Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბიზნესის კეთება“ - ნაბიჯი უკან


29 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა „ბიზნესის წარმოების“ ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა, ხოლო ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა, მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, შარშან საქართველოს უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა და ამავე რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებდა. ყველაზე მნიშნელოვანი კი ისაა, რომ 16-პუნქტიანი უკუსვლა აღინიშნა გადასახადების ნაწილში. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბანკის მკვლევართა ჯგუფმა წელს შეცვალა ბიზნესის წარმოების რეიტინგის გამოანგარიშების მეთოდოლოგია, რის გამოც შარშანდელი მერვე ადგილი მეთოთხმეტით შეიცვალა. საინტერესოა, რამდენად მარტივია საქართველოში ბიზნესის წარმოება.

მთელი რიგი კრიტერიუმებისა სხვაგვარად ჩამოყალიბდა. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა...
გიორგი კვირიკაშვილი

„ბიზნესის წარმოება 2015 წელი: მეტი, ვიდრე ეფექტიანობა“ - ასე ჰქვია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს ათი პარამეტრის, მათ შორის, საწარმოს რეგისტრაციის, მშენებლობის ნებართვის, კრედიტის მიღების, საგადასახადო სისტემის, საგარეო ვაჭრობისა და კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფის მიხედვით. „ბიზნესის წარმოების“ კვლევის ერთ-ერთი ავტორის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლის რიტა რამალოს თქმით, მეწარმეებისთვის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ნაბიჯების შედეგად შესაძლებელი გახდა აღმოფხვრილიყო ზოგიერთ სფეროში მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით არსებული ჩამორჩენა. მაგალითად, 2010 წელთან შედარებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელსაც საქართველოც ეკუთვნის, ქონების რეგისტრაციისთვის საჭირო საშუალო დრო 14 დღით შემცირდა:

„ყველაზე მეტად ბიზნესის კეთების ანგარიშში ყურადღება ექცევა რეგულაციების, წესების ეფექტურობას, სრულყოფილებას: რამდენად სწრაფად, რამდენად იაფად შეიძლება გარიგების განხორციელება, ბიზნესის წამოწყება, დასრულება, საკუთრების რეგისტრაცია. მაგრამ წელს და მომავალში ჩვენ ვაპირებთ უფრო გავაფართოოთ კვლევა და დავადგინოთ არსებული რეგულაციების ხარისხის საზომი. ანუ ჩვენ არა მარტო დავიწყებთ იმის შემოწმებას, თუ რამდენად სწრაფად ან იაფად კეთდება ბიზნესი, არამედ იმასაც, თუ რამდენად ხარისხიანად კეთდება“.

კვლევის მიხედვით, საქართველომ 2005 წლის შემდეგ რეგიონში ყველაზე მეტი, 36 რეფორმა განახორციელა, რაც რუანდის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა კვლევამ ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი უკანსვლა განსაკუთრებით გადასახადების ნაწილში. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის კომენტარი:

პაატა შეშელიძე
პაატა შეშელიძე

„ამ პოზიციაში გვაქვს მნიშვნელოვანი გაუარესება - 16 პუნქტით. ჩემი აზრით, ყველაზე დრამატული ისაა, რომ საქართველოში ბიზნესს თითქმის ყოველდღიურად უწევს საგადასახადო თემაზე მუშაობა - 362 საათი წელიწადში, მაშინ როცა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში თითქმის შვიდჯერ ნაკლებია. მართალია, თვითონ გადასახადის ტვირთი, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია, მაგრამ რთულია გადახდის პროცედურები, რაც ადმინისტრირების პრობლემა უნდა იყოს და მას სჭირდება ყურადღების მიქცევა“.

საპარალამენტო ოპოზიციის წევრი, დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი კი ამბობს, რომ „ბიზნესის კეთების“ რეიტინგის გაუარესება ხელისუფლების მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია:

„ბიზნესის დაწყებაც კი გაუარესებულია, ისევე როგორც ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა, კრედიტის აღება, გადასახადების გადახდა, საგარეო ვაჭრობის სიმარტივე. ერთადერთი, რაშიც დაწინაურდა საქართველო, ესაა გაკოტრებასთან დაკავშირებული პუნქტი, რომელიც წინა ხელისუფლებამ მოამზადა 2012 წელს და ამოქმედდა 2013 წელს“.

ოპონენტების პასუხად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ რეიტინგი უმეტეს პუნქტებში უმნიშვნელოდ შემცირდა, ნაწილში კი უცვლელი დარჩა:

„მთელი რიგი კრიტერიუმებისა სხვაგვარად ჩამოყალიბდა. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებულ სამწლიან გეგმასთან მიმართებაში, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებით არის გათვალისწინებული, ვაპირებთ მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტის დანერგვას, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ცვლილებებს როგორც „ბიზნესის წარმოების“, ასევე სხვა რეიტინგებში“.

არის ბევრი სხვა პუნქტი, სადაც ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოში ბიზნესგარემოსა და ბიზნესის კეთებაზე უფრო მეტად პოზიტიური გავლენა შეიძლება მოახდინოს, ვიდრე ნეგატიური...
გიორგი აბაშიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მსგავსად, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილიც მიიჩნევს, რომ რეიტინგის უმნიშვნელო კლება გამოიწვია არა გარემოს ცვლილებამ, არამედ გამოანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლამ. საქმე ისაა, რომ რეიტინგის გამოანგარიშებას დაემატა ახალი ინდიკატორი: „მოწინავე ზღვრიდან დაშორების მაჩვენებელი“, ანუ თითოეული ქვეყანა ფასდება იმის მიხედვითაც, თუ რამდენად ახლოსაა მისი პირადი მაჩვენებლები საუკეთესო გლობალურ მაჩვენებლებთან. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო ეფექტიანია ბიზნესგარემო.

„ეს პუნქტია „მანძილი საზღვრამდე“, რომელიც ახალია და, ბუნებრივია, ამან გამოიწვია ცვლილება, მაგრამ მთავარია ის, რომ ნებისმიერ მიზეზს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის რეიტინგის შემცირება, უნდა მოვეკიდოთ მთელი სერიოზულობით“, უთხრა გიორგი აბაშიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რვა პოზიციით გაუმჯობესდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და საქართველომ 130-ე ადგილიდან 122-ე ადგილზე გადაინაცვლა. ასევე გაუმჯობესებული ქვეკომპონენტებია: ბიზნესის დაწყების პროცედურებთან დაკავშირებული დანახარჯები, საკრედიტო ბიუროს მიერ საკრედიტო ინფორმაციის მოცვა და ვალაუვალობასთან დაკავშირებით ამოღების კოეფიციენტი. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გავლენას „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგზე, გიორგი აბაშიშვილი ამბობს:

„ცალკეული ტიპის რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებები შეიძლება არ შეფასდეს როგორც ბიზნესის სიმარტივისკენ გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ, მეორე მხრივ, არის ბევრი სხვა პუნქტი, სადაც ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოში ბიზნესგარემოსა და ბიზნესის კეთებაზე უფრო მეტად პოზიტიური გავლენა შეიძლება მოახდინოს, ვიდრე ნეგატიური“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG