Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკოს და ისევ უკრაინაშია


ვერა სავჩენკო
ვერა სავჩენკო

28 აპრილს, საღამო ხანს, გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, განცხადება, რომ ნადია სავჩენკოს და, ვერა სავჩენკო, რომელიც წინა საღამოს დააკავეს რუსეთში, უკრაინაში დაბრუნდა. პოროშენკო „ტვიტერზე“ წერს, რომ, როგორც უკრაინის გენერალურმა კონსულმა შეატყობინა, ვერამ „უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ახლა სამშობლოშია“.

უკრაინელი სამხედრო მფრინავის, რუსეთში დაპატიმრებული ნადია სავჩენკოს უმცროსი და, ვერა სავჩენკო, დიპლომატის მანქანაში იჯდა და უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა, როცა 27 აპრილის საღამოს რუსმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს.

„ახლა ის დააკავეს. რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდათ, პასპორტი ჩამოართვეს და შეატყობინეს, რომ შეყვანილია ძებნილთა ფედერალურ სიაში, ბრალდებულის სტატუსით. ეს, მართლაც, ასეა“, - განმარტა ხუთშაბათს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ნადია სავჩენკოს ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა.

ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ ვერა სავჩენკო ისევ სამშობლოშია.

ასეთი შედეგის მიღწევაში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რუსეთში უკრაინის გენერალურ კონსულს, ვიტალი მოსკალენკოს. ის ვერა სავჩენკოს დაკავების შემდეგ ადგილზე ჩავიდა მესაზღვრეებთან მოსალაპარაკებლად და ცხარე კამათის შემდეგ მიაღწია ახალგაზრდა ქალის გაშვებას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა ევროსაბჭოში უკრაინის წარმომადგენელი დმიტრი კულება. მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერა სავჩენკოს პასპორტი დაუბრუნეს და დონის როსტოვში უკრაინის გენერალურ საკონსულოში წაიყვანეს.

როცა ვერა სავჩენკო რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს, მას უთხრეს, რომ ძებნილთა სიაშია შეყვანილი. მათ მიზეზზე არაფერი უთქვამთ, თუმცა, ცნობებში საუბარია იმაზე, რომ რუსეთში ჯერ კიდევ ნოემბერში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ვერას წინააღმდეგ მოსამართლისადმი უპატივცემულობის ბრალდებით. როგორც ხუთშაბათს კიევში განმარტა ადვოკატმა მარკ ფეიგინმა, ბრალდება უკავშირდება ჩეჩნეთში ვერა სავჩენკოს ჩასვლას. ის შარშან დაესწრო ორი უკრაინელის, სეპარატისტების მხარეს ბრძოლაში ბრალდებული ნიკოლაი კარპიუკისა და სტანისლავ კლიხის სასამართლო პროცესს და, როგორც რუსეთში აცხადებენ, შეუარცხმყოფელი კომენტარი გააკეთა მოსამართლეზე.

„აღძრულია საქმე, ვერა სავჩენკოს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალდებები და, როგორც ჩანს, არსებობს გროზნოდან მიმართვა ვერა სავჩენკოს ბრალდებულის სტატუსით დაკითხვის შესახებ“, ამბობს ფეიგინი.

საყურადღებოა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ვერა სავჩენკო დააკავეს რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დაწყებულია ნადია სავჩენკოს ექსტრადიციის პროცედურა. ეს ცნობა დღეს კიევში დაადასტურა ადვოკატმა ფეიგინმა. მისი თქმით, ნადიამ 27 აპრილს მიიღო დოკუმენტები ექსტრადიციისათვის.

ნადია სავჩენკოს რუსეთში გასულ თვეში მიუსაჯეს 22 წლით პატიმრობა, აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო - უკრაინის ეროვნული გმირი, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლო - ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მოიტაცეს და უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG