Accessibility links

25 წელი შესრულდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან. 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის არსებობის შეწყვეტის თაობაზე, რასაც საფუძვლად დაედო ორიოდე კვირით ადრე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის გადაწყვეტილება, რომელსაც ბრესტის მახლობლად, ბელოვეჟის ტევრში, მოაწერეს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა და ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტანისლავ შუშკევიჩმა. მალევე რუსეთის ფედერაცია ცნობილი იქნა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად. რამ გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლა და როგორ ახსოვთ საბჭოთა კავშირი საქართველოში?

საბჭოთა კავშირის ჰიმნის ტექსტი გვეუბნება, რომ:

„თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური

შეუკრავს მუდმივად დიდ რუსეთის ხალხს.

გაუმარჯოს ხალხთა ნებისყოფით შექმნილს

დიდ საბჭოთა კავშირს, ერთიანს და მძლავრს“.

თუმცა, როგორც დრომ და ისტორიამ აჩვენა, არც საბჭოთა კავშირში შემავალი ერები ყოფილან თავისუფლები და არც მათი კავშირი ყოფილა ერთიანი, მძლავრი და სამუდამოდ შეკრული დიდი რუსი ხალხის მიერ. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი 69-წლიანი არსებობის შემდეგ დაიშალა თხუთმეტ სახელმწიფოდ, ხოლო ჰიმნი, რომლის მუსიკის ავტორი ალექსანდრ ალექსანდროვი, ხოლო ტექსტისა სერგეი მიხალკოვია, უკანასკნელად შესრულდა ზუსტად 25 წლის წინ - 1991 წლის 26 დეკემბერს, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის დღეს.

მოგეხსენებათ, რომ ექსპერიმენტის მართვა შეეძლო მხოლოდ ამ ექსპერიმენტის დამდგმელს - იოსებ სტალინს. ეს სისტემა იყო მისი შექმნილი და მისი მართვაც შეეძლო მხოლოდ მას და ეს დადასტურდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ. ექსპერიმენტის მართვა ვერ შეძლო ვერავინ...
ვახტანგ გურული

საბჭოთა კავშირის - დედამიწის ყველაზე დიდი ქვეყნის - ისტორია დაიწყო შორეულ 1922 წლის 30 დეკემბერს, საბჭოების პირველ საკავშირო ყრილობაზე, როცა რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, ბელორუსიისა და ამიერკავკასიის ფედერაციის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი ქვეყნის შექმნის შესახებ, თუმცა, როგორც ისტორიკოსები შენიშნავენ, ყრილობას წინ უძღოდა რუსეთის წითელი არმიის დაპყრობითი ოპერაციები და მთავრობების შეცვლა რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე წარმოქმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, საბჭოთა კავშირის ე.წ. დამფუძნებელ მამათაგან კი უპირველესნი იყვნენ ვლადიმირ ლენინი და იოსებ სტალინი. ლენინის ავადმყოფობისა და გარდაცვალების შემდეგ მთელი ძალაუფლება სტალინის ხელში აღმოჩნდა.

ისტორიკოს ვახტანგ გურულის თქმით, სწორედ იოსებ სტალინი იყო საბჭოთა სისტემის, მისი შემადგენელი ნაწილების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მთავარი შემოქმედი, საბჭოთა სისტემა კი ჩაფიქრებული იყო როგორც დიდი ექსპერიმენტი, რომელიც, ხანგრძლივი არსებობის მიუხედავად, ვერ გადაიზარდა სტაბილურ სახელმწიფო სისტემაში და სამოცდაათი წლისთავზე დაიშალა კიდეც.

„მოგეხსენებათ, რომ ექსპერიმენტის მართვა შეეძლო მხოლოდ ამ ექსპერიმენტის დამდგმელს - იოსებ სტალინს. ეს სისტემა იყო მისი შექმნილი და მისი მართვაც შეეძლო მხოლოდ მას და ეს დადასტურდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ. ექსპერიმენტის მართვა ვერ შეძლო ვერავინ - ვერც ნიკიტა ხრუშჩოვმა, ვერც ლეონიდ ბრეჟნევმა და არაფერს ვამბობ იური ანდროპოვსა და კონსტანტინ ჩერნენკოზე, რომლებიც საერთოდ გაუგებრობას წარმოადგენდნენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ გურულმა, რომლის თქმით, საბჭოთა სისტემის კრახი ყველა შემთხვევაში გარდაუვალი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა, ასევე, დაპირისპირებამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთა არსებობასაც ემუქრებოდა საბჭოთა კავშირი:

„დასავლურმა სამყარომ კარგად გააცნობიერა, სტალინის დიდი ექსპერიმენტი გადაიზრდებოდა დასრულებულ სახელმწიფო სისტემაში თუ არ გადაიზრდებოდა, მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა დასავლური ცივილიზაციისათვის. სტალინის ნაღვაწიდან ერთი რამ კარგად ჩანს, რომ ის ებრძვის ბურჟუაზიულ სახელმწიფო სისტემას - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემას, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ის, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში, საშიში იყო დასავლური ცივილიზაციისათვის და დასავლურმა - ევროამერიკულმა - სამყარომ დაიწყო გეგმაზომიერი ბრძოლა ამ სისტემის დანგრევისათვის“.

ვახტანგ გურული საბჭოთა კავშირის დაშლის პოლიტიკურ მიზეზთა შორის ასახელებს, ასევე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს - პირველ რიგში, დაპყრობილი ერების ფარულ და ღია ბრძოლას სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირი თავიდან ბოლომდე დაფუძნებული იყო ტყუილსა და ძალადობაზე. რადიო თავისუფლების არქივში შემორჩენილია საბჭოთა დისიდენტის, ლევან ბერძენიშვილის, ხმის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირი იყო დანაშაულზე დაფუძნებული მოსაწყენი ქვეყანა:

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

„საბჭოთა კავშირზე როცა ვფიქრობ, სულ მახსენდება ცხელი, მზიანი დღე ქალაქ თბილისში: ფეხბურთი არ არის, თეატრი არ არის, ფული არ არის, რომ დალიო, იარაღი არ არის, რომ თავი მოიკლა და, საერთოდ, არაფერი არ არის - ესაა საბჭოთა კავშირი! საბჭოთა კავშირში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდებოდა დანაშაული. ამას ხედავდა ყველა. ხელისუფლება ეხვეწებოდა დისიდენტებს, არ თქვათ არაფერი, ისარგებლეთ დუმილის უფლებითო. მთელი ქვეყანა სარგებლობდა დუმილის უფლებით. ხედავდნენ და არ ამბობდნენ. დისიდენტები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ და ამბობდნენ. საბჭოთა კავშირი დაანგრია „სოლიდარობამ“, უპირველეს ყოვლისა, შემდეგ რონალდ რეიგანმა, მარგარეტ ტეტჩერმა, თუმცა რომის პაპის როლი მაინც განუზომელია“.

საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზთა შორის სახელდება, ასევე, საბჭოთა, ანუ გეგმიური, ეკონომიკა, რომელიც გამორიცხავდა კონკურენციას, კერძო ინიციატივასა და მოგების შესაძლებლობას. საბჭოთა ეკონომიკა დაფუძნებული იყო არა კერძო ინიციატივასა და სურვილზე, არამედ რაღაც იდეაზე, რომელსაც განსაზღვრავდა პოლიტიკური ელიტა. ეკონომისტ ამირან ძოწენიძის თქმით, საბჭოთა ეკონომიკა სულდგმულობდა ციმბირის მდიდარი წიაღისეულით და მას არ ჰქონდა ადამიანური ბუნება, ისევე როგორც საბჭოთა იმპერია არ იყო იმპერია, ტრადიციული გაგებით - მეტროპოლია იქით ინახავდა პერიფერიებს, რაც უზარმაზარ თანხად უჯდებოდა.

ამირან ძოწენიძის თქმით, საბჭოთა კავშირი გასული საუკუნის 80-იან წლებში უკვე გაბანკროტებული ქვეყანა იყო, სადაც სურსათისა და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების შოვნაც კი ჭირდა, თუმცა, როგორც რუსეთში „ლევადას ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევიდან ირკვევა, უფროსი ასაკის ადამიანები მისტირიან საბჭოთა წარსულს. ცენტრის დირექტორის მოადგილის, ალეკსეი გრაჟდანკინის, განმარტებით, ხალხს ენატრება იდეალიზებული საბჭოთა წარსული და ამ ნოსტალგიის ხარისხი დამოკიდებულია ასაკზე: საბჭოთა კავშირის დაშლაზე ნაღვლობს 55 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეთა 83 პროცენტი, 40-54 წლის მოქალაქეებში კი ეს მაჩვენებელი 40 პროცენტია. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირს პოზიტიურად იხსენებს ასაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილიც. რადიო თავისუფლება 86 წლის მედიკოს, 67 წლის ნაზისა და 80 წლის ილიას თბილისის ქუჩებში გამოელაპარაკა:

„უკეთესი დრო იყო! 60 წელი ვიმუშავე და 180 ლარი პენსია მეყოფა?“

„იმ დროს არ გვშიოდა, არ გვწყუროდა, არ გვციოდა და ყველაფერი იყო ხელმისაწვდომი. არავის ჰქონდა იმის შიში, რომ ოჯახს პურს ვერ აჭმევდა. დღეს ყველაფრის გეშინია. შიმშილიც არის, წყურვილიც არის... როგორ გითხრათ, შეუმოსავი ხალხი დადის“.

„არ უნდა დაშლილიყო, იმიტომ რომ კარგი ცხოვრება იყო. ასე იყო თუ ისე, ყველაფერი უფასო იყო. წადი, აბა, ახლა სადმე... პოლიკლინიკაში რაღაც ანალიზი უნდა ჩავაბარო, 12 ლარი უნდა გადავიხადო“.

უფროსი ასაკის მოქალაქეების ამგვარ ნოსტალგიას საბჭოთა კავშირისადმი მარტივ ახსნას უძებნიან მეცნიერები. სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, რომანტიზმი დამახასიათებელია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის:

ემზარ ჯგერენაია
ემზარ ჯგერენაია

„ცხადია, მათ აქვთ გარკვეული სევდა საბჭოთა კავშირის მიმართ, რადგან ეს უკავშირდება მათ ახალგაზრდობას, მათ ცხოვრებას და ამას ემატება მითები, რომელიც დაკავშირებულია საბჭოთა კეთილდღეობასთან, რომ ყველა დასაქმებული იყო. არადა, ყველა ქურდობით იყო დაკავებული, დიდი თუ პატარა. კომუნისტურ ეპოქაში პატიოსანი ადამიანი ინტრიგანად ითვლებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა იყო ჩართული დიდ საბჭოთა კორუფციაში. ეს არის ერთ-ერთი მითი, რომ ყველა დასაქმებული იყო და ყველას შეეძლო ხელფასით ცხოვრება“.

ემზარ ჯგერენაიას თქმით, საბჭოთა ეკონომიური კეთილდღეობა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მითი, რომელიც დღესაც ცოცხალია, თუმცა ცოცხალი აღარ არის საბჭოთა კავშირი, რომლის დაშლასაც დღემდე მისტირის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

„უნდა ვაღიაროთ და ამის შესახებ მე ადრეც მითქვამს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა, რუსეთის ხალხისთვის კი ის იქცა ნამდვილ დრამად: ათეულობით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე და თანამემამულე აღმოჩნდა რუსეთის ტერიტორიის მიღმა“.

„რუსულ ტერიტორიას“, რომელზეც ახლა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის საქართველო, მდებარეობენ, რუსეთი დღემდე თვლის თავისი გავლენის სფეროდ და ღიად - ხშირ შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენებითაც კი - ცდილობს ამ ქვეყნების ბედის განსაზღვრას. სიმბოლურია ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 9 წლის თავზე რუსეთის სახელმწიფო ჰიმნად დაამტკიცა ალექსანდროვის საბჭოთა ჰიმნის მუსიკა, ხოლო ახალი ჰიმნის ტექსტი კვლავ სერგეი მიხალკოვს - საბჭოთა ჰიმნის ტექსტის ავტორს -დააწერინა, თუმცა ყველა ხვდება, რომ ეს ჰიმნიც, ისევე როგორც პუტინის რუსეთი, კიტჩია - შეიძლება სასტიკი და სისხლიანი, მაგრამ მაინც საბჭოთა იმპერიის უხეირო მიბაძვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG