Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მშვიდობით, იარაღო“ აფხაზურად


სამხედრო აღლუმი სოხუმში, 2013 წელი
სამხედრო აღლუმი სოხუმში, 2013 წელი

ბოლო დროს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მომხდარმა გახმაურებულმა მკვლელობებმა საფუძველი დაუდო კამათს ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევის რეგულირების თაობაზე. მუჰამედ ქილბა, სეპარატისტული რეჟიმის უშიშროების საბჭოს მდივანი, გამოვიდა ინიციატივით, მიღებული იქნეს კანონი, რომლის საფუძველზეც რეგისტრაციაში გატარდება ლეგალური იარაღი, ხოლო დანარჩენ იარაღს ჩამოართმევენ სამართალდამცავი ორგანოები. ქილბას ამ ინიციატივას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

„მოსახლეობიდან ირაღის ამოღება, მაშინ როცა თბილისთან არ გაფორმებულა სამშვიდობო ხელშეკრულება, საფრთხის შემცველია“, - მიაჩნია აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს.

ასლან კობახია, თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი
ასლან კობახია, თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, კითხვას, რას აპირებს თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობა ამ მიმართულებით, ასლან კობახიამ, მთავრობის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, უპასუხა, რომ არავინ ცდილობს მოსახლეობის უიარაღოდ დატოვებას. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ კანონის მიღებაზე. კობახიას განმარტებით, აფხაზეთში იარაღის საკითხი რეგულირდება 1994 წლის 14 იანვარს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული დადგენილებით, რომელიც მოძველდა და ვეღარ უპასუხებს შეცვლილ რეალობას.

„მუჰამედ ქილბა ამბობს, რომ ამ დადგენილებაში ბევრი რამ მოძველდა, გვესაჭიროება ახალი კანონი იარაღის ბრუნვის შესახებ. აფხაზეთის ხელმძღვანელობაში ჭკუიდან შეშლილი არავინაა. ჩვენ მშვენივრად ვიცით ჩვენი ისტორია“, - ამბობს ასლან კობახია, რომელიც ასევე დასძენს:

განაიარაღო აფხაზები - ძნელად მეგულება აფხაზეთში მმართველი, რომელსაც ასეთი რამ მოუვა თავში, რადგან სწორედ ჩვენი მოსახლეობა წარმოადგენს აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ძირითად რეზერვს...
ასლან კობახია

„მეც მეზრდება ორი ვაჟი. მეც არ მსურს, რომ ჩემს უიარაღო შვილებს მტერმა მოუსწროს ლოგინში. ჩემი ვაჟები სამშობლოს დამცველები არიან, მათ არ აქვთ თავიანთი იარაღი, მაგრამ მაქვს მე და სწორედ ეს ჩემი იარაღი გადავა მათ ხელში. ეს იარაღი ოფიციალურადაა გაფორმებული. შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში ყოველთვიურად რეგისტრაციაში ვატარებდით ასობით იარაღს - როგორც სანადიროს, ასევე ხრახნლულიანს. ახალ კანონს მიიღებს არა მთავრობა და პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი და მასში მკაფიოდ იქნება გაწერილი, თუ რა პირობებით შეიძლება იარაღის შენახვა. განაიარაღო აფხაზები - ძნელად მეგულება აფხაზეთში მმართველი, რომელსაც ასეთი რამ მოუვა თავში, რადგან სწორედ ჩვენი მოსახლეობა წარმოადგენს აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ძირითად რეზერვს. ჩვენ არ ძალგვიძს მუდმივად ისეთი ძალის შენახვა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს მტერს“.

თუმცა, ასლან კობახია ხაზგასმით შენიშნავს, რომ უკანონო მფლობელებს იარაღი აუცილებლად ჩამოერთმევათ. თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა გამოარჩია ომის მონაწილეთა შვილები, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს იარაღაი. „მოვიდნენ, დიდი სიამოვნებით გადავუფორმებთ იარაღს“, - ამბობს ასლან კობახია, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG