Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიკლო, „ოცნებამ“ მოიმატა


ლუის ნავარო, „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი.
ლუის ნავარო, „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ( NDI ) 16 ივლისს გამოაქვეყნა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. მეორე ადგილზე კოალიცია „ქართული ოცნებაა“, მესამეზე კი - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. რა აჩვენა NDI-ის კვლევამ და როგორ აფასებენ მის შედეგებს სპეციალისტები?

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით შესრულებული კვლევა, რომელიც 4 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, 6 ათას 300 დასრულებული ინტერვიუსაგან შედგება. „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს თქმით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 75 პროცენტი მიიღებდა. ამასთან, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის გაიმართება.

„რაც შეეხება შეკითხვას, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, შედეგები ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელმა 11 პროცენტით იკლო, წინა კვლევასთან შედარებით. „არ ვიცი“ კატეგორია არ შეცვლილა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი 8 პროცენტით გაიზარდა, უარი პასუხზე კი 6-მა პროცენტმა თქვა. „არც ერთი პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „სხვა ოპოზიცია“ - იმავე მაჩვენებლებში დარჩნენ.“
მოსალოდნელი იყო! მიტინგების ამ წარმატებულმა კამპანიამ გარკვეულწილად შეცვალა სიტუაცია და შეცვალა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ...
გია ნოდია

კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი 2012 წლის თებერვლის შემდეგ 47-დან 36 პროცენტამდე შემცირდა, მაშინ როცა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი 10-დან 18 პროცენტამდე გაიზარდა. პოლიტილოგ გია ნოდიას თქმით, ამგვარი დინამიკა ლოგიკურია რამდენიმე მიზეზის გამო:

„მოსალოდნელი იყო! მიტინგების ამ წარმატებულმა კამპანიამ გარკვეულწილად შეცვალა სიტუაცია და შეცვალა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. მანამდე თუნდაც უკმაყოფილო ადამიანები სკეპტიკურად უყურებდნენ ივანიშვილს იმიტომ, რომ პასიური იყო. ახლა ამას მასზე ვერ ვიტყვით, მან უფრო მეტად შეძლო ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის თავის გარშემო შემოკრება და, მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, რომ მეტი ვერ შეძლო, 20 პროცენტზე მეტს ველოდი. საინტერესოა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა. როგორც ჩანს, ზიარჭურჭლის ეფექტთან გვაქვს საქმე.“

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, 22-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას, 16 პროცენტი კი უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. ყოველივე ეს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს აფიქრებინებს, რომ გამოკითხულთა 40 პროცენტზე მეტი, უბრალოდ, გაურბის პასუხის გაცემას.

„ეს ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარი არ ენდობა კვლევას. ანუ რაღაცას აკეთებდნენ მკვლევარები ისეთს, რომ იმსახურებდნენ ასეთ უნდობლობას. როგორ შეიძლება ენდო გამოკვლევას, რომელსაც არ ენდობა რესპონდენტი? ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ უმჯობესი იქნება დაანებოს თავი საქართველომ ნავაროს, სირცხვილია!“, უთხრა რამაზ საყვარელიძემ რადიო
თავისუფლებას.

„ენ-დი-აის“ კვლევებს არ ენდობიან ლეიბორისტულ პარტიაში. საქმე ის არის, რომ, მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების“ გარდა, მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებს აქვთ დამოუკიდებელი რეიტინგი (3 პროცენტი), ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის ჯამური რეიტინგი 2-დან 1 პროცენტამდეა შემცირებული. იმის გამო, რომ არ ენდობა, „ენ-დი-აის“ კვლევის შედეგების კომენტირებაზე უარი თქვა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემაც:

ის იდეა, რომ ჩვენ ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა დავუშვათ კითხვართან, ეწინააღმდეგება ჩვენს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის, პრინციპებს. თქვენი შეკითხვა არსებითად იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებმა უნდა გვიკარნახონ კითხვები ...
ლუის ნავარო

„ჩვენ არ ვიცით მეთოდოლოგია ამ კვლევების, ჩვენ არ ვიცით გამჟღავნების ინსტრუმენტი როგორია, რადგანაც არასოდეს ვიგებთ მთლიან სურათს... არ ვიცით, როგორ არის ჩატარებული საველე სამუშაო და ა.შ.“

„ქართული ოცნებისა“ და სხვა ოპონენტების პასუხად „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო ამბობს, რომ კვლევა საერთაშორისო სტანდარტით ტარდება და მისი მეთოდოლოგია თუ სხვა დეტალები შეძლებისდაგვარად გახსნილია დაინტერესებულ პირთათვის, თუმცა, ნავაროს თქმით, არსებობს გამჭვირვალობის ზღვარი, რომლის იქითაც ორგანიზაცია ვერ გადავა:

”ჩვენ გაცილებით მეტად ვასაჯაროებთ გამოკითხვის მეთოდოლოგიას, ვიდრე ამას პოლიტიკურ კვლევებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები აკეთებენ. თუკი რომელიმე მათგანი უფრო მეტად გამოააშკარავებს ან გამჭვირვალეს გახდის თავის მეთოდოლოგიას, მაშინ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რას შეიძლება გადავხედოთ. მაგრამ ის იდეა, რომ ჩვენ ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა დავუშვათ კითხვართან, ეწინააღმდეგება ჩვენს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის, პრინციპებს. თქვენი შეკითხვა არსებითად იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებმა უნდა გვიკარნახონ კითხვები. ჩვენ ამას არასოდეს გავაკეთებთ”.

თუმცა დავუბრუნდეთ კვლევასა და მის სხვა მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, პატრიარქს, 92 პროცენტით, მოწონების ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. შემდეგ მოდის გიგი უგულავა, 60 პროცენტით, მიხეილ სააკაშვილი, რომლის რეიტინგი 70-დან 58 პრცენტამდე დაეცა. ბიძინა ივანიშვილი, 46 პროცენტით, მეშვიდე პოზიციაზეა და მას უსწრებენ გიორგი თარგამაძე, დავით ბაქრაძე და ვანო მერაბიშვილი. რაც შეეხება საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, შეკითხვაზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად მხოლოდ მათგან, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, პასუხები ასე განაწილდა: 25 პროცენტს არ აქვს პასუხი. 22 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს უჭერს მხარს, 20 კი - ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ამასთან, პასუხის გაცემაზე უარი 17-მა პროცენტმა თქვა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG