Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა გააკრიტიკეს ტრამპის ბრძანებულება


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანებულებები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე გააკრიტიკეს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, ის „არ ეთანხმება“ აკრძალვებს და ის აშშ-ს პასუხს მოსთხოვს, თუკი აკრძალვა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეხება.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერის თქმით, მერკელს მიაჩნია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა „არ ამართლებს კონკრეტული წარმომავლობისა და კონკრეტული სარწმუნოების ხალხის ზოგადად ეჭვქვეშ დაყენებას.“

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 28 იანვარს ტვიტერით დაწერა, რომ კანადელები სიამოვნებით მიიღებენ მათ, ვინც დევნას, ტერორსა და ომს გაურბის, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანებულების შედეგად საპასუხო ზომები გატარდება და ირანის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ ამერიკელებს. მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა დააზუსტა, რომ ვიზები არ ჩამოერთმევათ მათ, ვისაც ისინი უკვე მოეპოვება. მან ასევე ტვიტერში დაწერა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დიდი საჩუქარია ექსტრემისტებისთვის, ვინაიდან კოლექტიური დისკრიმინაცია ხელს უწყობს ტერორისტების რეკრუტირებას.

ერაყის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა 29 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შემოღებული აკრძალვა ერაყელების მიმართ „უსამართლოა“ და ერაყის მთავრობისგან მოითხოვა, საპასუხო ზომები იქნეს შემოღებული აშშ-ის მოქალაქეების მიმართ.

დონალდ ტრამპმა 27 იანვარს გასცა განკარგულება, შემოწმების ახალი სისტემის შემოღებამდე 90 დღით შეჩერდეს იმიგრაცია შვიდი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული, ქვეყნიდან. ასევე, ტრამპის განკარგულებით, ოთხი თვით შეჩერდება ამერიკის ლტოლვილთა პროგრამა. გარდა ამისა, მან განკარგულება გასცა, რომ 50 ათასამდე შემცირდეს ლტოლვილთა საერთო რაოდენობა, რომელთაც აშშ მთელი მსოფლიოდან მიიღებს მიმდინარე წელს. ლტოლვილთა მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაში მთავარი გამონაკლისი იქნებიან სირიელი ქრისტიანები, რომლებიც, ტრამპის თქმით, დევნას განიცდიან საკუთარ სამშობლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG