Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანჩესტერში წუხელ მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა


მანჩესტერში საკონცერტო დარბაზში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:36 0:00

სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და 59 დაიჭრა დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის არენაზე წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად. მანჩესტერის მთავარმა კონსტებლმა, იენ ჰოპკინსმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა განახორციელა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებულმა პირმა, რომელიც თავადაც დაიღუპა. ჰოპკინსმა აღნიშნა, რომ ამჟამად პოლიცია იკვლევს ჰყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველები. აფეთქების მომენტში „მანჩესტერ-არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი პოპ-მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი.

მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული შეტევა უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მეის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს, რათა დაადგინოს მომხდარის ყველა დეტალი. მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო, საარჩევნო კამპანია შეაჩერეს ბრიტანელმა კონსერვატორებმა, ლეიბორისტებმა და 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების წარმომადგენლებმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ხალხს. „გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და საერთო ძალებით მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მანჩესტერში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“ - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტმა თანადგომა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG