Accessibility links

​საქართველოს მთავრობა აპირებს, მმართველობის რეფორმის ფარგლებში, თბილისში ააშენოს ე.წ. სამთავრობო ქალაქი, რომლის ტერიტორიაზეც განთავსდება პრაქტიკულად ყველა სამინისტრო და შეიქმნება ერთიანი სამთავრობო სივრცე – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის თქმითაც, ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, უკვე გამოიყო შესაბამისი ფართობის ტერიტორია.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა განტვირთავს ქალაქს და გააუმჯობესებს მომსახურებას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გამოყოფილ ტერიტორიაზე უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი, ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობა აპირებს სამინისტროების გადატანასაც:

ორთაჭალის იმ უბანში თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო
გიორგი კვირიკაშვილი

„ეს, ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორე მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება. ორთაჭალის იმ უბანში თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას“.

თუმცა მთავრობის სხდომაზევე დაზუსტდა, რომ ამ ეტაპზე საუბარია არა მშენებლობაზე, არამედ საკითხის შესწავლაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ სამთავრობო სტრუქტურების ქალაქის ცენტრიდან გადატანა და ერთ სივრცეში თავმოყრა, ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა,

თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური სარგებელიც:

„ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა. თბილისი ტურისტული ქალაქი უნდა იყოს და არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც უმჯობესია, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებაში შეუწყობს ხელს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ამოსავალი წერტილი არის ხარჯების ოპტიმიზაცია“.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის ინიციატივა ხორცს შეისხამს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისის მერია განაშენიანების რეგულირების გეგმას განიხილავს, დაამტკიცებს და მშენებლობის ნებართვას გასცემს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეც მიიჩნევს, რომ სამინისტროების უმეტესი ნაწილი განთავსებულია ისტორიულ შენობებში და ქალაქის ისეთ უბნებში, რომლებიც ძალიან საინტერესოა სასტუმროებისა და ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის:

ეს უბრალო მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ძალიან გაუადვილებს ცხოვრებას
ზურაბ ალავიძე

„მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ ამ შენობებიდან და პრივატიზაცია მოვახდინოთ ამ საინტერესო ადგილების. შესაბამისად, გადავიდეთ უფრო კომპაქტურად ისეთ ადგილებზე, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს, იქნება ენერგოეფექტური შენობები. ასევე, თუ მთავრობა ერთ ადგილზე იქნება თავმოყრილი, ეს უბრალო მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ძალიან გაუადვილებს ცხოვრებას“.

ინფორმაციის სიმწირის გამო, მთავრობის ინიციატივის შესახებ დეტალური ანალიზის გაკეთება უჭირთ ეკონომისტებს. ბესო ნამჩავაძის თქმით, თავისდათავად სამინისტროების ქალაქის ცენტრიდან გატანა და ერთ ადგილში თავმოყრა ცუდი არაა, თუმცა ასევე საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება.

„იმისთვის, რომ კარგი იყოს ეს პროექტი ჯამში ბიუჯეტის ხარჯი არ უნდა გაიზარდოს. უფრო სწორად, დღეს არსებული სამინისტროების შენობები უნდა გამოთავისუფლდეს ამ პროექტის შედეგად, ეს შენობები უნდა გაიყიდოს და უფრო მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს ბიუჯეტმა, ვიდრე ახალი შენობების აშენების ხარჯი იქნება. პირველი პირობა ეს არის. მერე პირობა ის არის, რომ ბევრი ხარჯი შეიძლება დაიზოგოს საერთო ადმინისტრაციული სისტემების შექმნით. თუ ერთ შენობაში რამდენიმე სამინისტრო იქნება, შესაძლებელია, რომ მათ ერთი ადმინისტრაციული სამსახური ჰქონდეთ, ერთი დაცვა, ერთი დასუფთავება, ერთი IT-სამსახური და ა.შ. აქედან მნიშვნელოვანი თანხები დაიზოგება“, უთხრა რადიო თავისუფლებას ბესო ნამჩავაძემ, რომლის თქმით, კიდევ ერთი პირობა, რომელიც სამთავრობო ქალაქის მშენებლობის იდეას გააკეთილშობილებს, მთავრობის ოპტიმიზაციაა, ანუ ოპტიმიზაცია როგორც ცალკეულ სამინისტროებში, ასევე მთლიანად მთავრობაში.

ოპოზიციის თქმით, მთავრობა ხალხის ნაცვლად ბიუროკრატიის ფუფუნებაზე ზრუნავს.

ზემოთქმულის გარდა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამოთავისუფლებული შენობების სწორ და გააზრებულ ფუნქციურ დატვირთვას. ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის - მაგალითზე ამბობს:

„ეკონომიკის სამინისტრო აქამდე რასაც აკეთებდა, ალბათ, ახლაც იმას გააკეთებს. პირდაპირ აუქციონზე გააქვს გამოთავისუფლებული შენობები რამე ფუნქციური დატვირთვის ვალდებულებით. სამწუხაროდ, ასეთ გადაწყვეტილებებში საზოგადოება აქამდე არ მონაწილეობდა. ეჭვი მაქვს, რომ არც ახლა იქნება ამ თვალსაზრისით რამე ახალი გაკეთებული ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ერთადერთი მინუსი, რაც ამ ახალი აგლომერაციის გაჩენას შეიძლება მოჰყვეს. რამდენად სწორად არის გათვლილი ფუნქციური დატვირთვები იმ შენობებისა, რომლებიც უნდა გამოთავისუფლდეს და რომლებიც ახალი მიზნით უნდა „შეიფუთოს“ - ეჭვი მაქვს, რომ ასეთი კვლევა ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კვლევა არ უნდა გაკეთდეს“.

მთავრობის ინიციატივას აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრ ირაკლი აბესაძის თქმით, მთავრობა ხალხის ნაცვლად ბიუროკრატიის ფუფუნებაზე ზრუნავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ხარჯები არ არის გათვალისწინებული 2017 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველ პარტიას საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული პროექტის განხორციელების თაობაზე სიტყვა არ უწერია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG