Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ნავალნი და მისი ასობით მომხრე


მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სოჭი, ნორილსკი, ვლადივოსტოკი, ყაზანი, მახაჩყალა, ტულა - ეს არის არასრული ჩამონათვალი რუსეთის ქალაქებისა, სადაც დღეს ანტიკორუფციული აქციების მონაწილეები დააკავეს. დაკავებულებს შორის არის აქციების ინიციატორიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, თუმცა მან აქციამდეც ვერ მიაღწია: თავისსავე სადარბაზოში იქნა დაკავებული.

12 ივნისს, მოსკოვის დროით ნაშუადღევს, გავრცელდა ცნობა ნავალნის დაკავების შესახებ. მისი მეუღლე, იულია, ტვიტერით იტყობინებოდა, რომ პოლიტიკოსი დააკავეს ანტიკორუფციულ აქციაში მონაწილეობის მისაღებად წასვლამდე და რომ, ნავალნის თქმით, გეგმა არ იცვლება: მისი მომხრეები მოსკოვის ცენტრში, ტვერის ქუჩაზე, იკრიბებიან. მოგვიანებით სწორედ ტვერის ქუჩაზე, სადაც ხელისუფლების ორგანიზებით „რუსეთის დღის“ აღსანიშნავად სახალხო სეირნობა და ღონისძიებები იმართებოდა, ანტიკორუფციული აქციის 650-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

მოსკოვში დააკავეს ალექსეი ნავალნი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:00 0:00
გადმოწერა

მოსკოვში დაკავებულებს შორის არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინიც - მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის, ყოფილი მოკავშირე, თანამოაზრე. იაშინმა რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტს რამდენიმე წინადადება უთხრა, სანამ მას პოლიცია ავტობუსით წაიყვანდა.

„თუ ადამიანი რამენაირად მაინც იაქტიურებდა ან ჟურნალისტებთან კონტაქტში შევიდოდა, ან რაღაც ლოზუნგს წამოიძახებდა, ან პლაკატი მიჰქონდა, ან თუნდაც რუსეთის დროშა - წარმოგიდგენიათ, რამხელა დანაშაულია? კაცი რუსეთის დროშით, „რუსეთის დღეს“, ეროვნული დროშით სეირნობს ქალაქის ცენტრში - ეს ყველაფერი ხდებოდა დაკავების მიზეზი. იქ იყო ომონელების ექვსკაციანი ჯგუფები, რომლებიც ხალხში შევარდებოდნენ ხოლმე, ვიღაცებს ძალიან უხეშად ხელებს გადაუგრეხდნენ და პოლიციის მანქანებში ტენიდნენ“, - უთხრა ჟურნალისტს ოპოზიციონერმა ილია იაშინმა, რომელიც მოსკოვში ანტიკორუფციულ აქციებზე დაკავებულებს შორის არის.

მოსკოვის მერიას ოპოზიციისათვის მიცემული ჰქონდა ტვერის ქუჩაზე სეირნობის ნებართვა იმ პირობით, რომ პლაკატები და ლოზუნგები არ იქნებოდა. 12 ივნისს მოსკოვის მმართველები აცხადებდნენ, რომ აკავებენ „ცალკეულ პროვოკატორებს“..

ალექსეი ნავალნის მომხრეებმა მთელი რუსეთის მასშტაბით გამართეს აქციები და მრავალი ქალაქიდან - მათ შორის, სანქტ-პეტერბურგიდანაც - იუწყებიან, რომ მიმდინარეობს აქციების მონაწილეთა დაკავება. ვლადივოსტოკში, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა, დემონსტრანტმა ალექსეი ბორისენკომ უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ კორესპონდენტს, რომ ძლივს გადაურჩა პოლიციელებს. „ჯერ ერთი, აქ მოვედი იმის გამო, რომ რუსეთში კორუფცია უკვე აღმაშფოთებელ მასშტაბებს იძენს. (...) როცა ჩვენს პრემიერ-მინისტრს ასეთ კორუფციულ საქმეებში გამოიჭერენ და ის გადადგომას არ აპირებს, ეს ძალიან უცნაურია, ჩიხში შეჰყავს ქვეყნის განვითარება“, - ამბობს ვლადივოსტოკელი დემონსტრანტი ალექსეი ნავალნის ინიციატივით გამართულ აქციაში მონაწილეობის შემდეგ.

ალექსეი ნავალნი, რომელმაც სახელი გაითქვა რუსეთში კორუფციის კრიტიკით, ცდილობს ისარგებლოს საპროტესტო მუხტის გაძლიერებით და მოახდინოს მხარდამჭერების მობილიზება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ნათელი არ არის, მისცემს თუ არა კრემლი თავად ნავალნის არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას.

12 ივნისს დაკავების შემდეგ, ნავალნის 30 დღემდე პატიმრობა ემუქრება მიტინგის ჩატარების წესების განმეორებით დარღვევის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG