Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ინტერნეტსივრცე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის


ახალი ვებპორტალის პრეზენტაცია გორში
ახალი ვებპორტალის პრეზენტაცია გორში
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ერთიანი ინტერნეტსივრცე შეიქმნა. ვებპორტალი csogeorgia.org, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა შექმნა, მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლას, კომუნიკაციის გაუმჯობესებას, რესურსების გაზიარებას. ეს ვირტუალური სივრცე საერთაშორისო ორგანიზაციებს, საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმაცია მესამე სექტორის შესახებ.

გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ვებპორტალის პრეზენტაცია გაიმართა. პორტალზე განთავსებულია რუკა და ამ რუკაზე საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების მოძებნა მარტივად შეიძლება. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ლალი შალვაშვილი აცხადებს, რომ პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეხმარება. გარდა ამისა, დონორებისთვის უფრო მარტივი იქნება კონკრეტული პროფილის ორგანიზაციების მოძებნა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კლუბის“ წარმომადგენელი ფიქრია ბრეგვაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძებნად ორგანიზაციას არაერთ ვებგვერდზე შესვლა უწევდა, ახლა კი ერთ სივრცეში ბევრი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გაჩნდა.

ვებპორტალზე ორგანიზაციების აქტივობების შესახებ ინფორმაცია ყოველდღე იდება. აქვე თავსდება გამოცხადებული საგრანტო კონკურსები და დონორების წინადადებები. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი აცხადებს, რომ მესამე სექტორისთვის ეს პორტალი შესაძლოა მთავარ საინფორმაციო გვერდად იქცეს.

პორტალს აქვს ანალიტიკური ნაწილიც, სადაც მესამე სექტორის განვითარების ტენდენციებისა და მიმართულებების შესახებ ქვეყნდება სტატიები. მოყვანილია ასევე ექსპერტების შეფასებები და მოსაზრებები მიმდინარე პროცესების შესახებ. საიტი უზრუნველყოფილია სფეროსთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკით.

პორტალი შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პარტნიორობით.
XS
SM
MD
LG