Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა გოგოს კოლოფი სიგარეტის ფასი აქვს


გაეროს ინფორმაციით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები მონათა ბაზრებზე ყიდიან ერაყსა და სირიაში მოტაცებულ მოზარდ გოგონებს, ზოგჯერ „ერთი კოლოფი სიგარეტის ფასად“. ექსტრემისტების ხელში ჩავარდნილი გოგონების ბედზე გაეროს წარმომადგენელი ესაუბრა ჟურნალისტებს.

გაეროს მომხსენებლმა სექსუალური ძალადობის საკითხებზე, ზაინაბ ბანგურამ ბოლო დღეებში აუწყა ჟურნალისტებს, რა შეიტყო მოზარდ გოგონებზე, რომლებიც ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა მოიტაცეს.

ბანგურამ წელს, აპრილში, მოინახულა ერაყი და სირია, რის შემდეგაც მუშაობს სამოქმედო გეგმაზე – ექსტრემისტების ხელში მყოფი ათასობითგოგოს მიმართ არსებული სექსუალური ძალადობის საფრთხის დასაძლევად. 8 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში ბანგურამ აღნიშნა, რომ მოზარდი გოგონების მოტაცება იქცა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მებრძოლთა მიზიდვის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად. სტრატეგია, როგორც ჩანს, წარმატებულია, რადგან უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის ახალი მებრძოლები ჩავიდნენ ერაყსა და სირიაში. „ასე იზიდავენ ახალგაზრდა კაცებს: თქვენთვის გვყავს ქალები, რომლებიც გელოდებიან, ქალწულები, რომლებზეც შეგიძლიათ დაქორწინდეთო“, – ამბობს ბანგურა „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში.

მანამდე ზაინაბ ბანგურამ მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია CNN-ის პროგრამაში, რომელსაც ჟურნალისტი ფარიდ ზაქარია უძღვება და მისი თხოვნით აღწერა, როგორ იგდებენ ხელში გოგონებს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ერაყში, იეზიდების დასახლების დაპყრობის შემდეგ. ბევრი დამონებული გოგო სწორედ იეზიდია – იმ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, ვისაც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები განსაკუთრებით აგრესიულად ეპყრობიან.

ზაინაბ ბანგურას ინფორმაციით, ექსტრემისტებს განზე გაჰყავთ ქალები: ერთ მხარეს დედები და ჩვილები (ისინი არ სჭირდებათ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისათვის) და მეორე მხარეს – ახალგაზრდა ქალები. „მათ შემოწმებას უტარებენ – ჰყავთ ხალხი, ვინც ამოწმებს, ვინ არის ქალწული და ვინ არ არის ქალწული. უმოწმებენ გარეგნობას. რაც უფრო ლამაზია, რაც უფრო ახალგაზრდაა – იმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, ვის წაიყვანენ რაკაში, ანუ ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქში, შტაბ-ბინაში. დანარჩენები კი მიჰყავთ იმ ადგილას, რომელსაც ბაზარს უწოდებენ და იმართება აუქციონი“, – აღნიშნავს გაეროს წარმომადგენელი.

მისი ინფორმაციით, გოგონები შიშვლები გაჰყავთ ბაზარში, ყველას თვალწინ, რაც ბუნებრივია, უაღრესად მძიმე, დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებთ. მათ, პრაქტიკულად, მონებად ჰყიდიან: „ამბობენ – ეს გოგო 2000 დოლარი ღირს, 3000 დოლარი... ვიღაც ეტყვის: რა 3000 დოლარი, შეხედე, რას ჰგავს! ხუთასს მოგცემო – ასე მიდის ხოლმე ვაჭრობა. ეს ქალი მერე ხელიდან ხელში გადადის. გვიამბეს, როცა ქალი სიგარეტის კოლოფის ფასად გაყიდეს“, – უთხრა ტელეკომანია CNN-ს გაეროს მომხსენებლმა სექსუალური ძალადობის საკითხებზე.

ექსტრემისტების იერარქიის გათვალისწინებით, არჩევანს შეიხები აკეთებენ – მათ ერგებათ ხოლმე, ასე ვთქვათ, საუკეთესო გოგონები. უფრო დაბალ საფეხურზე დგანან ამირები, შემდეგ უკვე მებრძოლები. ბევრ მათგანს სამი-ოთხი გოგო მიჰყავს, მათ, დაახლოებით, ერთი თვით იტოვებს, სანამ მობეზრდება, რის შემდეგაც ისინი ისევ ბაზარში მიჰყავს გასაყიდად.

მთელი ეს ინფორმაცია ზაინაბ ბანგურამ მოიპოვა ქალებისა და გოგონებისგან, რომლებმაც თავი დააღწიეს ტყვეობას ისლმური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სირიასა და ერაყში. ის შეხვდა ლტოლვილებს, რომლებიც თურქეთში, ლიბანსა და იორდანიაში იმყოფებიან. გაეროს წარმომადგენელი ესაუბრა აგრეთვე ადგილობრივ რელიგიურსა და პოლიტიკურ ლიდერებს. ვარაუდობენ, რომ ექსტრემისტების ხელში ამჟამად 3000-დან 5000-მდე არასრულწლოვანი გოგონა იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG