Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო მემორანდუმი, როგორც ქცევის კოდექსი


პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად პოლიტიკურმა ძალებმა მემორანდუმი გააფორმონ, რესპუბლიკური პარტია გამოეხმაურა განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია ყველა მსგავს ინიციატივას დაუჭერს მხარს. განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“. მემორანდუმის გაფორმება, წინასაარჩვენო კონტრაქციების პრევენცის მიზნით, მმართველმა პარტიამაც შესთავაზა კონკურენტებს.

არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად მემორანდუმის გაფორმებას უპირობოდ თანხმდება რესპუბლიკური პარტია, თუმცა წინასაარჩევნოდ უსაფრთხო გარემოზე პასუხისმგებლობის ტვირთი, მათივე განცხადების თანახმად, მაინც ხელისუფლებას აკისრია.

გადმოწერა

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს საკუთარ ინიციატივად მიიჩნევენ „თავისუფალი დემოკრატები“, - როგორც პარტიის წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ამბობს, ეს ინიციატივა პარლამენტშიც ჰქონდათ წარდგენილი, - მემორანდუმის საწინააღმდეგო მაინც არაფერი აქვთ. ვიქტორ დოლიძე მემორანდუმის აუცილებლობას ვერ ხედავს, მაგრამ თუ ეს დოკუმენტი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად მეტ გარანტიას შექმნის, პარტია მზადაა მას შეუერთდეს:

„არ მგონია, რომ აუცილებელი იყოს ამგვარი ზედმეტი დოკუმენტის მიღება, თუმცა ნებისმიერი დოკუმენტი იქნება ეს თუ ინიციატივა, ყველაფერს მხარს დავუჭერთ, თუკი ეს რაიმე შედეგებს მოიტანს“.

ლეიბორისტული პარტიის სახელით გაკეთებულ კომენტარში გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამის ნაცვლად კი მმართველი გუნდი პარტიებს „ფარისევლურად“ მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს:

სამწუხაროდ, ვფლობთ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს და მათთან ასოცირებულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული ბოროტი ზრახვები, ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ არჩევნები ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით გამოიყენონ...
ირაკლი სესიაშვილი

„არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარების პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ხელისუფლება ამ ვალდებულებას არ იღებს. ის, პირიქით, საარჩევნო პროცესს წარმართავს სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით, ის ახორციელებს დევნას, შანტაჟს, ჩართულია მთლიანად საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, აწყობს პროვოკაციებს. ამდენად, მათი ინიციატივა არის ფარისევლობა“.

„ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად“ მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის შეთავაზებას იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ პარტიას დესტაბილიზაციის გამომწვევად აფასებენ, თუმცა, როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, პარტიაში შეთავაზების განხილვას და კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებას გეგმავენ:

„ამოსავალი არ არის მემორანდუმის ხელმოწერა და ხელმოწერა პრობლემა არ არის, პრობლემას არ აგვარებს ეს მემორანდუმი. ეს იქნება რაღაც ფარატინა ქაღალდი. იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, საჭიროა ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, გამოიძიოს აქამდე არსებული დარღვევები, კორცხელის ინციდენტი, ჩვენს ოფისებზე შეტევები. გუშინაც, მაშინ, როცა ანონსდებოდა ეს მემორანდუმი, პარალელურად სცემდნენ ჩვენს აქტივისტებს, ეს უნდა გამოიძიონ და ეს იქნება სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტია“.

პარტიებს ე. წ. სამშვიდობო მემორანდუმის ხელმოწერისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, განაცხადა, შესაძლოა, მემორანდუმი ყოველგვარი ძალადობისგან დაცვის საშუალება არ იყოს, მაგრამ ეს პარტიებს შორის დიალოგის და თანხმობის მისაღწევად კარგი საშუალება იქნება და ეს ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებით, უპირველეს ყოვლისა, დაინტერესებულია ხელისუფლება, ამბობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ირაკლი სესიაშვილი, და დასძენს, რომ, მათგან განსხვავებით, „ბოროტი ზრახვები აქვთ გარკვეულ ძალებს“:

„სამწუხაროდ, ვფლობთ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს და მათთან ასოცირებულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული ბოროტი ზრახვები, ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ არჩევნები ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით გამოიყენონ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ მივცემთ“.

პარტიებს შორის წინასაარჩევნოდ მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან, მათი აზრით, ეს ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო პროცესის მშვიდად წარმართვას. ასე ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც:

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

„მნიშვნელოვანია პარტიებმა აიღონ ვალდებულება, რომ არ ჩაატარებენ აქციებს ერთმანეთის ოფისებთან, რაც განმუხტავს არსებულ სიტუაციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ კორცხელი განმეორდეს და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ აიღოს თავის თავზე ვალდებულება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები“.

13–14 სექტემბერს წინასაარჩევნო კლიმატის შესაფასებლად საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია სტუმრობდა. შვიდკაციანი დელეგაციის შეფასებით, მათ იხილეს „პლურალისტური პოლიტიკური და მედიაგარემო და ქმედითი სამართლებრივი ჩარჩო“, თუმცა, როგორც დელეგაციის თავმჯდომარემ, ლიტველმა დეპუტატმა ევროპის „სახალხო პარტიიდან“, ემანუელის ზინგერისმა განაცხადა 15 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, „დელეგაციამ იგრძნო, რომ საერთო კლიმატი გაცილებით ნაკლებადაა დაძაბული, ვიდრე ეს გასული არჩევნების დროს იყო“, მაგრამ დელეგაციამ ბრალდებებიც მოისმინა კანდიდატების და ამომრჩევლების მიმართ ძალადობის თაობაზე, რის გამოც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციამ საჭიროდ ჩათვალა აღენიშნა, რომ ყველა პარტიამ უარი უნდა თქვას კამპანიის დროს ძალადობისა და ოპონენტების შევიწროების ნებისმიერ ფორმაზე.

ჯერ არ არის ცნობილი, რა სახეს მიიღებს წინასაარჩევნოდ პარტიებს შორის გასაფორმებელი მემორანდუმი. მმართველი პარტია მემორანდუმის შესამუშავებლად თანამშრომლობას არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG