Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ აბერკრომბი


22 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 72 წლის ასაკში, გარდაიცვალა გასული საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და მნიშვნელოვანი ფიგურა ჯაზურ სცენაზე, გიტარისტი ჯონ აბერკრომბი.

ჯონ აბერკრომბი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:01 0:00
გადმოწერა

თუმცა, არტისტის მხოლოდ ჯაზის ჩარჩოებში მოქცევა არ იქნება მართებული, რადგან მისი იმპროვიზაციული მუსიკა სხვადასხვა ჟანრებითა თუ მიმდინარეობის გავლენით იქმნებოდა. გარდა ამისა, კოლეგებისგან განსაკუთრებული საშემსრულებლო ტექნიკითა და ინდივიდუალური ბგერით გამოირჩეოდა.

ჯონ აბერკრომბი 1944 წლის 16 დეკემბერს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ პორტ-ჩესტერში დაიბადა. გიტარაზე დაკვრა 14 წლის ასაკიდან ჩაკ ბერის მუსიკით აღფრთოვანებულმა დაიწყო. როგორც თვითონ იხსენებდა, მის ფირფიტებს უსმენდა და როკენროლის ლეგენდის ფრაზებს საკუთარ ინსტრუმენტზე იმეორებდა. მოგვიანებით კი, როცა ჯაზგიტარისტის, ბარნი კესელის ჩანაწერები აღმოაჩინა, ჯაზი თავდავიწყებით შეუყვარდა და გადაწყვიტა, რომ საკუთარი მომავალი ამ ჟანრისადმი მიეძღვნა. 18 წლის ახალგაზრდამ ბერკლის ბოსტონის კოლეჯში ჩააბარა, სადაც ჯაზი დამოუკიდებელ ხელოვნების დარგად ისწავლებოდა. მისი პედაგოგი ჯეკ პეტერსენი გახლდათ – გიტარის კურსის ფუძემდებელი.

ბერკლის კოლეჯის დასრულების შემდეგ, ჯონ აბერკრომბი ცნობილი ორღანისტის, ჯონი სმიტის ბენდის წევრი გახდა. 1967-68 წლებში ბევრს გასტროლირებდა, აკადემიურ განათლებასთან ერთად, პროფესიონალებთან თანამშრომლობის გამოცდილებას იძენდა და, ამავე დროს, პრაქტიკაში ხვეწდა საშემსრულებლო ხელწერას. 24 წლის ნიუ-იორკში გაემგზავრა. ჯაზის დედაქალაქში, სადაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო გიტარისტები მოღვაწეობდნენ, ჯონს კონკურენციის არ შეშინებია. მისი კოლეგების უმეტესობას კლასიკური განათლება არ ჰქონდა, მეტწილად, სმენით უკრავდნენ. ახალგაზრდა არტისტს კი თეორიული ცოდნა და ნოტების კითხვის უნარები გააჩნდა, შესაბამისად, ძალიან მალე, მოთხოვნად სესიურ მუსიკოსად იქცა. მას საკუთარ კონცერტებსა თუ სტუდიურ ჩაწერებზე ისეთი სახელოვანი მუსიკოსები უხმობდნენ, როგორებიც იყვნენ: ბარი მაილსი, გატო ბარბიერი, გილ ევანსი, ჩიკო ჰემლიტონი, ბილი კობემი, მაიკლ და რენდი ბრეკერები.

დრამერ ბილი კობემთან თანამშრომლობის შემდეგ, ჯონ აბერკრომბიმ დატოვა ჯგუფი „სპექტრუმი“ და ფიუჟენის ჟანრის სრულიად ახალ საფეხურზე აყვანა დაისახა მიზნად. შექმნა საკუთარი ტრიო „Timeless“, რომელშიც პიანისტი იან ჰამერი და დრამერი ჯეკ დეჯონეტი მიიწვია. გიტარისტის ბგერა გაცილებით რბილი გახდა, იმპროვიზაციები უფრო ინდივიდუალური, რამაც ცნობილი ხმის ჩამწერი ლეიბლის „ECM Records“-ის პროდიუსერების ყურადღება დაიმსახურა. თავისი ბენდის წევრების გარდა, მან ახალი პარტნიორებიც გაიჩინა. მაგალითად, მულტიინსტრუმენტალისტ რალფ ტაუნერთან ერთად, გამოსცა ალბომი „Sargasso Sea“ – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი მის კარიერაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია, გიტარისტის თანამშრომლობა ბასისტ მარკ ჯონსონსა და პიანისტ პიტერ ერსკინთან ერთად. „იმპროვიზაციული აზროვნების, ინდივიდუალიზმისა და საშემსრულებლო დონის გათვალისწინებით, ტრიოს შედარება მხოლოდ ბილ ევანსის ან ოსკარ პიტერსონის ოქროს სამეულთან თუ შეიძლება“ – ასე დაახასიათეს კრიტიკოსებმა ტრიოს შემოქმედება. გიტარისტმა ჯონ სკოფილდმა კი კოლეგა „კლასიკური ჯაზური გიტარის მკვლელად“ მოიხსენია, არტისტად, რომელმაც ინსტრუმენტის აქამდე უცნობი უნარები გამოავლინა.

დიახ, ჯონ აბერკრომბი ნოვატორი გახლდათ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ფიუჟენის გაუკვალავ გზებზე სიარულს. მისი ალბომები ახალგაზრდა მუსიკოსებს ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს და დღესაც აქტუალურია გიტარისტებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG