Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური რეიტინგები NDI-ის კვლევაში


საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, რომლის შედეგებითაც, კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ორჯერ უსწრებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით ბაქრაძეს. 39 18-თან - ასეთია ლიდერთა მონაცემების მაჩვენებელი, რაც, მეორე მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის ალბათობა დიდია.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის ალბათობის თაობაზე შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კითხვარშიც მოხვდა. საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის მოლოდინი, მთლიანობაში, გამოკითხულთა 31 პროცენტს აქვს. ამდენივე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვინაობა პირველივე ტურში გახდება ცნობილი. მაღალი, 26 პროცენტია ჯამური მაჩვენებელი იმ ადამიანებისა, ვინც შეკითხვაზე, ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, პრაქტიკულად კონკრეტული პასუხი არ გასცა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუის ნავარო ფიქრობს, რომ დიდწილად ამომრჩევლის ამ ნაწილის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, პრეზიდენტის გამოსავლენად გახდება თუ არა აუცილებელი მეორე ტურის გამართვა. კვლევის ზოგადი შედეგები კი, მისი თქმით, ასეთია:
“ამ დროისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ორჯერ უსწრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით ბაქრაძეს. დავით ბაქრაძე ორჯერ უსწრებს ყველა სხვა ოპოზიციურ კანდიდატს. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი რჩება ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ქვეყანაში, მისი კოალიცია „ქართული ოცნება“ კი წარმოადგენს ძალას, რომელიც გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე ახლო მდგომი გაერთიანებაა. იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ამბობს, რომ სურს ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა, გაიზარდა და ასეთ პარტიად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელდება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 18-აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდს მოიცავს და 3 838 პირისპირ გამოკითხული მოქალაქის მოსაზრებებს ასახავს, საპრეზიდენტო კანდიდატთა პირველ სამეულში აერთიანებს „ქართული ოცნების“ ლიდერს გიორგი მარგველაშვილს - 39 პროცენტით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს დავით ბაქრაძეს - 18 პროცენტით, და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს - 7 პროცენტით. 3-3 პროცენტით მომდევნო ადგილებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერი გიორგი თარგამაძე იყოფენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარს 2 პროცენტის ფარგლებში განიხილავს. მისი კვლევის ობიექტურობას კი ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე, რომელიც ფიქრობს, რომ NDI-ის რეიტინგები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდაა გაყალბებული:

“ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება, რომ ძალიან სიმპათიური, მაგრამ მაინც იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ამომრჩეველმა 2012 წლის არჩევნებში არ მისცა ხმა, დღეს ასეთ წამყვან პოზიციებს იკავებს საპრეზიდენტო არჩევნებში - დათო ბაქრაძე. მე მისი შედეგები არადამაჯერებლად მეჩვენება. თუ მისი შედეგები მაღალია, მთლიანად გამოკვლევაა არადამაჯერებელი“.

ბევრი რამის რღვევა და გადაფასება ხდება თანამედროვე საქართველოში. და ესეც არის ერთ-ერთი, როდესაც ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტად შემოთავაზებული კანდიდატი, 70-80 და 90 პროცენტის რეიტინგით. სრულიად სხვა ტიპის არჩევნები გვაქვს...
ხათუნა ლაგაზიძე
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგი ანგარიშის შედეგებით კი, მოწონების რეიტინგით, 94 პროცენტით, პირველ ადგილზე კვლავ საქართველოს პატრიარქია. მას 69 პროცენტით მოსდევს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი; მესამე ადგილზე, 60 პროცენტით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია; მეოთხე ადგილზე კი, 56 პროცენტით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მისი პირადი მოწონების რეიტინგი, ივნისის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 11 პუნქტითაა გაუმჯობესებული.

გიორგი მარგველაშვილის პირველობას საპრეზიდენტო კანდიდატთა ლიდერთა სამეულში, სწორედ საზგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, ლოგიკურად მიიჩნევს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.მისი აზრით, ამ კონტექსტში რეალობისგან შორს არიან მეორე და მესამე ადგილის მფლობელნი. თუმცა შედეგი, რომელიც NDI-მ დადო, ხათუნა ლაგაზიძის თანახმად, მისასალმებელია. კერძოდ:

“ბევრი რამის რღვევა და გადაფასება ხდება თანამედროვე საქართველოში. და ესეც არის ერთ-ერთი, როდესაც ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტად შემოთავაზებული კანდიდატი, 70-80 და 90 პროცენტის რეიტინგით. სრულიად სხვა ტიპის არჩევნები გვაქვს. ამას ხაზს არავინ უსვამს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ღირსება ამ არჩევნების, რომ პროცენტული განაწილებით ჩვენ ვუახლოვდებით ევროპული თუ ამერიკული დემოკრატიების ზღვარს“.

იყო მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დღეს, ვთქვათ, ესა თუ ის საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვდა ამომრჩეველს ამა თუ იმ სოფელში, ქალაქში თუ კონკრეტულ უბანში. ამის იქეთ მედიასაშუალება არ მიდიოდა...
გიორგი მგელაძე
თუმცა ევროპული თუ ამერიკული სტანდარტების საპირისპიროს მეტყველებს მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიში, რომელიც ასევე 26 სექტემბერს გამოქვეყნდა და რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატთა ლიდერების დუეტი, გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე დააწყვილა. მედიასაშუალებებმა, ამ ანგარიშის თანახმად, 2-15 სექტემბრის პერიოდში საინფორმაციო პროგრამების არსებითი ნაწილი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებებს დაუთმეს. ამავე კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში ამომრჩეველი არასათანადოდ ინფორმირებულია იმ კანდიდატის გეგმებისა და მიზნების შესახებ, რომელსაც ხმას აძლევს როგორც სოციოლოგიურ გამოკითხვებში, ისე არჩევნებში. კერძოდ, მედიის მონიტორინგის შუალედურმა ანგარიშმა ცხადყო, რომ კანდიდატების პროგრამებისა და ამ პროგრამებს შორის განსხვავების ჩვენებას მედია არ ცდილობს.

“იყო მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დღეს, ვთქვათ, ესა თუ ის საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვდა ამომრჩეველს ამა თუ იმ სოფელში, ქალაქში თუ კონკრეტულ უბანში. ამის იქეთ მედიასაშუალება არ მიდიოდა“, ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მგელაძე.

მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგი, თავის მხრივ, გრძელდება. საზოგადოებრივი აზრის კვლევას არჩევნებამდე პერიოდში კი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აღარ აპირებს. აგვისტო-სექტემბრის ზემოხსენებული კვლევის პოლიტიკური ნაწილის შემადგენელი კი იყო ასევე მინისტრების საქმიანობის შეფასება. ლიდერთა ხუთეული აქ შემდეგნაირად გამოიყურება: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.
XS
SM
MD
LG