Accessibility links

პაკისტანში პროტესტით შეხვდნენ ტრამპის განცხადებებს ექსტრემისტების მფარველობაზე


პაკისტანში გამართული საპროტესტო მსვლელობა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სტრატეგია ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „უშედეგო“ იქნება. ამ განცხადების ფონია საპროტესტო აქციები მთელი პაკისტანის მასშტაბით, აქციებისა, რომელზე დემონსტრანტები აშშ-ის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

28 აგვისტოს ასობით კაცი მონაწილეობდა პაკისტანის სხვადასხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში, რომლის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ აშშ-ის ლიდერების განცხადებებზე, თითქოს პაკისტანი ექსტრემისტული დაჯგუფებების მშვიდ ნავსაყუდელს წარმოადგენდეს.

ვეღარ ვიქნებით ჩუმად, როცა პაკისტანს თავს აფარებენ ტერორისტული ორგანიზაციები – თალიბები და სხვა ჯგუფები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ რეგიონსაც და სხვებსაც. პაკისტანი ბევრს მოიგებს ავღანეთში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერით და ბევრს წააგებს, თუ კვლავაც შეიფარებს კრიმინალურ ელემენტებსა და ტერორისტებს...
დონალდ ტრამპი

დემონსტრანტები აშშ-ის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ ქალაქ პეშავარში, სვატში, ბაჯაურსა და ხაიბერ-პახტუნყვის სხვა უკონტროლო რაიონებში. ანალოგიური საპროტესტო აქცია გაიმართა სევე ბელუჯისტანის პროვინციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო დემონსტრაციები ორგანიზებული იყო ისლამური რელიგიური პარტიების ჯუმათ ე-ისლამისა და ჯამიათ ულემა-ე ისლამის ლიდერების მიერ.

იუწყებიან, რომ 27 აგვისტოს პოლიციას მოუწია ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენება საპორტო ქალაქ კარაჩიში დემონსტრანტების დასაშლელად.

გასულ კვირაში, როდესაც, ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, აშშ-ის ახალი სტრატეგიის შესახებ გამოაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პაკისტანი „ქაოსის მოციქულებისთვის“ თავშესაფრის მიცემაში დაადანაშაულა.

„ვეღარ ვიქნებით ჩუმად, როცა პაკისტანს თავს აფარებენ ტერორისტული ორგანიზაციები – თალიბები და სხვა ჯგუფები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ რეგიონსაც და სხვებსაც. პაკისტანი ბევრს მოიგებს ავღანეთში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერით და ბევრს წააგებს, თუ კვლავაც შეიფარებს კრიმინალურ ელემენტებსა და ტერორისტებს“.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა 21 აგვისტოს ვაშინგტონის მახლობლად, ფორტ მაიერის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას, წარმოადგინა „ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია“, რომლის მიზანია თალიბებთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მოპოვება. გამარჯვება, პრეზიდენტის განცხადებით, ნიშნავს დარტყმებს მტრის პოზიციებზე, რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებას, თალიბების ნეიტრალიზებასა და ამერიკელთა წინააღმდეგ მასშტაბური ტერორისტული თავდასხმების აღკვეთას.

აშშ-ის სტრატეგიაზე პირველი კომენტარი გააკეთა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა. შაჰიდ ჰაყან აბასი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სტრატეგია ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „უშედეგო“ იქნება. ერთადერთი შედეგის მოტანა შექმნილ ვითარებაში მხოლოდ პოლიტიკურ მოწესრიგებას შეუძლია, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შაჰიდ ჰაყან აბასიმ ისაუბრა „ბლუმბერგ ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, ვიდრე ისლამაბადი აგრძელებს ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ მეზობელ ავღანეთში, კონფლიქტის გავრცელება არ არის მოსალოდნელი პაკისტანის ტერიტორიაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG