Accessibility links

დღეს, 11 ივლისის საღამოს, რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება. სიმპოზიუმში მონაწილეობას 8 ქართველი და სამი უცხოელი - ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი - მოქანდაკე მიიღებს.

სივრცე, სადაც მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ეწყობა, კულტურისა და დასვენების პარკში სწორედ იმ ტერიტორიაზეა, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში პირველად გაიმართა სკულპტორთა სიმპოზიუმი. ის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ტარდებოდა, მაგრამ აღარ გაგრძელებულა. დიდი პაუზის შემდეგ, სიმპოზიუმი პირველად შარშან ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართველი მოქანდაკეები მონაწილეობდნენ. მაშინ გაკეთებული 11 კომპოზიციიდან 9 რუსთავის მერიამ მთავარ მოედანზე დადგა. მერიასთან არსებული სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის დირექტორი მარიკა ფიროსმანაშვილი ამბობს, რომ წლევანდელი კულტურული ღონისძიება საერთაშორისოა, მასში სამი უცხოელი მონაწილეობს.

მარიკა ფიროსმანაშვილის თქმით, სიმპოზიუმი ტრადიციული გახდება და საერთაშორისო ტურისტულ მარშრუტში ჩაჯდება. მან დასძინა, რომ წელს 11 მოქანდაკე კონკურსის წესით შეირჩა, წარმოდგენილი ესკიზებისა და მათი ავტორიტეტის მიხედვით. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ სამხატვრო აკადემიიიდან და სხვა სახელოვნებო ორგანიზაციებიდან მოწვეული სპეციალისტები, ასევე რუსთავის მერიის წარმომადგენლები.

სიმპოზიუმის ერთ-ერთი მონაწილეა ესპანელი ალონსიო გონსალესი, რომელიც არ დაელოდა ღონისძიების ოფიციალურ გახსნას და მწვანეში ჩაფლულ ტერიტორიაზე, 20 წლის წინანდელ ქანდაკებებს შორის, საკუთარი იდეის განხორციელება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ესპანელ მოქანდაკეს იმ დროს ვეწვიეთ, როცა ის რკინას ამუშავებდა. ალონსიო გონსალესი ამბობს, რომ ამჯერად პროექტს ფოლადისგანშექმნის.

ალონსიო გონსალესი
ალონსიო გონსალესი

„ამ ნამუშევარს ჰქვია „ადამიანი ღამურა“ და ეს არის სერიიდან, როცა მე სინთეზს ვაკეთებ ადამიანის და ნახევრად მითოლოგიური პერსონაჟებისას. კომპოზიციის ძირითადი მიზანია, გააღვივოს და წაახალისოს ბავშვური ფანტაზიები, დააბრუნოს ბავშვები წარმოსახვით აზროვნებასთან“.

ესპანელი მოქანდაკე ამბობს, რომ ორგანიზატორებმა მუშაობისთვის კარგი პირობები შექმნეს - ხელთ აქვს ყველა მასალა, რომელიც მუშაობისთვის სჭირდება.

გეგა ლიპარტელიანი, რუსთავის კულტურის ცენტრის მენეჯერი, კმაყოფილია იმით, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, სიმპოზიუმზე თითქმის ყველა ჟანრი იქნება წარმოდგენილი. ცნობილი ქართველი მოქანდაკე, რუსთაველი ჯუმბერ ჯიქია, ამ სიმპოზიუმში უშუალოდ არ მონაწილეობს, მაგრამ ის აქტიური პოპულარიზატორია ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯიქიას აზრით, ღონისძიება კულტურათა გაცვლის შესანიშნავი მოედანია. საგულისხმოა, რომ პროექტში ერთვებიან ქართველი სტუდენტებიც. შესაბამისი მემორანდუმი სამხატვრო აკადემიასთან სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიალზე გაფორმდება.

სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის დირექტორის, მარიკა ფიროსმანაშვილის, თქმით, სიმპოზიუმი სტუდენტური დასაქმების კარგი საშუალებაა. რუსთავის მერიას განზრახული აქვს წელს შექმნილი სკულპტურები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე განალაგოს. გეგა ლიპარტელიანის თქმით, სიმპოზიუმები მომავალ წლებშიც ჩატარდება, შეიქმნება ქანდაკებათა ერთგვარი პარკი.

მისივე ცნობით, წლევანდელი სიმპოზიუმისთვის მერიის ბიუჯეტიდან 177 ათასი ლარი გამოიყო. თანხის ნაწილი მოქანდაკეთა ჰონორარებსა და სტუდენტების სტიპენდიებს მოხმარდება.

პირველ ფოტოზე ალონსიო გონსალესი, ესპანელი მოქანდაკე. მეორე ფოტოზე სიმპოზიუმის სივრცე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG