Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული წარმოშობის ამერიკელი ჯამბაზი: რომ მეშინოდეს, ბაგირზე არ ვივლიდი


ნიკ ვალენდა
ნიკ ვალენდა
როგორც სჩვევია, სახიფათო სვლის დაწყებამდე ჯერ ილოცა. როცა ბაგირზე ფეხი შედგა, აღმოხდა, ღმერთო, რა საოცრებაა, რა მშვენიერებააო... და დაიწყო ნიკ ვალენდას სვლა ნიაგარის ჩანჩქერზე გაბმულ ლითონის ბაგირზე, 60 მეტრის სიმაღლეზე. წინ 550 მეტრია, ყურადღებაა საჭირო, ერთი პატარა შეცდომა და მიზიდულობის ძალა გაგაფუჭებს, ყურებში წყლის მასების გუგუნი ესმის, ჰაერი სველია, ის ერთი ქვეყნიდან მეორეში უნდა გადავიდეს. აშშ და კანადა - ორივე კრძალავს ნიაგარის თავზე ბაგირზე სიარულს, მაგრამ ვალენდასთვის გამონაკლისი დაუშვეს - მთავრობებმა გამოთვალეს და მიხვდნენ, რომ ძალიან ბევრი ფულის გაკეთება შეიძლებოდა, სულ მცირე, სეირის მაყურებლების ხარჯზე, ისინი ხომ გაავსებენ მიმდებარე სასტუმროებს და რესტორნებს. გერმანული წარმოშობის ჯამბაზის სვლა თითქმის ცოცხალ ეთერში გადაიცემოდა. თითქმის იმიტომ, რომ ათი წამის დაგვიანებით ხედავდა მაყურებელი მომხდარს, ვინიცობაა ვალენდა ჩამოვარდნილიყო...

ბაგირზე ამ უკვე მეშვიდე სარეკორდო სვლას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს. 33 წლის მუშაითმა ბაგირზე ველოსიპედით სვლის რეკორდი ადრე დაამყარა, ასევე უდაზღვევოდ, ეგრეთ წოდებული პირამიდით, როცა რამდენიმე ადამიანი ერთმანეთზე შედგება ხოლმე. მასვე ეკუთვნის სიმაღლის რეკორდი. და მუდამ ახსოვს დიდი პაპა კარლი, რომელიც ასევე ბაგირზე დაზღვევის გარშე მოძრაობისას, 73 წლის ასაკში, ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. ნიკმა ზუსტად იქ, სადაც მისი კერპი, დიდი პაპა კარლი ჩამოვარდა, პუერტო რიკოში, სან ხუანში, ორ შენობას შორის გაჭიმა ერთხელ ბაგირი, გაირა და პაპის ხსოვნას ასე სცა პატივი. ახლა ნიკ ვალენდა ბედნიერია, ნიაგარა დაპყრობილია:

„ექვსი წლისა ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად ნიაგარა ვიხილე. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ნიაგარას ბაგირით გადალახავს-მეთქი.“

ნიაგარა პირველი იყო, სადაც ნიკმა უსაფრთხოების, დაზღვევის ქამარი გაიკეთა. სხვაგვარად მას უფლებას, ალბათ, არც მისცემდნენ. შიში არ მაქვსო, ამბობს. იმდენს ვვარჯიშობ, რომ შეუძლებელია შეცდომა დავუშვაო. სტივენ კლერკი, ვიცე-პრეზიდენტი იმ ფირმისა, რომელმაც ნიაგარაზე ბაგირი გადაჭიმა, რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა.

„არა, არ ჩამოვარდება, დამიჯერეთო, ამბობდა ის, ნიკი ის კაცი არ არის, ჩამოვარდესო. სანამ ბაგირს დავამონტაჟებდით, გვკითხა: „ხედავს ვინმე რეალურ საფრთხეს ბაგირის გადაჭიმვაშიო.“ „არაო, ყველამ ერთხმად ვუპასუხეთ, ჩვენ მზად ვართო“. ნიკმა მოგვიგო: „სახიფათოდ რომ მიმაჩნდეს, არც მე წავიდოდი ამაზეო“.

ნიკის წინაპრები გერმანელი ჯამბაზები იყვნენ. ისინი შუა ევროპაში, გერმანიასა თუ ავსტრია-უნგრეთში, ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდნენ და თავიანთ ხელოვნებას თუ გასაოცარ უნარს უჩვენებდნენ ხალხს. ვალენდების ოჯახი 1928 წელს გადასახლდა ამერიკაში. კარლ ვალენდამ მალე გაითქვა სახელი. ოჯახი შტატიდან შტატში გადადიოდა, მათზე კინოფილმიც კი გადაიღეს.

ბაგირით ნიაგარაზე გადასვლა აიკრძალა მას მერე, რაც იქ არაერთი ადამიანი დაიღუპა. ესეც იყო მიზეზი, რომ ნიკი დაზღვეული მოძრაობდა ბაგირზე, რადგან შვიდტონიანი ბაგირი, შეუძლებელი იყო სრულიად სტაბილური ყოფილიყო. სანახაობას ესწრებოდნენ მისი ცოლი და სამივე შვილი, 14, 11 და 9 წლისა. ვალენდამ, როგორც ჭეშმარიტ ჯამბაზს შეშვენის, ხელი თავის ცოლს ბაგირზე დაჩოქილმა სთხოვა, დაჩოქილმა და ყოველგვარი დაზღვევის გარეშე. ასე რომ, ის სავსებით ამართლებს ამ სპარსული წარმოშობის სიტყვის - ჯამბაზის - არსს, ის მართლაც ეთამაშება და რისკავს თავის ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს. მთელი ოჯახი ასეთი იყო და ასეთად დარჩა. ტრადიცია გრძელდება - მისი შვილები თავისუფლად მოძრაობენ ბაგირზე, დაუფლებული არიან წონასწორობის ოსტატობას. ზეწოლა ნიკზე ბავშვობაში არასოდეს არავის მოუხდენია:

„არა, ზეწოლა არ ყოფილა. ორ წლის ვიყავი, როცა ბაგირზე სიარული დავიწყე. დედაჩემი ექვსი თვის ორსული იყო ჩემზე და მაინც ბაგირზე დადიოდა და ამას დღემდე აგრძელებს.“

დედა დღესაც განსაკუთრებულია - არამხოლოდ იმიტომ, რომ ბაგირზე სიარული შეუძლია. ვალენდას, როცა ნიაგარა გადაკვეთა, დედის მიერ საგანგებოდ შეკერილი ტყავის ფეხსაცმელი ეცვა. და პირველი, ვისაც იმ რთული 550 მეტრის გავლის შემდეგ გადაეხვია, ვინც ბაგირის ბოლოს ელოდა, მამა იყო. მამასთან მთელი სვლის განმავლობაში რადიო კავშირი ჰქონდა და ესაუბრებოდა: სულ დავსველდი; არაფერი ჩანს, ისეთი ნისლიაო, ესმოდა მამას ვაჟის სიტყვები. ნიკმა ნიაგარის გადაკვეთამდე თქვა, ერთადერთი, ვისაც შეეძლო ჩემი სვლა შეეჩერებინა, მამააო. ნიკმა ხომ, მიუხედავად იმისა, რომ ჯამბაზობაში ჭიპი ჰქონდა მოჭრილი, ყველაზე მძიმე ტრავმა, ფეხის ცერა თითის მოტეხილობა, ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG