Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ „მშვიდობის მემორანდუმი“ - წინასაარჩევნო კონტრაქციების თავიდან ასაცილებლად


21 სექტემბერს მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი, რომლითაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ მათი პარტიული აქტივისტები ხელს არ შეუშლიან სხვა პარტიების მიერ გამართულ ღონისძიებებს - არ მივლენ ოპონენტების მიერ გამართულ აქციებზე პროვოკაციული მიზნებით და ამით ხელს შეუწყობენ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ მემორანდუმს, ოპოზიციური პარტიების აზრი კი მემორანდუმის საჭიროებაზე ორად არის გაყოფილი.

მმართველი პარტიის „მშვიდობის მემორანდუმის“ მთავარი მიზანი კონტრაქციების თავიდან აცილებაა - თუ ერთი პოლიტიკური ძალა კონკრეტულ ადგილას აქციას ან სხვა ღონისძიებას გამართავს, მემორანდუმი მეორე პოლიტიკური ძალის აქტივისტებს ამ ადგილისგან დისტანცირებისკენ მოუწოდებს. როგორც 21 სექტემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, თუ ვინმე ამ მემორანდუმს არ შეუერთდება, ეს იქნება მკაფიო მინიშნება იმაზე, ვის რა ზრახვები ამოძრავებს.

მემორანდუმის მოკლე ტექსტიც მანვე ჩაიკითხა და განაცხადა, რომ ის ყველა საარჩევნო სუბიექტს გაეგზავნა:

კარგი იქნება, თუ ყველა ხელს მოაწერს, თუმცა ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. ის ფაქტი, რომ ასეთი დოკუმენტის მოთხოვნილება ჩნდება, ძალიან ცუდია. მომავალში ასეთი რამ საჭირო აღარ უნდა გახდეს...
ბიძინა ივანიშვილი

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“.

„მშვიდობის მემორანდუმის“ ხელმოწერისაკენ პოლიტიკურ პარტიებს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც მოუწოდა:

„კარგი იქნება, თუ ყველა ხელს მოაწერს, თუმცა ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. ის ფაქტი, რომ ასეთი დოკუმენტის მოთხოვნილება ჩნდება, ძალიან ცუდია. მომავალში ასეთი რამ საჭირო აღარ უნდა გახდეს“.

თუ მმართველი პარტია ამ მემორანდუმს ძალადობის თავიდან აცილების საშუალებად სთავაზობს პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციის ლიდერების ნაწილი მას ხრიკად მიიჩნევს და ხელისუფლებას ურჩევს „მემორანდუმი საკუთარმა სტრუქტურებმა ერთმანეთთან გააფორმონ, რათა პარტიებზე დევნა და შანტაჟი წინასაარჩევნოდ შეწყვიტონ“, - ეს სიტყვები ეკუთვნის „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” წევრს, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ მამუკა კაციტაძეს, რადგან, მისი სიტყვებით, თუ ვინმე დღეს ზეწოლას ახდენს პოლიტიკურ პარტიებზე, ეს თავად მმართველი ძალაა.

თინათინ ბოკუჩავა
თინათინ ბოკუჩავა

„,მშვიდობის მემორანდუმი“ ფარატინა ქაღალდია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ასე უპასუხა 21 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ინიციატივას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ:

„ქართული ოცნება“ გვთავაზობს ფარატინა ქაღალდს, რომ შეფუთოს ის ძალადობრივი გარემო, რომელიც მათვე შექმნეს წინასაარჩევნოდ, ასეთი ტიპის მემორანდუმზე შეერთების აზრს კი ჩვენ ვერ ვხედავთ“.

„თავისუფალ დემოკრატებში“ ასე რადიკალურად არ არიან განწყობილნი და, როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც განაცხადა, ისინი ხელს მოაწერენ „მშვიდობის მემორანდუმს“, თუმცა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამბობს, რომ ეს არის სუსტი დოკუმენტი:

საარჩევნო მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს. ის პოლიტიკური დატვირთვის მქონე დოკუმენტია და მასზე ხელმოწერა პარტიების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. დღეის მონაცემებით, მემორანდუმს ხელს არ მოაწერს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „პაატა ბურჭულაძე - ერთიანი საქართველო“. მემორანდუმზე ხელმოსაწერად მზად არის მხოლოდ რესპუბლიკური პარტია, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველო“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „თავისუფალი დემოკრატები“.​

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG