საქართველოში ბოლოხანს ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სულ უფრო იზრდება ნატოსა და ევროკავშირის მომხრეთა რიცხვი. საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ, საქართველო, შეიძლება ითქვას, ალიანსის სტაჟიან ქვეყნებს შორისაც კი ლიდერობს. ამ ფონზე, წესით, აქტუალობა უნდა დაეკარგა ისეთ სააგიტაციო ღონისძიებებს, როგორიც ნატოს კვირეულია, რომელიც მეათე წელია ტარდება საქართველოში და კვლავაც იპყრობს ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღებას. ნატოს დღეებისადმი საზოგადოების შეუნელებელი ინტერესის განმაპირობებელ მიზეზებზე საუბრობს ნინო ბოლქვაძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი.