Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ხეცურიანი მოსახლეობის იმუნიზაციის გამოწვევებზე


ნინო ხეცურიანი მოსახლეობის იმუნიზაციის გამოწვევებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:36 0:00

17 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ხეცურიანი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში იმუნიზაციის დარგში. მან ილაპარაკა ვაქცინაციით მართვად დაავადებებთან ბრძოლაში მსოფლიოს გამოცდილებასა და გამოწვევებზე, აგრეთვე მოსახლეობის იმუნიზაციის ისტორიასა და დღეს არსებულ სურათზე საქართველოში. ნინო ხეცურიანმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წითელის პრობლემაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის არაერთი ქვეყნისთვის დღემდე რჩება გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის შედეგად წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა წითელის გავრცელება და ამ ვირუსით გამოწვეული მსხვერპლი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიზნად აქვს დასახული 2020 წლისთვის მოხდეს წითელის ელიმინაცია - ვირუსის გადაცემის შეწყვეტა ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ 5 რეგიონში. წითელის გავრცელების ქვეყნებს შორისაა საქართველოც და ამ პრობლემას აქ თავისი ისტორია აქვს, რაც უკავშირდება მოსახლეობის არასაკმარისად და არასისტემურად მოცვას ვაქცინაციით. წითელამ ბოლო წლებში არაერთხელ იჩინა კიდეც თავი ეპიდემიის სახით. ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შესაძლებელია ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ნინო ხეცურიანმა ილაპარაკა სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე და განმარტა, რომ ცალკეული ქვეყანა და აშშ-ის შემთხვევაში - ცალკეული შტატი თავად იღებს გადაწყვეტილებას რა არის მისი მთავარი გამოწვევა და ვაქცინაციით მოსახლეობის მოცვის რა ტაქტიკა აირჩიოს. ნინო ხეცურიანი თვლის, რომ საქართველოს მოსახლეობის იმუნიზაციის ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას. მან განმარტა რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაციით მაღალი მოცვის მიღწევა. "დილის საუბრების" სტუმარი შეეხო აგრეთვე ე.წ. "დაგვიანებული აცრების" საკითხს და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია არასდროს არის ზედმეტი - თუ ადამიანმა დადასტურებულად არ იცის - აცრილია, თუ არა ამა თუ იმ დაავადებისგან დასაცავად, სჯობს აიცრას. გარდა საქართველოში დადგენილი 0-დან 14 წლის ჩათვლით მოსახლეობის კალენდარული აცრებისა, ნინო ხეცურიანმა ილაპარაკა გრიპის ვაქცინასა და ზრდასრულთა ვაქცინაციის პრიორიტეტებზეც. მნიშვნელოვანი საკითხია ვაქცინაციის საკითხისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება - მას სჭირდება სრულფასოვანი ინფორმაცია იმისათვის, რომ, უარყოფითი დამოკიდებულების შემთხვევაშიც კი, მან იცოდეს რაზე ამბობს უარს. სტუმარი შენიშნავს, რომ საქართველოში ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად უმჯობესდებოდა იმ პერიოდებში, როცა ხდებოდა დაავადების გავრცელება (მაგალითად, დიფტერიისა და წითელის ეპიდემიის შემთხვევები).

XS
SM
MD
LG