Accessibility links

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სადაც საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერის დადგმის შემდეგ ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერის ათი ჰექტარი მიწის ნაკვეთი საოკუპაციო ზოლში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტი და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უყურადღებოდ არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მორიგ ხელყოფას.

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვის შემდეგ ოკუპაციის ზონაში მოექცა ადგილობრივი ფერმერის, გია ხოდელის, კუთვნილი მიწის ფართობის ნაწილი. რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა ბერშუეთში რაიონის გამგებლის წარმომადგენელს, დავით ცერცვაძეს, რომელმაც დაადასტურა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტი, თუმცა შენიშნა, რომ ოკუპანტებს ჯერ არ გაუვლიათ მავთულხლართები:

„საზღვარი, როგორც ასეთი, გავლებული არ არის. ბანერი იყო საზღვრის აღმნიშვნელი და ის გადაიტანეს სხვა ადგილზე. სოფელი როგორც ცხოვრობდა, ისე იცხოვრებს. უბრალოდ, ერთი კონკრეტული პირის ნათესებშია გადმოტანილი. შარშან გვქონდა მსგავსი სიტუაცია, მაგრამ ყანა ჩვენ ავიღეთ, თუმცა წელს როგორ იქნება, არ ვიცით. მოლაპარაკებები შედგება და იმედია, კარგად დასრულდება“.

მოლაპარაკების კარგად დასრულებაში დავით ცერცვაძე გულისხმობს მოსავლის აღებასა და დაბინავებას. რაც შეეხება ე.წ. სასაზღვრო ზოლის უკან გადაწევას, ამასთან დაკავშირებით თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ საჭიროა ერთობლივი სადემარკაციო კომისიის შექმნა. აი, რა განაცხადა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავით სანაკაოევმა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს:

„ჩვენ ასევე დავაყენეთ საკითხი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემის გადასაჭრელად, რადგანაც ის პირდაპირაა დაკავშირებული ჰუმანიტარულ საკითხებთან, რომლებიც აწუხებს საზღვრის მახლობლად მცხოვრებ როგორც საქართველოს, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს. საზღვრის მახლობლად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ სამომავლოდ არ უნდა დაამუშაონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, სადაც საზღვარი გადის. ჩვენ მივმართავთ საქართველოს მხარეს, რომ ერთობლივად განვახორციელოთ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, რათა ხალხმა იცოდეს, სად გადის საზღვარი და რომ მისი გადაკვეთა არ შეიძლება“.

ეს განცხადება დავით სანაკოევმა მაშინ გააკეთა, როცა სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთ საკითხად განიხილავდა საოკუპაციო ხაზის მორიგი გადმოწევის შემთხვევას, რომლის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში მცხოვრებმა შალვა ჩილინდრიშვილმა 12 ჰექტარი მიწა დაკარგა. თემურ არბოლიშვილი, ორგანიზაცია „სივილ ფორუმის“ თავმჯდომარე, აცხადებს, რომ საზღვრის გადმოწევით საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს მუდმივი დაძაბულობა შექმნას ქართულ და ოსურ მხარეებს შორის.

„რეალურად ის ტერიტორია, რომელიც ე.წ. საზღვრის იქით მოექცა, უკვე შემოსაზღვრული ჰქონდათ, მაგრამ მავთულხლართები გავლებული არ იყო. ახლაც არ გაუვლიათ, ბანერი დაამონტაჟეს და მოსახლეობას, რომელიც ცდილობდა გამოეყენებინა სახნავ-სათესი სავარგულები, - დაახლოებით 10 ჰექტარზეა საუბარი, -აუკრძალეს შესვლა. მე მაინც მგონია, რომ რეალურად ოსური ადმინისტრაცია არაფერს არ წყვეტს. ეს ყველაფერი კეთდება რუსეთის დავალებით. რაც რუსეთს სჭირდება, ეს არის ის, რომ საქართველო ამყოფოს დაძაბულობის ქვეშ“, უთხრა თემურ არბოლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ზონებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. ე.წ. საოკუპაციო ზოლის გადმოწევის გამო პროტესტი გამოთქვა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა:

„2008 წლიდან მოყოლებული, აგებენ სხვადასხვა სახის საფორტიფიკაციო ნაგებობებს, მავთულხლართებს, ბანერებს, რკინის ღობეებს, რაც მოსახლეობას საკუთარ მიწებზე წვდომას უზღუდავს. ეს თემა - სამეურნეო მიწებზე წვდომა -გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. ეს ქმნის არა მარტო უსაფრთხოების გამოწვევებს, არამედ ძალიან მძიმე პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთი მხრივ, ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა სწორედ ის, რომ საოკუპაციო ფორტიფიკაციები, მავთულხლართები დაიშალოს, მაგრამ ვიდრე ეს ტრატეგიული ამოცანა იქნება მიღწეული, ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისათვის, რომ ამ პირობებშიც კი მოსახლეობას ჰქონდეს სამეურნეო მიწებზე წვდომის შესაძლებლობა“.

განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც:

„აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე“.

ქართული მხარე აპირებს აღნიშნული საკითხი განსახილველად დააყენოს 11 ივლისს დანიშნულ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG