Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწარე სიცილი მიუნხენის კონფერენციაზე


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გასული კვირის მიწურულს გაიმართა, გამორჩეული ყურადღება მიიპყრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოსვლამ. რუს მინისტრს გაოცებული უსმენდნენ 20-მდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები და ექსპერტები: ლავროვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არ ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. დარბაზში არაერთხელ გაისმა სიცილი...

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი 7 თებერვალს გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც, უკვე 50 წელიწადზე მეტია, რამდენიმე დღით თავს უყრის მრავალი ქვეყნის პირველ პირებს, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებსა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტებს. წელს კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენი, არაბთა ლიგის თავმჯდომარე ნაბილ ელ-არაბი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოსდამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ აღმასრულებელი დირექტორი კუმი ნაიდუ.

და მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე შეკრებილ ხალხს არასერიოზულს ნამდვილად ვერ უწოდებდი, ლავროვის გამოსვლისას დარბაზში შიგადაშიგ, უბრალოდ, სიცილი ისმოდა.

„ყირიმში მოხდა ის, რაც გათვალისწინებულია გაეროს წესდებით - თვითგამორკვევა. გაეროს წესდებით, არსებობს რამდენიმე პრინციპი და ხალხთა თვითგამორკვევა, თვითგამორკვევის უფლება საკვანძო ადგილზე დგას (სიცილი დარბაზში). ერთი წამი ... წაიკითხეთ წესდება. ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი - სავალდებულოა მათი პატივისცემა. სავალდებულოა მათი პატივისცემა. და გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია (სიცილი დარბაზში)... იცით, შეიძლება ეს სასაცილო იყოს. მეც მეცინებოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი“ - ეს არის ფრაგმენტი ლავროვთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული შეხვედრიდან, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე მის გამოსვლას მოჰყვა.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი, როგორც ცნობილია, რუსეთს ადანაშაულებენ შარშან მარტში ყირიმის უკანონო ანექსიაში, უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის მიერ „რეფერენდუმად“ წოდებული კენჭისყრის ჩატარების კვალდაკვალ. ანექსიის შემდეგ ცოტა ხანში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოაცხადა, რომ ყირიმში გამართულ კენჭისყრას ძალა არა აქვს.

ამას გარდა, დასავლეთი და კიევი კრემლს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებთან მებრძოლი, რუსეთის მომხრე სეპარატისტების მხარდაჭერაში. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, ამ კონფლიქტმა უკვე 5 350-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ნატოში კანადის დელეგაციამ „ტვიტერით“ გაავრცელა კომენტარი: ლავროვის გამოსვლა იყო სამწუხარო მცდელობა, გაეროს ენით შემოსონ რუსეთის მიერ ყირიმის მითვისებაო.

ლავროვი იქით ადანაშაულებდა დასავლეთს უკრაინაში კრიზისის გამწვავებაში, რუსი მინისტრის სიტყვებით, „ყოველ ფეხის ნაბიჯზე“ გამწვავებაში მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა 2013 წლის ნოემბერში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მოულოდნელ უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ამის შემდეგ პირდაპირ უჭერდნენ მხარს სახელმწიფო გადატრიალებასო, გამოაცხადა ლავროვმა, რითაც კიდევ ერთხელ გაიმეორა მოვლენების მოსკოვისეული ვერსია.

დასავლელ ლიდერებს უკვე ბევრჯერ მოუწიათ ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, კიევიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას მაშინდელ ოპოზიციონერ ლიდერებთან. კერძოდ, მათ შეუთანხმდა უკრაინის მთავრობაში ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე. მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა სწორედ იანუკოვიჩის გაქცევის შედეგად. შემდეგ უკვე უკრაინის პარლამენტში გამართული კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს იანუკოვიჩის გადაყენებას და გზა გაეხსნა კიევში ხელისუფლების სათავეში პროდასავლური მთავრობის ჩადგომას.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტების შეფასებით, მიუნხენის კონფერენციაზე ლავროვთან დისკუსიის მსვლელობაში ყველაზე მწვავე მომენტი მოჰყვა ევროპარლამენტის გერმანელი წევრის, ელმარ ბროკის კომენტარს. კონფერენციის ამ მონაწილემ რუს მინისტრს უთხრა, რომ არასწორად აღწერს უკრაინაში არსებულ ვითარებას. „ეს არ ყოფილა სახელმწიფო გადატრიალებაო“, განაცხადა ელმარ ბროკმა, რითაც დარბაზში მყოფთა ოვაციები დაიმსახურა.

მაგრამ ლავროვმა ის ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა: „ერთია, როცა გინდა მრისხანე მოხსენებებით გამოხვიდე პოლიტიკასა და ევროპის პარლამენტში საკუთარი პოზიციის გასამყარებლად“ და სხვაა საკითხის განხილვაო, განმარტა ლავროვმა.

„შეგვიძლია ეს ყველაფერი განვიხილოთ, თუ მართლაც გსურთ გაიგოთ ჩვენი პოზიცია და ის, რითაც ვხელმძღვანელობდით. პრეზიდენტმა პუტინმა ბევრჯერ ისაუბრა ამაზე. ამიტომ ... (სიცილი დარბაზში) რასაკვირველია, შესაძლებელია ამაზე გაიცინო. ნუ, ვიღაც ამით სიამოვნებას მიიღებს. ამბობენ, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს“ - ასეთი იყო სერგეი ლავროვის რეაქცია დამცინავ შეძახილებზე, რომლებიც ევროპარლამენტარ ელმარ ბროკთან მის სიტყვიერ დაპირისპირებას ახლდა.

რუს მინისტრთან ამ შეხვედრის დასასრულს კი დისკუსიის წამყვანმა, მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა წარმოთქვა ფრაზა, რომელსაც, ალბათ, ბევრი დაეთანხმებოდა კონფერენციის მონაწილეებსა და არამარტო მათ შორის:

„საკითხები, რომლებსაც აქ განვიხილავთ, არა მგონია, ვინმესთვის იყო სასაცილო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG