა დატოვოს ქვეყანა. მიგრაციის მართვის პოლიტიკაზე საუბრისას კი მარკ ჰულსტი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ჩამოთვლის:

„მთავარი მაინც ის არის, რომ მიგრანტთა უფლებები იყოს დაცული და ამ პროცესში ეს ჰუმანური მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული. აი, მაგალითად, როდესაც საუბარია მიგრანტთ დაკავების ცენტრების შექმნაზე, აქაც ხელისუფლებამ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს და არა სწრაფად, რადგან ბოლო დროს ვხედავთ, რომ სისწრაფე თითქოს მთავარი ლოზუნგი გახდა. აი, მაგალითად, ჩვენ გვინდა, რომ ნოემბერში დაგეგმილი ვილნიუსის სამიტისათვის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა - ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი -იყოს დასრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე ქვეყანამ მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა უნდა მიიღოს“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG