Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს


ნიკოსეული სასახლე
ნიკოსეული სასახლე

დადიანების ეზოში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს მისთვის პირვანდელი იერსახის დასაბრუნებლად. ამ დროისთვის სრულიად გასუფთავდა შენობის გარე ფასადი, იწმინდება სარდაფი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პირველი სართული.

დადიანების მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას განცხადებით, თავდაპირველი მიზანი იყო ენახათ, რა მდგომარეობაშია შენობის საწრეტი მილები, სავენტილაციო ხვრელები. აღმოჩნდა, რომ ისინი მიწითაა სავსე, რამაც შენობის დანესტიანება გამოიწვია. მისი თქმით, სასახლის პირველ სართულზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე თვეს დასრულდება:

ნიკოსეული სასახლე
ნიკოსეული სასახლე

„პირველი სართულის ყველა ნაწილს რომ მორჩებიან, შემდეგ უკვე ავლენ ზემოთა ნაწილში. ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება, იმიტომ რომ ჩვენ მოგვიწევს იქ ნივთების გადაადგილება პერიოდულად და როცა გაკეთდება პირველი ნაწილი, ყველაფერს ჩამოვიტანთ დაბლა და გადავლენ მეორე ნაწილზე“.

მუზეუმის დირექტორის თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაზაფხულიდან განახლდება, თუმცა შიდა სამუშაოებს ზამთრის მანძილზეც განაგრძობენ.

სასახლისთვის პირვანდელი იერსახის მინიჭების მიზნით, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.

საბჭოეთის პერიოდში ძალიან ბევრი რამე იყო გადაკეთებული, ცუდად იყო გადაკეთებულ-გადმოკეთებული, დამალული ბევრი რამ. ამან გამოიწვია დაზიანება, დანესტიანება, დაობება, მერე დეფორმაციები...
მერაბ ბოჭოიძე

რეკონსტრუქციის პროექტის მთავარი არქიტექტორი მერაბ ბოჭოიძე აცხადებს, რომ დაპროექტებისას იხელმძღვანელეს ძველი მასალებით, საარქივო დოკუმენტაციით, ჩატარდა მოკვლევაც, როგორც ისტორიული, ასევე შენობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

„საბჭოეთის პერიოდში ძალიან ბევრი რამე იყო გადაკეთებული, ცუდად იყო გადაკეთებულ-გადმოკეთებული, დამალული ბევრი რამ. ამან გამოიწვია დაზიანება, დანესტიანება, დაობება, მერე დეფორმაციები. ახლა იწმინდება, ასე ვთქვათ, ზედმეტი ხორცმეტები, ასე რომ ვთქვათ“, - აცხადებს მერაბ ბოჭოიძე.

ნიკოსეული სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს „იკორთა“ აწარმოებს, დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა დოლიძემ ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შენობის რეკონსტრუქციის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება მილიონ 300 ათასი ლარით არის განსაზღვრული, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის კი 30 ათას ლარამდე დაიხარჯა.

ნიკოსეული სასახლე
ნიკოსეული სასახლე

„რაც შეეხება ფიზიკურ სამუშაოებს, წელს, ჩვენი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 ათასი ლარი გამოიყო პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის, ასევე 200 ათასი დაემატა შემდეგ ისტორიულ ძეგლთა გადარჩენის და დაცვის ფონდიდან. მომავალ წელსაც იგეგმება ამის გაგრძელება, სანამ არ დასრულდება მთლიანი ბიუჯეტი“, - განაცხადა პაატა დოლიძემ.

ივნისში დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში გაიმართა ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან, ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG