Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიჩნევთ თუ არა რუსეთს საფრთხედ, ბატონო ტრამპო?


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ამავე დროს, მან თავი აარიდა ევროპაში რუსეთის ბოლო წლების მოქმედების „საფრთხედ“ მოხსენიებას და უფრო ზოგად განცხადებას დასჯერდა.

მიიჩნევთ თუ არა რუსეთს საფრთხედ? – ეს კითხვა აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვა ფინელმა ჟურნალისტმა, რომელიც ესწრებოდა ტრამპისა და მისი ფინელი კოლეგის, საული ნიინისტოს ერთობლივ პრესკონფერენციას ვაშინგტონში, თეთრ სახლში ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ. ტრამპის პასუხი: „ბევრ ქვეყანას მივიჩნევ საფრთხედ, სამწუხაროდ – თუ შევხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში“, ანუ, ტრამპს არ უხსენებია, კონკრეტულად, რუსეთი, არადა, შეკითხვა რუსეთს ეხებოდა.

სამაგიეროდ, ტრამპმა გაიმეორა უკვე არაერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება: „იმედი მაქვს, რომ გვექნება კარგი ურთიერთობა რუსეთთან. ამას ხმამაღლა და გარკვევით ვამბობ! უკვე წლებია, ამას ვამბობ. ვფიქრობ, კარგი იქნება რუსეთთან საუცხოო ურთიერთობა ან, სულ ცოტა, კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, ასეც იქნება. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ქვეყანა ბირთვული იარაღით“.

ამავე პრესკონფერენციის დროს დონალდ ტრამპს ჰკითხეს, რას ფიქრობს რუსეთისა და ჩინეთის ბოლოდროინდელ სამხედრო-საზღვაო მანევრებზე ბალტიის ზღვაში და მომავალი თვის სამხედრო მანევრებზე, რომლებიც, ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნების მეზობლად, კვლავ რუსეთის მონაწილეობით გაიმართება?

„ჩვენ ძალიან ვმფარველობთ ამ რეგიონს. მარტო ამის თქმა შემიძლია. ძალიან, ძალიან ვმფარველობთ - იქ საუცხოო მეგობრები გვყავს, საუცხოო ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ უაღრესად აქტიურად ვმფარველობთ რეგიონს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, 28 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ში რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, ჩაერია თუ არა რუსეთი აშშ-ში 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში და იყო თუ არა დონალდ ტრამპის გუნდის მოქმედება ამ კამპანიის დროს რუსეთთან კოორდინირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG