Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემცირდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი


საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეამცირა 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პოლიტიკასა და რეფორმებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით „მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივა“, რომელიც 20 იანვარს გამოქვეყნდა, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება, ხოლო 2016 წელს - 3,7%-ით. შესაბამისად, სავალუტო ფონდმა 0,3%-ით შეამცირა ორივე წლის ადრინდელი პროგნოზი. სავალუტო ფონდის უფროსი ეკონომისტის, ოლივიე ბლანშარის განმარტებით, ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები - მათ შორის, ნავთობზე ფასების ვარდნა - გააბათილა ნეგატიურმა ფაქტორებმა: „ბევრ ქვეყანაში კრიზისის გახანგრძლივებულმა მემკვიდრეობამ და ზრდის დაბალმა პოტენციალმა“. განვითარებადი ეკონომიკების პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ეს ეხება უწინარეს ყოვლისა ნავთობის ექსპორტიორებს: რუსეთს, ნიგერიასა და საუდის არაბეთს.

ნავთობის გაიაფების შედეგად, რუსეთს კიდევ უფრო დაუმძიმდა პრობლემები, რომლებიც შეექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო მისთვის დაწესებული სანქციების შედეგად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს რუსეთის ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, ხოლო 2016 წელს - კიდევ 1%-ით.

რაც შეეხება მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან ქვეყნებს, ერთადერთია შეერთებული შტატები, რომლის შემთხვევაშიც გაზრდილია ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი: 3,1%-ის ნაცვლად, მას 2015 წელს 3,6%-ით ზრდას უწინასწარმეტყველებენ. ხოლო ევროკავშირის წევრებიდან გაუმჯობესებული საპროგნოზო მაჩვენებელი მხოლოდ ესპანეთმა დაიმსახურა.

ეკონომიკურად მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაში, ჩინეთში, წელს მოსალოდნელია 6,8%-ით განსაზღვრული ზრდა - 0,3%-ით ნაკლები, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ხოლო 2016 წელს, აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ჩინეთის ეკონომიკა 6,3%-ით გაიზრდება. 20 იანვარს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ შარშან, 2014 წელს, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 7,4%-მდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩინეთში შენელებული ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით იმოქმედებს აზიის სხვა ქვეყნებზეო, ვარაუდობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის მოსალოდნელ შენელებასთან კავშირშია გაეროს შრომის ორგანიზაციის პროგნოზი, რომ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოში 201 მილიონი ადამიანი ირიცხებოდა უმუშევრად. ეს მაჩვენებელი 212 მილიონამდე გაიზრდება 2019 წლამდე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზები გამოქვეყნდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. 21 იანვარს შვეიცარიის კურორტ დავოსში სტარტს იღებს მსოფლიოს პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერების ყოველწლიური შეკრება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG