Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისისიპელი ჯონ ჰერტი


1892 წელს მისისიპის შტატის ქალაქ ტეოსში ამერიკელი ბლუზის გიტარისტი და მომღერალი ჯონ ჰერტი დაიბადა. გიტარაზე დაკვრა ადრეულ ასაკშივე ისწავლა და საკუთარი სიმღერების წერასაც შეუდგა. პროფესიულ კარიერაზე არ უფიქრია. საცეკვაო მოედნებზე თუ გამოჩნდებოდა, თანატოლებისთვის ირჯებოდა. მუსიკა მისთვის მხოლოდ გართობის საშუალება გახლდათ, ლუკმაპურს ფერმაში მუშაობით შოულობდა.

მისისიპელი ჯონ ჰერტი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:24 0:00
გადმოწერა

ერთხელ ახალგაზრდა ინსტრუმენტალისტი იმხანად ცნობილმა მევიოლინემ, ვილი ნარმორმა, საკუთარ ტრიოში მიიწვია და კონცერტებით შტატის რამდენიმე ქალაქი მოატარა. ბენდის ლიდერმა ჯონ ჰერტში დიდი პოტენციალი დაინახა და ხმის ჩამწერი სტუდიის, "Okeh Records"-ის მფლობელს, ტომი როკველს, მისი გამოცემა ურჩია. მისისიპელმა ლეიბლის წარმომადგენლებს საავტორო სიმღერა "Monday Morning Blues" მოასმენინა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და პროდიუსერებმა დამწყები არტისტის ვარსკვლავად ქცევა გადაწყვიტეს. 1928 წელს ხმის ჩაწერის სესიები მემფისსა და ნიუ-იორკში გაიმართა. ჯონ ჰერტმა 20-მდე ბლუზი ჩაწერა, მათ შორის: Frankie and Johnny, Blue Harvest Blues, Candy Man Blues და Stagolee.

ფირფიტები "ჯონ მისისიპი ჰერტის" სახელით გამოიცა, პროდიუსერებმა გვარ-სახელს არტისტის წარმოშობის ადგილი დაუმატეს - იფიქრეს, რომ მუსიკოსის "მისისიპელობა" მსმენელის ინტერესს გაამძაფრებდა, მაგრამ პროექტი წარუმატებელი გამოდგა, რასაც დიდი დეპრესიის პერიოდი დაემთხვა, ლეიბლი გაკოტრდა და ჯონ ჰერტიც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც ფერმერად მუშაობაში გაატარა მთელი ცხოვრება.

ჯონ ჰერტის ხელახალი აღმოჩენა და, შესაბამისად, მისი შემოქმედებისა თუ ნიჭის აღიარება საკმაოდ გვიან მოხდა, როცა არტისტი 70 წლის გახლდათ. ამერიკელმა მსმენელმა მისისიპელი ფოლკლორისტ ტომ ჰოკინსის წყალობით გაიცნო, რომელიც არქივებში ქექვისას შემთხვევით გადაეყარა "Okeh Records"-ის ზემოხსენებულ ჩანაწერებს. მასალით აღფრთოვანებული, მოხუცს სოფლად ესტუმრა და ვაშინგტონში ჩაიყვანა. 1964 წელს კი ჯონ ჰერტი უკვე ნიუ-პორტის ფოლკ-ფესტივალის სცენაზე იდგა და ახალგაზრდა თაობას საკუთარი სიმღერებით ხიბლავდა.

ჯონ ჰერტის დაბრუნება ტრიუმფალური გამოდგა. კრიტიკოსები ალაპარაკდნენ მასზე, როგორც გენიოსზე. ამგვარი წარმატების მიზეზი კი, პირველ რიგში, არტისტის განსხვავებულობა იყო. 60-იან წლებში სოფლის ბლუზისადმი ხელახლა გაღვივებულმა ინტერესმა ბევრი ასაკოვანი არტისტი დააბრუნა სცენაზე, თუმცა ჯონ ჰერტი იმით გამოირჩეოდა, რომ, კოლეგებისგან განსხვავებით, არ სურდა ერთგვარი "რევანში" დაუმსახურებელი მივიწყების გამო, არც ვინმე დაუდანაშაულებია უყურადღებობაში. სცენაზე სოფლიდან ჩამოსული თავმდაბალი, სათნო და კეთილშობილი პაპა იდგა, რომელიც თავისი ტკბილი ხმით მსმენელს მისისიპურ ყოფით ისტორიებს, ლეგენდებს, თავშესაქცევ ამბებსა და ზღაპრებს უზიარებდა. მისი ჟესტიკულაცია, მიმიკა და, რა თქმა უნდა, ვოკალური მეტყველების მანერა იმდენად გულწრფელი იყო, რომ მსმენელის გულებს პირველი შეხვედრისთანავე სამუდამოდ იპყრობდა. სახალხო მთქმელი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ბლუზმენი.

"ჯონ ჰერტის მუსიკა, ისევე როგორც მისი ცხოვრება, მარტივი გახლდათ. მისი თანამედროვე ბევრი ბლუზმენის ხელწერა აგრესიული დრაივით გამოირჩეოდა, მაშინ როცა ჰერტის ხიბლი მის უშუალობასა და გულწრფელ ლირიკულობაში მდგომარეობდა, შესაბამისად, მსმენელი გაცილებით იოლად იღებდა მას" - ასე ახასიათებდა მისისიპელს მისი მეგობარი, ცნობილი ამერიკელი ფოლკ-მომღერალი დეივ ვან რონკი.

ჯონ ჰერტმა ნიუ-პორტის ფესტივალის შემდეგ მხოლოდ 2 წელს იცოცხლა. ამ მოკლე ხანში მან 3 ალბომის გამოცემა მოასწრო და ისეთი სიმღერები დატოვა, როგორებიცაა: "Salty Dog", "Spike Driver Blues", "Frankie", "John Henry" და მრავალი სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG