Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯგუფი “ყველა” ყველასთვის


კადრი ჯგუფ “ყველას” ახალი კლიპიდან
კადრი ჯგუფ “ყველას” ახალი კლიპიდან
ბაბულიკები - არავინ იცის საიდან მოვიდნენ ისინი, თუმცა ფაქტია, სულ ცოტა ხანში ჩვენი სოციალური ცხოვრების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცნენ. ესეც - დამაინტრიგებელი დასაწყისი ჰოლივუდური ბლოკბასტერის სტილში. თუმცა ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ნაკლებად გამოდგება ბლოკბასტერად. მართლა, ბოლო დროს სადაც მივდივარ, ყველა ახსენებს ამ ტერმინს - “ბაბულიკები”. თუ ამ სიტყვას „გუგლში“ ჩაწერთ, საძიებო სისტემა ქულიოს “Gangsta Paradise”-ს ეპიკურ ქავერს ამოგიგდებთ, „გუგლი“ ასევე შემოგთავაზებთ ჟურნალ „თბილისელებიდან“ სტატიას, რომელსაც არანაკლებ ეპიკური სათაური აქვს: “როგორ შექმნეს პროგრესული „ბაბულიკების კამანდა“ კოტე თოლორდავამ, გიორგი ყიფშიძემ, კახა აბუაშვილმა და სანდრო კაკულიამ”. ამ თემაზე ბევრი იწერება, უფრო ხშირად ბლოგებზე, სადაც საუბრობენ იმაზე, თუ სად დადიან ბაბულიკები, როგორ აცვიათ ბაბულიკებს, რას უსმენენ ბაბულიკები და ა.შ. თუმცა რას წარმოადგენს ეს სოციალური ჯგუფი, ზუსტად არსად წერია. მოკლედ, ეს ისეთი რამაა, ყველამ რომ იცის, რაშია საქმე და ბევრ ახსნას არ საჭიროებს, თუმცა როცა გადაწყვეტ გაიგო, თუ რასთან გაქვს რეალურად საქმე, ჩიხში შედიხარ და ერთადერთი, რაც დაგრჩენია, ისაა, რომ მთელი ამ ბლოგპოსტებისგან დაგროვილი მახასიათებლებით წარმოსახვაში ერთი ტიპი ააწყო, რომელსაც თავისუფლად შეგეძლება უწოდო ბაბულიკი.

მართალია, თემას ცოტა გადავუხვიეთ, მაგრამ ეს შესავალი, მგონი, აუცილებელი იყო. საქმე ისაა, რომ ამ ერთი თვის წინ ქუჩაში ზურა ჯავახია შემხვდა. ვკითხე, რას შვრები, ახალს არაფერს აკეთებ-მეთქი? ზურა რამდენიმე მეგობართან ერთად იყო და მითხრა, ახალი პროექტი გვაქვს, ახალი ჯგუფი გვინდა გავაკეთოთ, აი, ისეთი, ბაბულიკებს მაგრად რომ გაუსწორდეთო. დავფიქრდი, რა უნდა გააკეთოს ზურამ ისეთი, ბაბულიკებს რომ მოეწონოთ-მეთქი. ვერაფერი მოვიფიქრე. აბა, შენ იცი-მეთქი, ვუთხარი და დავემშვიდობე. ერთი თვის შემდეგ კი ვხსნი ფეისბუკს და აბსოლუტურად ყველა ერთსა და იმავე სიმღერას აშეარებს და არავინ წერს ჯგუფ „ყველას” ვიდეოზე ცუდ კომენტარს. მოკლედ, სრული პოზიტივია. ავდექი, ჩავრთე სიმღერა, ჩავუჯექი ვიდეოს და მივხვდი, თუ რას გულისხმობდა ზურა თავის ახალ პროექტში, უეჭველი მოეწონებათ ბაბულიკებსო, როცა მითხრა.



ერთ ისტორიას გიამბობთ. არის ასეთი კომპანია ამერიკაში, ნეტფლიქსი ჰქვია. თავიდან ნეტფლიქსი ერთი ჩვეულებრივი სტრიმინგმედია იყო, რომელიც საშუალებას გაძლევდათ გამოგეწერათ და გენახათ სასურველი ფილმები. კომპანია ბაზარზე 1997 წელს შემოვიდა და დროთა განმავლობაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ დღეს 33 მილიონი გამომწერი ჰყავს. ანუ კომპანიამ ზუსტად იცის, თუ როგორი კინო უყვარს 33 მილიონ ადამიანს. ერთ დღეს ნეტფლიქსში გადაწყვიტეს საკუთარი პროდუქციაც შეექმნათ და სერიალზე ემუშავათ. ადგნენ და მთელი 16-წლიანი მონაცემების ბაზის გაანალიზება დაიწყეს. საბოლოოდ, აღმოაჩინეს, რომ ხალხს უყვარს ფილმები პოლიტიკური ინტრიგების შესახებ, მოსწონთ დევიდ ფინჩერი და გიჟდებიან ფილმზე, რომელშიც კევინ სპეისი თამაშობს. ნეტფლიქსშიც ადგნენ და შეიძინეს ბრიტანული სერიალის House of Cards ამერიკული ვერსიის გაკეთების უფლება. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ნეტფლიქსმა გამოუშვა სერიალი, რომელიც ეხებოდა პოლიტიკურ სისტემას, რომლის რეჟისორიც იყო დევიდ ფინჩერი და რომელშიც მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებდა. სერიალს უდავო წარმატება ელოდა და ასეც მოხდა - ხალხს უყვარს House of Cards.

კარგი მაგალითია ამ შემთხვევისთვის. ადამიანები, რომლებიც ჯგუფ „ყველაში” გაერთიანდნენ, ყოველდღე ისევე კითხულობენ ბლოგპოსტებს, რომლებზეც სიუჟეტის დასაწყისში ვსაუბრობდი, და ისევე ისმენენ მითებს ბაბულიკების შესახებ, როგორც მე და თქვენ. შესაბამისად, მათაც ზუსტად იციან, თუ რა მოსწონს ერთ კონკრეტულ ჯგუფს, რომელთა ცხოვრების სტილიც საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ჰოდა, ეს ტიპებიც, რომლებიც მანამდე სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში ერთიანდებოდნენ, ცდილობდნენ შეექმნათ პანკმუსიკა, ბრიტპოპი, ალტერნატივა, - თუ რაც გინდათ დაარქვით, - მაგრამ არა ისეთი მუსიკა, რომელიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა თუ რომელიმე სხვა ქალაქში რამდენიმეათასიანი დარბაზის გავსებას შეძლებს. ადგნენ და დაწერეს სიმღერა, რომელიც აუცილებლად მოეწონებოდა შედარებით ბევრ ადამიანს. ვერ ვიტყვით, რომ იდეამ ვერ გაამართლა, სიმღერა მართლა ბევრს მოსწონს. ინტერნეტში მარტივია დააკვირდე გამოხმაურებებს ამა თუ იმ მუსიკაზე, კინოსა თუ სხვა ტიპის პროდუქციაზე.

პროექტის ერთ-ერთი წევრი, ზურა ჯავახია, საუბრობს ჯგუფი "ყველას" შესახებ:

"ამ პროექტში მონაწილეობს გუგა გეგეჭკორი დერვიშებიდან, რომელიც ადრეც აკეთებდა მსგავს პროექტებს. ასევე არის თორნიკე ქარჩხა, რომელიც არის პორნოპოეზიის ლიდერი, სიბა - ასევე პორნოპოეზიის ბაზისტი და ვართ მე და გიორგი ჭილაია "არა"-დან. მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საინტერესო რაღაც გვინდოდა გაგვეკეთებინა. შევძლებდით თუ არა, რომ რაღაცნაირი შარჟი გაგვეკეთებინა იმისა თუ რა არის დღეს მეინსტრიმი და პოპულარული და მიაღწევდა თუ არა ეს სიმღერა მასებამდე. ძალიან გამიხარდება თუ ამ ყველაფერს სერიოზულად აღიქვამენ იმიტომ, რომ რაც არ უნდა ითქვას ჩვენ, მართალია სხვადასხვა ჯგუფებში ვმოღვაწეობთ, თუმცა ისეთი დიდი მასა ჩვენი მსმენელი მაინც არ არის, როგორიც შეიძლება ამის მოსმენის შემდეგ იყოს და ეს ძალიან საინტერესოა".

სიმღერა მეც მომეწონა. უფრო სწორად, მომეწონა გზა, თუ როგორ გადმოსცეს ეს ყველაფერი მუსიკოსებმა. ისინი ნიჭიერი ტიპები არიან, მართლა ნიჭიერები, რომლებიც რამდენიმე წელია ცდილობენ რაღაც კარგი გააკეთონ, თუმცა ძირითადად ეს რაღაც კარგი დიდ აუდიტორიამდე მაინც ვერ აღწევს. ჰოდა, ესენიც ადგნენ და მეინსტრიმის გემოვნება გააშარჟეს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არავის დაცინვა არ უცდიათ. ზოგადად, როცა ასეთი პროექტის იდეა უჩნდება ხოლმე ხალხს, ვიდეოს ან მუსიკას არასერიოზულად აკეთებენ ხოლმე, იცინიან და დასცინიან ამ ნახევრად რომანტიკულ, ზომიერად სანტიმენტალურ სიმღერებს, რომლებშიც, უბრალოდ, ხშირად იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “საქართველო”, “თამარი”, “შოთა”, “დედა”, “წვიმა”, “მთვარე” და ა.შ. ამის საპირისპიროდ, ჯგუფ „ყველას” წევრებმა პირდაპირ დააკოპირეს ეს სტილი, თვითონაც გამოიყენეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვა, ვიდეოც ზუსტად ისე გააკეთეს, როგორიც ხალხს მოეწონებოდა, არც ექსკურსიის კადრების ჩასმა დავიწყებიათ კლიპში და, ასე თუ ისე, მიზანს მიაღწიეს. ყოველ შემთხვევაში, სიმღერა ჯერ 3 დღეა, რაც გამოჩნდა ინტერნეტში და უკვე 15 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა იუტუბზე. ეს, მხოლოდ ერთი გვერდის სტატისტიკით, ისე კი უამრავმა ანგარიშმა გადაპოსტა ვიდეო საკუთარ არხზე. მოკლედ, გარანტიას გაძლევთ, ცოტა ხანში ინტერნეტში უამრავი ექსკურსიის ან ბოლო ზარის ვიდეო გამოჩნდება, სადაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ერთი გიტარის აკომპანემენტით იმღერებენ ამ სიმღერას და ეს ძალიან მაგარია.
XS
SM
MD
LG